თავდაცვის სამინისტრო ე.წ. აქტიური სარეზერვო სამსახურის შემოღებას გეგმავს. ამას სამხედრო სარეზერვო სამსახურის კონცეფციის პროექტი ითვალისწინებს, რომელსაც თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის წევრებს აცნობენ.
როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ნუკრი გელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აქტიური სარეზერვო სამსახური სამი კომპონენტისგან იქნება შემდგარი: შეიარაღებული ძალების რეზერვი, ტერიტორიული რეზერვი და სპეციალისტების რეზერვი. სამივე ტიპის რეზერვს თავის სპეციფიური დანიშნულება ექნება.
„თავდაცვის სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს სამხედრო რეზერვის კონცეფციის შემუშავებაზე. ამ პროცესში ყველა სტრუქტურული ერთეულია ჩართული: გენერალური შტაბი, ეროვნული გვარდია და სამოქალაქო ოფისი. კონცეფციის პროექტი უკვე წარვუდგინეთ ექსპერტებს. გავითვალისწინეთ რიგი შენიშვნები და წინადადებები. გვსურს, პროექტი განვიხილოთ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან და მოვისმინოთ დეპუტატების პოზიცია”, – განაცხადა ნუკრი გელაშვილმა.
სამხედრო რეზერვის კონცეფცია შესაბამის კანონმდებლობაში ცვლილებებს გამოიწვევს.
ტერიტორიული რეზერვის რეზერვისტი ანაზღაურებას მიიღებს. ტერიტორიული რეზერვის შექმნა დაგეგმილია აქტიური სარეზერვო სამსახურის ფარგლებში, რომლის ამოქმედებასაც სარეზერვო სამსახურის ახალი კონცეფცია ითვალისწინებს.
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, გიორგი თავდგირიძის განმარტებით, რეზერვი გამოყენებული იქნება არა მხოლოდ მასობრივი არმიების შესაქმნელად – გლობალური ომებისათვის, არამედ სამოქალაქო პირი გამოყენებული იქნება ტერიტორიის მიხედვით და სადაც ის ცხოვრობს, მომზადებას იმ ტერიტორიულ არეალში გაივლის. ამასთან, რეზერვისტობა ნებაყოფილობითი იქნება. თავდგირიძის ინფორმაციით, დაგეგმილია 12 000-იანი დაჯგუფების შექმნა.
”რეზერვი ერთიანი მართვის სისტემაში მოექცევა. დანაკარგების რეზერვის მართვის ძალიან მოქნილი სისტემა შეიქმნება. რაც მთავარია, შემოდის აქტიური სარეზერვო სამსახურის ფორმა. ეს საშუალებას მოგვცემს, შევქმნათ ტერიტორიული თავდაცვის ძალები და ფართოდ ჩავრთოთ მოქალაქეები ქვეყნის თავდაცვის სისტემაში. ისინი სამოქალაქო ცხოვრებას არ მოსწყდებიან, მაგრამ ამასთანავე მათი საბრძოლო უნარ-ჩვევა ძალიან მაღალი იქნება. მათი ორგანიზებულობაც იქნება ძალიან მაღალი. ტერიტორიული თავდაცვის ძალები შეიქმნება ეროვნული გვარდიის ბაზაზე დღეს არსებული ინფრასტრუქტურისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით და ფაქტობრივად, თანხობრივ დანახარჯებს არ გამოიწვევს. თუმცა, ტერიტორიული რეზერვის რეზერვისტი ანაზღაურებადი იქნება და ამაში ბენეფიტებს მიიღებენ”, – აცხადებს გიორგი თავდგირიძე.
კონცეფციის მიხედვით, აქტიურ სარეზერვო სამსახურში 18-დან 55 წლამდე ასაკის სამოქალაქო პირები ჩაირიცხებიან. სარეზერვო სამსახურში მსახურობის ხანგრძლივობა წელიწადში 45 დღეს შეადგენს.
აქტიური სარეზერვო სამხედრო სამსახური ითვალისწინებს რეზერვისტის სახელფასო უზრუნველყოფას, რომელიც შეადგენს წოდებრივი სარგოს 20%-ს ყოველთვიურად და 100%-ს ქვედანაყოფში გამოძახებისას. აქტიური სარეზერვო სამსახური სამი კომპონენტით იქნება განსაზღვრული. ესენია: შეიარაღებული ძალების რეზერვი, ტერიტორიული რეზერვი და სპეციალისტთა რეზერვი.