ახალი ამბები მთავარი სამართალი

პროკურატურა დეკანოზ მამალაძის საქმეზე სასამართლო სხდომის ვადის გაგრძელებას ითხოვს

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, ბრალდებულ გიორგი მამალაძის საქმეზე წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელების შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

„მოცემულ საქმეზე სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების წარმოების მიზნით, ინტენსიურად გრძელდება გამოძიება, დანიშნულია სხვადასხვა სახის ექსპერტიზები, მათ შორის: ბიოლოგიური, ქიმიური, სამედიცინო, ტოქსიკოლოგიური, ჰაბიტოსკოპიური, ფონოსკოპიური და კომპიუტერული ექსპერტიზები, რომლებიც სირთულისა და დიდი მოცულობის გამო ამ ეტაპისათვის დასრულებული არ არის.

ამასთან ჩამოთვლილი ექსპერტიზების დასრულებისა და შესაბამისი დასკვნების მიღების შემდეგ, საქმეზე ჩასატარებელია არაერთი შემხვედრი და აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ასევე საქმეზე დასაკითხია არაერთი მოწმე.

იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე ჩასატარებელი ამ და სხვა აუცილებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარებისათვის სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადა არ არის საკმარისი, საქართველოს პროკურატურის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება გიორგი მამალაძის ბრალდების საქმეზე საგამოძიებო და შესაბამისად წინასასამართლო სხდომის გონივრული ვადით – ერთი თვით გაგრძელების თაობაზე.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, 2017 წლის 24 მარტს საქართველოს პროკურატურა შუამდგომლობით მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს, საქმეზე განსაზღვრული წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელების თაობაზე“, – ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

იტვირთბა....