ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

დასაბეგრი საქონლის ზედა ზღვარი: 300-ის ნაცვლად 1000 ლარი – საკანონმდებლო ინიციატივა

”ნაცმოძრაობის” საპარლამენტო ფრაქციამ პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარადგინა.
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ეხება მცირე და საშუალო ბიზნესის დაბეგვრის რეჟიმს და ბიზნესის დეკრიმინალიზაციას.

საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით არის 7 პუნქტი:

1 – მოხდება 500 000 ლარამდე (დღეს არსებული 50 000 ლარის ნაცვლად) გადასახადებისგან თავის არიდების დეკრიმინალიზაცია. ასეთ შემთხვევებში დავა მხოლოდ ადმინისტრაციული წესით წარიმართება.
2 – ფიზიკური პირისათვის მიკრობიზნესის სტატუსის მინიჭებისათვის დადგენილი წლიური ბრუნვის მოცულობის ზედა ზღვარი აიწევა 30 000 ლარიდან 90 000 ლარამდე, რაც საშუალებას მისცემს დამატებით ათი ათასობით ადამიანს, ისარგებლოს ამ შეღავათიანი საგადასახადო სტატუსით;
90 000 ლარამდე ინდმეწარმის ბიზნესი მიკრობიზნესად ჩაითვლება და შესაბამისად, არ დაიბეგრება.
3 – ფიზიკური პირისათვის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებისათვის დადგენილი წლიური ბრუნვის მოცულობის ზედა ზღვარი აიწევა 100 000 ლარიდან 200 000 ლარამდე. შედეგად, მცირე ბიზნესით დაკავებული ათასობით ფიზიკური პირისთვის საგადასახადო-ადმინისტრირების ტვირთი შემცირდება. 200 000 ლარის ბრუნვამდე ბიზნესი მცირე ბიზნესად ჩაითვლება და, შესაბამისად, შეღავათიანად დაიბეგრება.
4 – 100 000 ლარიდან 200 000 ლარამდე გაიზრდება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების წლიური ჯამური თანხის ზედა ზღვარი. ეს დღგ-სგან გაათავისუფლებს ათიათასობით იურიდიულ და ფიზიკურ პირს (მცირე ბიზნესს და ინდმეწარმეებს). ეს შეღავათი გავრცელდება იმ ადამიანებზეც, რომლებიც აქირავებენ კომერციულ და საბინაო ფართებს. დღგ-ს მხოლოდ 200 000 ლარზე მეტი წლიური ბრუნვის მქონე სუბიექტები გადაიხდიან.
5 – საფოსტო გზავნილების მეშვეობით დაუბეგრავად საქონლის შემოტანის ზედა ზღვარი, 300 ლარის ნაცვლად, გახდება 1000 ლარი. ეს ასი ათასობით მოქალაქეს შესაძლებლობას მისცემს დაუბეგრავად შეიძინოს მისთვის სასურველი საქონელი საზღვარგარეთ, მათ შორის ინტერნეტის მეშვეობით.
6 – გაუქმდება უძრავი ქონების გასხვისებისას ფიზიკური პირების გადასახადისგან განთავისუფლებისთვის ამ ქონების ფლობის ორწლიანი პერიოდი.
7 – გაუქმდება ავტოსატრანსპორტო საშუალების გასხვისებისას ფიზიკური პირების გადასახადისგან განთავისუფლებისთვის ამ ქონების ფლობის ექვსთვიანი პერიოდი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
როგორც ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განმარტა, კანონპროექტები გამომდინარეობენ ”ნაციონალური მოძრაობის” 2016 წლის საარჩევნო პროგრამის ძირითადი იდეებიდან და მიზნად ისახავენ საარჩევნო დაპირებების ხორცშესხმას.
საკანონმდებლო ცვლილებების პირველი პაკეტი ეხება მცირე და საშუალო ბიზნესის დაბეგვრის რეჟიმის გამარტივებას და ბიზნესის დეკრიმინალიზაციას. შემდგომი, მეორე ეტაპის საკანონმდებლო ინიციატივები მიმართული იქნება საარჩევნო პროგრამის იმ დაპირებების შესასრულებლად, რომელიც ითვალისწინებს ზედმეტ რეგულაციებზე უარის თქმას, ბიზნესისა და ინვესტიციების დაცულობას.

იტვირთბა....