აქტუალური თემა ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი საზოგადოება

პატრულ-ინსპექტორები თბილისში: აპრილიდან – სიგარეტის გადაგდების გამო ჯარიმა 80 ლარი

 

პატრულ-ინსპექტორები დედაქალაქის ქუჩებში სასწორებით ივლიან, ფაქტები სამხრე კამერებით დაფიქსირდება… ნაგავი აიწონება, შედგება ოქმი და გამოიწერება ჯარიმა

აპრილიდან დედაქალაქში ნაგვის დამყრელთა რიგებში შეშფოთება დაიწყება: თბილისის მერიის ინიციატივით, თბილისის ქუჩებში პატრულ-ინსპექტორები ივლიან, რომლებიც პირებს, ვინც სანაგვე ურნას და ქუჩას ერთმანეთისგან ვერ არჩევს, დააჯარიმებენ. „მეტრონომს“„თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის მოადგილე, ლევან გოგოძე თემის შესახებ დეტალურად ესაუბრა.

„მეტრონომი“: როდიდან გამოჩნდებიან პატრულ-ინსპექტორები თბილისში და რა იქნება მათი ფუნქცია?

ლევან გოგოძე: 3 აპრილიდან გამოჩნდებიან ქუჩებში, მუშა პროცესში. ორი კვირის განმავლობაში, რადგან ახალი სამსახურია, ინსპექტორები მოქალაქეებს მხოლოდ   გააცნობენ საკუთარ მუშაობის ფორმატს და მითითებებს მისცემენ, რომ არ/აღარ დაანაგვიანონ. ორი კვირის შემდეგ, ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, სამართალდამრღვევი პირი დაჯარიმდება.

– რა სახის იქნება ჯარიმა?

– ეს გაწერილია ნარჩენების მართვის კოდექსში და საყოფაცხოვრებო ნარჩენებზე შემდეგი სახის სანქციები გატარდება:

2 კგ-მდე საყოფაცხოვრებო  და სხვა (მუნიციპალური) ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება, პირის დაჯარიმებას 80 ლარით გამოიწვევს;

იგივე ქმედება, ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან, დაჯარიმდება 100 ლარის ოდენობით;

2 კგ-მდე მეტი მსგავსი ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით გამოიწვევს;

იგივე ქმედება შენობა-ნაგებობიდან – 500 ლარის ოდენობით ჯარიმდება;

ფეკალიებთან დაკავშირებით (შინაური ცხოველების პატრონების საყურადღებოდ. რედ), საჯარიმო სანქცია იქნება 50 ლარი;

ასევე, ნარჩენების მართვის კოდექსში გაწერილია სხვადასხვა მუხლები, მათ შორის ეს სამშენებლო ნარჩენებსაც ეხება:

სამშენებლო ნარჩენების დაყრისთვის ფიზიკური პირი  500 ლარის ოდენობით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი -1500 ლარით;

თუ ნარჩენების დაყრის შესაბამისი ნებართვა არ არსებობს, საჯარიმო სანქცია ითვალისწინებს როგორც სახელმწიფო ტერიტორიაზე ოქმის შედგენას, ასევე – კერძო ტერიტორიაზე.

– უფრო რომ დავაკონკრეტოთ: სიგარეტის გადაგდება ქუჩაში ჯარიმდება?

– 2კგ-მდე ნარჩენი ითვალისწინებს სიგარეტის, ქაღალდის, ცელოფნის და სხვა, ნებისმიერი საყოფაცხოვრებო ნივთის გადაგდებას. თუნდაც ის ერთგრამიანი იყოს. მაგალითად, ადამიანმა სახლიდან გამოიტანა ნაგავი ცელოფნით, რომელიც არის ერთ კილოგრამამდე და ურნაში არ ჩააგდო – ამაზე სანქცია 80 ლარია და ასევე, სიგარეტის გადაგდებაზეც – 80 ლარი, რადგან ჯარიმა 2 კგ-მდე ნაგავზე სწორედ 80 ლარია.

– როგორ დაადგენენ ინსპექტორები ნაგვის წონას?

– ინსპექტორები იქნებიან შეიარაღებული ყველა საჭირო ატრიბუტით, მათ შორის – ელექტრო სასწორით.

