ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში გუნდის შეხვედრის ეთერში გაშვებას ეხმაურება. შეხვედრაზე განსახილველი საკითხი იყო ბოლო პერიოდში სამაუწყებლო კომპანიის მფლობელების მიერ შემოთავაზებული წინადადებების განხილვა და პასუხი. აღნიშნული შეხვედრა ტელეკომპანიის ეთერში გავიდა.
ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ აღნიშნული კადრების ეთერში გაშვება არასწორი გადაწყვეტილება იყო და მისი თქმით, მას სხვა “რუსთავი 2”-ის თანამშრომლებიც ეთანხმებიან.
“ვაი, რა ცუდი საყურებელია რაც რუსთავი 2-ზე გადის.
ლეილას, რომელსაც სოციალური დამხმარება შეუწყვიტეს, თამუნას, რომელსაც წამლების ფული არ აქვს, მამამ, რომელმაც ყაჩაღების მოკლული შვილი დაკრძალა, დოდოს, რომელსაც მავთულხლართი გაუვლეს, რუსთავი 2-ის ეთერში უნდა საკუთარი პრობლემების მოსმენა და არა შიდა ინტრიგების. თუ მეტყვით, რომ ისიც არის არხზე, გკითხავთ, გარჩევა, ვის რამდენი პროცენტი შეხვდება, მერე ეს პროცენტი რამდენს დაწერს, ვინ როგორ იხეირებს ეთერში უნდა გადიოდეს?
როცა საცვლებს გარეთ ცოლ-ქმარი ფენს არის საშინელი სანახავი და მე ახლა, რუსთავი 2-ის ეთერში ვუყურებ გამოფენილ საცვლებს. თან დასვრილს.
ეს არ არის სიმართლე რასაც მაყურებელი ხედავს. იმიტომ რომ არიან ადამიანები ( ძალიან ბევრნი და მაყურებელი მათ უფრო კარგად იცნობს) რომლებიც არ ეთანხმებიან იმას, რაც ახლა რუსთავი 2-ის ეთერში გადის.
და ამ მასალის ეთერით გაშვება დარწმუნებული ვარ არ მოსწონს ბევრ რუსთავი 2-ელს.
ჩასაფრებულები იტყვიან, რომ ციხე შიგნიდან გატყა. წილებს საჯაროდ იყოფენო. სხვა კი არაფერი უნდოდა იმ ბრძენ კაცს. (მართლა ბრძენია მგონი.)
მეც მოვხვედრილვარ მო-თუ მეწილეთა სიაში. არ მინდა არანაირი წილი, არცერთი მხარის. მინდა ვიყო წამყანი, დაქირავებული თანამშრომელი, რომელიც 12 წლის სტაჟის მიუხედავად, მფლობელს არ ვეუბნები მომცეს ის, რაც მას ეკუთვნის. (უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვას) ხვალ, სხვა კომპანიაში რომ დავიწყო მუშაობა, კომპანიის მფლობელს არ მინდა გაუჩნდეს შიში რომ როდესმე მის საკუთრებას ავახევ.
მოკლედ, არანაირი წილი არ მინდა. არავისი. “წილები გადმომიფორმეს” და მაგიდაზე ხელების ბრახუნის დრო ხომ წარსულს ჩაბარდა.
და არც საკუთარ საცვალს მინდა ვხედავდე ეთერში”- წერს ჟორჟოლიანი.
შეგახსენებთ, დღეს ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ორშაბათს შპს დაფუძნდება, რომლის 51%-ის მფლობელი “რუსთავი 2”-ის გუნდი იქნება.
ძმებმა ყარამანიშვილებმა კოლექტივს ამ თემაზე საჯარო დისკუსია და კონსულტაციები შესთავაზა.
ცოტა ხნის წინ “რუსთავი2”-ის კოლექტივის შეხვედრა დასრულდა. განსახილველი საკითხი იყო ბოლო პერიოდში სამაუწყებლო კომპანიის მფლობელების მიერ შემოთავაზებული წინადადებების განხილვა და პასუხი. აღნიშნული შეხვედრა ტელეკომპანიის ეთერში გავიდა.
თანამშრომლების გადაწყვეტილებით, წილების გადაცემის პროცესში უშუალოდ ყველა თანამშრომელი ვერ იქნება ჩართული და უნდა შეიქმნას შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება სახელწოდებით – “რუსთავი2” ჩემია.
დღესვე კოლექტივმა სამაუწყებლო კომპანიის ყველა დეპარტამენტიდან კენჭისყრით აირჩია წარმომადგენელი, მათ შორის ყველაზე დიდია ჟურნალისტების ჯგუფი.
ცნობისთვის, გუშინ ტელეკომპანიის მფლობელების განცხადება გავრცელდა, სადაც ნათქვამია, რომ ძმები ყარამანიშვილები მზად არიან ტელეკომპანია საქართველოს წილის 51 პროცენტი კოლექტივს გადასცენ. რაც იმას ნიშნავს, რომ ტელევიზიის მართვა თანამშრომლების ხელში გადავა.