ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ლატვიის პრეზიდენტს ისტორიული უსამართლობა ვაჩვენეთ, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხდება“

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ლატვიის პრეზიდენტი რაიმონდ ვეიონისი, დღეს ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ ხურვალეთში ჩავიდა და ადგილზე  არსებულ ვითარებას გაეცნო.

მარგველაშვილის განცხადებით, ლატვიის  პრეზიდენტს სოფელ ხურვალეთში  ის ისტორიული უსამართლობა აჩვენეს, რომელიც  ამ სოფელში, საქართველოს  მიწა-წყალზე ხდება.

ორი ქვეყნის პრეზიდენტი აღნიშნული სოფლის მოსახლეობას გაესაუბრნენ და ადგილზე არსებულ პრობლემებს გაეცნენ. ისინი ასევე გაესაუბრნენ მავთუხლართებს მიღმა დარჩენილ მოხუცს, რომელმაც ხელის ტრაქტორი ითხოვა. თავის მხრივ, მარგველაშვილი ამ თხოვნის შესრულებას დაჰპირდა.

„მინდა, რომ ლატვიის პრეზიდენტს, ჩვენს მეგობარს, დიდი მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის პრობლემებით დაინტერესდა. მას ის ისტორიული უსამართლობა ვაჩვენეთ, რომელიც  ამ სოფელში ხდება.

ჩვენ ვაჩვენეთ ის ხელოვნური ბარიერები, რომელიც აღმართული არის ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში. მინდა ვთქვა, რომ ევროპაში ასეთი ხელოვნური კედლები აგებულა, მაგრამ არც ერთი დარჩენილა ბოლომდე და აი ეს უსამართლობა, რაც აქ ტრიალებს, ბუნებრივია, დაიძლევა, დაიძლევა ძლიერი ევროპული საქართველოს და ქართველი ხალხის გამთლიანების ემოციით.

განსაკუთრებით ჩვენთვის ემოციურად მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენი მეგობრები მოდიან, რათა საკუთარი თვალით ნახონ ეს უსამართლობა. მინდა კონკრეტულად მადლობა ვუთხრა ლატვიელ ხალხს, ლატვიის პრეზიდენტს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის და იმისთვის, რომ თვითონ მოვიდა ამ გამყოფი ხაზის სანახავად”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

იტვირთბა....