ახალი ამბები მედია მთავარი

“რუსთავი 2”-ის თანამშრომლების გადაწყვეტილება: შეიქმნება შპს “რუსთავი 2” ჩემია

ცოტა ხნის წინ “რუსთავი2”-ის კოლექტივის შეხვედრა დასრულდა. განსახილველი საკითხი იყო ბოლო პერიოდში სამაუწყებლო კომპანიის მფლობელების მიერ შემოთავაზებული წინადადებების განხილვა და პასუხი.

თანამშრომლების გადაწყვეტილებით, წილების გადაცემის პროცესში უშუალოდ ყველა თანამშრომელი ვერ იქნება ჩართული და უნდა შეიქმნას შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება სახელწოდებით – “რუსთავი2” ჩემია.

დღესვე კოლექტივმა სამაუწყებლო კომპანიის ყველა დეპარტამენტიდან კენჭისყრით აირჩია წარმომადგენელი, მათ შორის ყველაზე დიდია ჟურნალისტების ჯგუფი.

შეგახსენებთ, დღეს ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ორშაბათს შპს დაფუძნდება, რომლის 51%-ის მფლობელი “რუსთავი 2”-ის გუნდი იქნება.
ძმები ყარამანიშვილებმა კოლექტივს ამ თემაზე საჯარო დისკუსია და კონსულტაციები შესთავაზა.

„პირველ რიგში ყარამანიშვილების შემოთავაზე არის ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი და რევოლუციური. ეს არის პრაქტიკულად არხის თანამშრომლებისთვის საკონტროლო პაკეტის გადაცემა, რაც უნდა გვესმოდეს, რომ 51% რუსთავი2-ში არის შპს საქართველოს ხელში და შპს საქართველოს 51% საკონტროლო პაკეტი იქნება უკვე რუსთავი2-ის საკონტროლო პაკეტის. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის კოლექტივის ხელში გადაცემა იმ უფლების, რომ ის იყოს ძირითადი აქტორი არხის ბედის წარმართვაში,“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, გუშინ ტელეკომპანიის მფლობელების განცხადება გავრცელდა, სადაც ნათქვამია, რომ ძმები ყარამანიშვილები მზად არიან ტელეკომპანია საქართველოს წილის 51 პროცენტი კოლექტივს გადასცენ. რაც იმას ნიშნავს, რომ ტელევიზიის მართვა თანამშრომლების ხელში გადავა.

იტვირთბა....