ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

საია: „ნატა ნაზღაიძის ძმა 13 ივნისის სტიქიის დროს არ დაზარალებულა და უძრავი ქონება უსაფუძვლოდ გადაეცა“

მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმა, ზვიად ნაზღაიძე 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის დროს არ დაზარალებულა და მას 5001 კვ.მ. უძრავი ქონება უსაფუძვლოდ გადაეცა, – ამის შესახებ ნათქვამია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევაში.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევა „28-ჯერ უფრო ძვირად ჩამორთმეული ქონება“ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ ზვიად ნაზღაიძისათვის გადაუდებელი საზოგადოებრივი საჭიროების სახელით ჩამორთმეული და პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად გადაცემული ქონების სამართლებრივ მხარეს ეხება.

საია-ს მიაჩნია, რომ სამართალდამცავი ორგანოები, ზვიად ნაზღაიძისათვის ქონების ჩამორთმევისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად გადაცემული ქონების კანონთან შესაბამისობის საკითხით უნდა დაინტერესდნენ, რადგან შესაძლოა ეს ფაქტი, მუნიციპალიტეტის შესაბამისი საჯარო მოხელეების მხრიდან, დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს.

საიას მიერ მომზადებული კვლევის შედეგების თანახმად, 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის დროს, ზვიად ნაზღაიძე არ იყო თბილისში ყიფშიძის ქ. #2-ის მიმდებარედ არსებული 1641 კვ.მ. უძრავი ქონების მესაკუთრე და არც ოფციის უფლება გააჩნდა ქონებაზე. შესაბამისად, ზვიად ნაზღაიძე არ დაზარალებულა 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის დროს; თბილისის მუნიციპალიტეტმა, ზვიად ნაზღაიძისათვის, თბილისში, ყიფშიძის ქ. #2-ის მიმდებარედ არსებული 1641 კვ.მ. უძრავი ქონების ჩამორთმევის დროს უსაფუძვლოდ გამოიყენა – საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გადაუდებელი აუცილებლობისას საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ საქართველოს ორგანული კანონი; არც ერთ სამართლებრივ აქტსა და ამ აქტებთან დაკავშირებულ ოფიციალური დოკუმენტებში არ არის დასაბუთებული, ზვიად ნაზღაიძისათვის ქონების ჩამორთმევისას – საზოგადოებრივი საჭიროება და/ან გადაუდებელი აუცილებლობის არსებობა.”

“ზვიად ნაზღაიძეს, უსაფუძვლოდ გადაეცა, თბილისში, საბურთალოს საცხოვრებელ რაიონში, V კვარტალში, სანდრო ეულის ქუჩა #5-ში მდებარე 5001 კვ.მ. უძრავი ქონება; სავარაუდოა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტსა და ზვიად ნაზღაიძეს შორის არსებობდა წინასწარი შეთანხმება, მუნიციპალიტეტის მიერ, ნაზღაიძის მხრიდან ქონების შეძენის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მხრიდან ქონების გარანტირებულად ჩამორთმევისა და საკომპენსაციოდ 971,260 ლარის (ნაწილობრივ უძრავი ქონების სახით) გადაცემის თაობაზე”, – ნათქვამიას საია-ს კვლევაში.

კვლევის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. პრეზენტაციას თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები დაესწრნენ.

იტვირთბა....