ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

13 465 ვეტერანის პერსონალური მონაცემები უცხო ქვეყნის ხელში: ირაკლი შიხიაშვილი შესაძლოა გამოკითხონ

აუდიტის სამსახურის სკანდალური დასკვნა, რომელიც შესაძლოა, ირაკლი შიხიაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი გახდეს. ამის შესახებ სტატიას გაზეთი “პრაიმტაიმი” ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, აუდიტმა „ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში“ ირაკლი შიხიაშვილის მმართველობის პერიოდი შეისწავლა და გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაცია პროკურატურას გადაუგზავნა. აუდიტის სამსახურში „პრაიმტაიმს“ განუმარტეს, რომ შემოწმების შედეგად გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები და სწორედ ამ მიზნით მიმართეს მთავარ საგამოძიებო უწყებას.

დოკუმენტში საკმაოდ სერიოზული დარღვევებია ასახული, მათ შორის ისეთიც, რომელიც შესაძლოა, ქვეყნის უსაფრთხოების საკითხს უკავშირდებოდეს.

საქმე ის გახლავთ, რომ ირაკლი შიხიაშვილი აქტიურად ლობირებდა ერთ-ერთ უცხოურ ბიზნესჯგუფს, რომელსაც საქართველოს საზღვრებთან სამხედრო დასახელებების შექმნა სურდა. არსებული რისკების გამო, შიხიაშვილის ეს ინიციატივა მთავრობამ დაბლოკა, თუმცა ვეტერანთა სამსახურის უფროსისა და ზემოხსენებული ინვესტორების ურთიერთობა ამით არ დასრულებულა.

2015 წლის 21 ივლისს საჯარო რეესტრში რეგისტრირდება შპს „ჯორჯიან ფორ ვეტერანსი“, რომლის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი გახლავთ ნიდერლანდების სამეფოში რეგისტრირებული „ფორტუნაჰოლდინგი“. კომპანიის დირექტორის პოზიციაზე მითითებულია ისრაელის მოქალაქე, ვინმე რაფაელ მაღალაშვილი. საჯარო რეესტრში რეგისტრირებიდან სამი დღის შემდეგ, 2015 წლის 24 ივლისს შპს „ჯორჯიან ფორ ვეტერანსა“ და ვეტერანთა სამსახურს შორის ფორმდება ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი. კომპანია ვალდებულებას იღებდა, შეექმნა და ემართა ექსკლუზიური „ვეტერანთა კლუბი“, მოეზიდა პარტნიორი კომპანიები და ისეთი იურიდიული პირები, რომლებიც „ვეტერანთა კლუბის“ სხვადასხვა აქტივობებს დააფინანსებდნენ.

აუდიტის ანგარიშით ირკვევა, რომ არც ერთი მსგავსი აქტივობა არ განხორციელებულა, თუმცა კომპანიის ხელში აღმოჩნდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი ათასობით ვეტერანის პერსონალური მონაცემები.

რეალურად რა მიზნით გადასცა ირაკლი შიხიაშვილმა უცხოური კომპანიის ფილიალს ვეტერანთა პერსონალური მონაცემები? ამას, ალბათ, საგამოძიებო უწყება გაარკვევს. ჩვენი ინფორმაციით, საკითხის შესწავლას იწყებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორიც. თამარ ქალდანის უწყებაში დაგვიდასტურეს, რომ ინსპექტორის აპარატი ამ საქმის დეტალების გარკვევას აპირებს.

თავად ირაკლი შიხიაშვილი ირწმუნება, რომ კანონი არ დაურღვევია და ვერც იმაში ხედავს პრობლემას, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი პირების პერსონალური მონაცემები უცხოური კომპანიის ხელში აღმოჩნდა.

– 2015 წლის პირველ მარტს თქვენ ხელშეკრულება გაუფორმეთ შპს „ჯორჯიან ფორ ვეტერანსს“, რომელსაც უნდა შეეთავაზებინა გარკვეული ტიპის ფასდაკლების პაკეტები ვეტერანებისთვის… ასეა ხომ?
– დიახ.

– ეს კომპანია გახლავთ უცხოეთში, კერძოდ, ნიდერლანდებში რეგისტრირებული „ფორტუნაჰოლდინგის“ შვილობილი… ხელშეკრულების ფარგლებში ამ კომპანიას გადაეცით 13 ათასზე მეტი ვეტერანის პერსონალური მონაცემები… რამდენად მიზანშეწონილია ასეთი ქმედება?
– ეს მონაცემები მე არ გადამიცია. თითოეულ ვეტერანს მიეცა შესაძლებლობა, გასცნობოდა ინფორმაციას, რა მომსახურება უნდა მიეღო ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, თითოეულ ვეტერანთან განხორციელდა სატელეფონო ზარი ჩაწერით, ან აღებულ იქნა წერილობითი ნებართვა. ჩვენი მხრიდან პერსონალური მონაცემების გადაცემა არ მომხდარა, ყველა დაინტერესებულმა ვეტერანმა ინდივიდუალურად გადასცა ეს ინფორმაცია. ასე რომ, არ ვართ ისეთი გამოუცდელები, რომ შეთანხმების გარეშე გაგვეცა ეს ინფორმაცია.

– ანუ გინდათ თქვათ, რომ პირველიდან რვა მარტის ჩათვლით დაუკავშირდით ქვეყნის მასშტაბით 13 465 ვეტერანს და მათგან აიღეთ ნებართვა ინფორმაციის გაცემაზე?
– დიახ. საქართველოში გვყავდა 50 წარმომადგენელი და ისინი აქტიურად ჩაერთვნენ ამ სამუშაოებში. გარდა ამისა, ყოველდღე 1500-მდე ზარი შემოდიოდა ოფისში. მთავრობის წარმომადგენლები ამის საქმის კურსში იყვნენ. მინდა გითხრათ, რომ ამის პროტოტიპი თინა ხიდაშელმაც გააკეთა თავდაცვის სამინისტროში ე.წ. არმიქარდის სახით.
(აქვე გეტყვით, რომ ჩვენ „არმიქარდის“ შესახებ ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროში გადავამოწმეთ. აღმოჩნდა, რომ ეს არის „საქართველოს ბანკის“ სახელფასო ბარათზე მიბმული ფასდაკლების სისტემა, რომელიც არ გულისხმობს გაურკვეველი კომპანიისთვის პერსონალური მონაცემების გადაცემას. – ავტ.).

მათი ნებართვა რომც გქონოდათ, ვერ ხედავთ საფრთხეს იმაში, რომ უცხოური კომპანიის შვილობილ შპს-ს მიაწოდეთ პერსონალური მონაცემები?
– არა არ მიმაჩნია საფრთხის შემცველად. ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მათ მივაწოდეთ, არავითარი საფრთხის შემცველი არ არის, აქ საუბარია სახელზე, გვარსა და მისამართზე. ეს არის საჯარო რეესტრის მონაცემები. ჩემზე მეტად თქვენ ნამდვილად არ შეგტკივათ გული არც ჩემს ქვეყანაზე და არც ვეტერანებზე. ამის თქმის უფლება მაქვს, რადგან არ ყოფილა ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ომი, სადაც მე არ მიმეღოს მონაწილეობა. კარგად ვხვდები, რომ ვიღაცის შეკვეთით ხდება ამ თემის ასე წარმოჩენა.”-აცხადებს შიხიაშვილი “პრაიმთაიმთან”.

ასევე, გაზეთის ინფორმაციით, ამ საქმესთან დაკავშირებით  შესაძლოა შიხიაშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარონ.

იტვირთბა....