ფონიჭალაში დედა-შვილის საზარელი მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება
ნინო ცხადაია
დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმის სახით ოთარ მამფორია, მოკლული ქალის ქმარი დაიკითხა. როგორც მან განაცხადა, ბრალდებულ გიორგი ხაბელაშვილს იცნობდა, რადგან ის იმავე სადარბაზოში ცხოვრობდა, სადაც ის. ”ჩემს სადარბაზოში მეექვსე სართულზე ცხოვრობს. მასთან ნაცნობობა მაკავშირებს” – აღნიშნა ოთარ მამფორიამ.
როგორც მან განაცხადა, 2009 წელს პირველი მეუღლე დაეღუპა. მას ეპილეფსია ჰქონდა და უეცრად გარდაცვლილი იპოვა.
წელიწადი და 6 თვე იყო გასული როცა მეორე მეუღლე ნონა რომანაძე მოიყვანა. პირველი მეუღლის ნათესავებთან, კონკრეტულად, მის უფროს ძმასთან უთანხმოება იყო.
”სიტყვიერი შეურაცხყოფა მოხდა ჩემს მიმართ მისი მხრიდან, ასე მალე რომ მოვიყვანე ცოლად ნონა რომანაძე. შემდეგ როცა ნახეს, რომ ჩემს შვილს კარგად ექცეოდა, მაშინ უკვე კარგი ურთიერთობა ჰქონდათ” – განაცხადა მოწმემ.
როგორც გარდაცვლილი ქალის ქმარმა განაცხადა, ბრალდებულ გიორგი ხაბელაშვილის დასთან მის მეუღლეს კარგი ურთიერთობა ჰქონდა. სწორედ მან გააცნო ოჯახს ციხიდან ახალი გამოსული გიორგი ხაბელაშვილი.
”ხაბელაშვილი რაც გამოვიდა ციხიდან, ჩემი ძმა დადიოდა კაზინოში მასთან ერთად, აშიმშილებდა ბავშვებს. ხაბელაშვილის გამოსვლის შემდეგ დაიწყო ჩვენ შორის უთანხოება. ხაბელაშვილთან უფრო ჩემს ძმას ჰქონდა ურთიერთობა ვიდრე მე. ის ციხიდან რომ გამოვიდა, ვუთხარი ჭკვიანად იყავი, არ გინდა ციხე და შექმენი ოჯახი მეთქი.
შემდეგ, ჩემი ძმა და ეგ დაიჭირეს, ხაბელაშვილი არასრულწლოვანი იყო და გამოუშვეს ადრევე. მერე ხაბელაშვილი ყაჩაღობისთვის იჯდა ციხეში, მე ეგრე ვიცოდი, მაგრამ მერე გავიგე, რომ თურმე მკვლელობის მცდელობისთვის იჯდა. გიორგი ხაბელაშვილი ჩემი ყოფილი ცოლის ძმებთან მუშაობდა. ერთად იყვნენ სულ” – განაცხადა მამფორიამ.
მისი თქმით, ის სახლში დიდი ოდენობით თანხას ინახავდა, რის შესახებაც იცოდნენ მისმა ძმამ, რძალმა და ცოლის ძმებმა.
”დაახლოებით, 6,7,8 ათას დოლარზე იყო საუბარი. ფულს ვინახავდი ორსაწოლიანი ტახტის ქვეშ საძინებელში, მატრასს და ფანერს შორის, მის გვერდზე იყო ორი ცალი ქვითარი.
აღიარებით ჩვენებაში ხაბელაშვილს უთქვამს, ქვითრები დავინახე რომ გავწიე ლეიბიო. ფული იყო თეთრ ქაღალდში, პარკში იყო ჩადებული. გამჭირვალე პარკში იდო. იცოდა ალბათ ჩემი ძმისგან, ცოლის ძმებისგან. მათთან ვახსენე რომ მქონდა ფული” – აღნიშნა მოწმემ.
რაც შეეხება ბენზინს, რომელიც გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულმა სახლის დასაწვავად და კვალის წასაშლელად გამოიყენა, მოწმე ოთარ მამფორიამ განაცხადა, რომ სახლში მას მცირე რაოდენობით ბენზინი ჰქონდა. მან გაიხსენა მკვლელობის დღის დეტალებიც. მამფორია ამბობს, რომ გასვენებაში ბრალდებული იყო.
”ამის შემდეგ ვნახე თბილისში. როცა ვერ იძიებდნენ გზის გადაკეტვა გვინდოდა. მოგიშორებენ, დაგაპატიმრებენო, გამოძიებას ნუ ითხოვო, ხაბელაშვილი მეუბნებოდა, პოლიციელებზე ჰქონდა აქცენტი, ძალიან არ მიაწვეო ამბობდა.
ჩემმა ძმამ თქვა, გიორგი ხაბელაშვილს უთქვამს, ზაზა ლურსმანაშვილს (ხაბელაშვილის მეგობარს) თუ მოკვლაზე იქნება საქმე, მე არ წამოვალ, ყაჩაღობაზე წამოვალო. ზაზა ლურსმანაშვილმა გამოთქვა ეჭვი, რომ ეს ლენასი (ხაბელაშვილის მეგობარი გოგო) და ხაბელაშვილის ჩადენილია”-აღნიშნა მამფორიამ დაკითხვისას.
მას სჯერა, რომ დამნაშავე სწორედ ხაბელაშვილია.
”დამნაშავეა ოქროდან გამომდინარე, შარვლიდან გამომდინარე. სისხლიანი შარვალი დარჩა მანქანაში და აჩუქა ჩემს ძმას. ჩემი ძმა და რძალი ადასტურებს რომ ლაქები გარეცხეს მრავალჯერ და არ შორდებოდა სისხლის ლაქები ამ შარვალს.
30 ლარიდან გამომდინარე, რომელზეც მან ჩვენებაზე განაცხადა, რომ ვაზაში იპოვა, ჩემსა სახლში. პარასკევს ბავშვები ანალიზებზე წავიყვანე. ორშაბათს უნდა ყოფილიყო პასუხი და თანხა უნდა ჩაეტანა ჩემს მეუღლეს ექიმისთვის. ხაბელაშვილს უთქვამს გამოძიებისთვის, რომ იქ ვნახე ეს ფული და წამოვიღეო. ამ ადამიანმა ცხოვრება ჯოჯოხეთად მიქცია და უნდა დაისაჯოს” – აღნიშნა მამფორიამ.
შეგახსენებთ, რომ საქმის მასალების თანახმად, 2016 წლის 22 თებერვალს, ბრალდებული 7 000 აშშ დოლარის ფულადი თანხისა და ოქროს ნივთების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მიზნით, მივიდა თავისი ნაცნობის ოჯახში, სადაც მოკვლის განზრახვით, ნონა რ.-ს თავში დაარტყა სკამი, რის შემდეგაც მსხვერპლისთვის ტანჯვის მიყენების მიზნით, დანით სხეულის სხვადასხვა ადგილას მრავლობითი ჭრილობა მიაყენა დედას და მის მცირეწლოვან შვილს, რომლებიც მიღებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ.
ბრალდებული დაეუფლა ოჯახში არსებული ოქროს ნივთების ნაწილს, ღირებულს 5000 ლარად, ხოლო ოქროს ნივთების სხვა ნაწილს და ფულად თანხას ვერ მიაგნო. კვალის დაფარვის მიზნით, ნავთობპროდუქტების გამოყენებით, ცეცხლი წაუკიდა საცხოვრებელ ბინას, თავად კი მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.