– დაჯარიმების პროცესი აღგვიწერეთ – როგორ ამტკიცებენ ინსპექტორები, რომ ნაგავი კონკრეტულმა მოქალაქემ გადააგდო?

– ეს არის მკაცრი აღრიცხვის ოქმები, რომელიც ბაზაში ხვდება. ნარჩენების მართვის კოდექსით სარგებლობს როგორც „თბილსერვის ჯგუფი“, ასევე გარემოს დაცვის სამინისტრო და საპატრულო პოლიცია. შესაბამისად, ჩვეულებრივად შედგება საჯარიმო ოქმი და გადახდილი თანხა წავა სახელმწიფო ბიუჯეტში.

ჩვენი ინსპექცია აღჭურვილი იქნება სამხრე კამერებით, როგორც საპატრულო პოლიციას აქვს, უნიფორმით – სადაც იქნება ჩვენი ლოგო, „თბილისის მერია, თბილსერვის ჯგუფი“, ასევე იქნებიან აღჭურვილი პლანშეტებით და ფოტოაპარატებით. ამ ყველაფრით კი ფაქტს დააფიქსირებენ. თუ ფაქტი ვერ დაფიქსირდა, საჯარიმო სანქცია ვერ შედგება.

– კორპუსიდან გადმოგდებული ნაგვის მეპატრონეს როგორ დააფიქსირებენ?

– სხვადასხვა პროცედურებია. იმ შემთხვევაში თუ ვერ ფიქსირდება გადმოგდება, მაგრამ ინსპექტორმა დაინახა, არსებობს ამხანაგობა და სამეზობლო, სადაც მოკვლევა დაიწყება და დადგენის შემთხვევაში ჯარიმა გამოიწერება.

– ანუ, ფაქტობრივი მტკიცებულების გარდა, შესაძლოა მოწმეთა მტკიცებულებაც გამოიყენოთ?

– მტკიცებულება შეიძლება ფაქტობრივი არ იყოს, მაგრამ თუ მეზობლები, ამხანაგობის თავმჯდომარე, სამსახურს მოწმედ დაუდგებიან, საჯარიმო ოქმი დაიწერება.

– რამდენი ინსპექტორი ივლის თბილისში?

– დასაწყისში 20 ინსპექტორი ფეხით ივლის დედაქალაქის მასშტაბით, რადგან ახლადჩამოყალიბებული სამსახურია. დავიწყებთ ცენტრალური, ტურისტული უბნებით, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა უბნებს არ მიექცევა ყურადღება, რადგან „თბილსერვის ჯგუფში“ არსებობს ზედამხედველობის სამსახური, რომელიც ეკიპაჟებად, ავტომობილებით მოძრაობენ და ისინი აღრიცხავენ ყველა კანონდარღვევას.

– დაუმორჩილებლობის შემთხვევაში რა სანქციებია გათვალისწინებული?

– თუ დაუმორჩილებლობა მოხდება, ან რაიმე სხვა სახის გართულება მოჰყვება დაჯარიმებას, ირთვება სამხრე კამერა, მოქალაქე ფრთხილდება, რომ იწერება მისი საუბარი და საჭიროების შემთხვევაში პატრულის გამოძახება ხდება. მოქალაქეს პირველ რიგში საჯარიმო ოქმის გასაჩივრების უფლება აქვს. თუ მოქალაქე ჯარიმის გადასახდელად არ მივა, ეს გადაიგზავნება სააღსრულებო სამსახურში და იძულების წესით მოხდება ჯარიმის ამოღება.

– შესაბამისად, მოქალაქეებს ვურჩიოთ, რომ ნაგავი ქუჩაში არ დაყარონ და ნაგვის ურნებს შესაბამისი დანიშნულება მიანიჭონ.

– აუცილებლად. ჩვენ ამის კომფორტი შექმნილი გვაქვს. ასევე, მოქალაქეებს მოვუწოდებთ, თუ ფიქრობენ, რომ სადმე ნაგვის ურნა დასამატებელია, ან შესაცვლელია და ა.შ. მოგვმართონ განცხადებით „თბილსერვის ჯგუფში“ და ამას მყისიერი რეაგირება მოჰყვება.

მანა ნოდია

 

იტვირთბა....