სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები ხვალ, საპროტესტო აქციას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან, ხოლო ოთხშაბათს მთავარ პროკურატურასთან გამართავენ.
ადვოკატთა ასოაციაციის თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, ხვალ აქციის მონაწილეები მოითხოვენ ამერიკის ელჩთან შეხვედრას, რათა არსებული სიტუაცია გააცნონ.
”ხვალ 11:00 საათზე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ვგეგმავთ აქციას. ჩვენ მეგობარი სახელმწიფოს ელჩთან მოვითხოვთ შეხვედრას, რათა ვუთხრათ, რომ ხელისუფლებამ ძალით გადაწვა ბავშვთა სამყარო და ეს ადამიანები შიმშილისთვის გაწირა. ბატონ ელჩს ვთხოვთ დახმარებას. რაც შეეხება ოთხშაბათს, აქცია სავარაუდოდ პროკურატურასთან გაიმართება და მთავარ პროოკურორს, შუშის სასახლის სამარცხვინო წარმომადგენელს მოვუწოდებთ, რომ ეს ადამიანები დაზარალებულის სტატუსით დაიკითხონ”, – განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს, პარლამენტის შენობასთან „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეების საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები მთავრობისგან ერთჯერადად 5 000 ლარის ოდენობის კომპენსაციას და დაზარალებულის სტატუსს მოითხოვდნენ.