გაზეთ „ქრონიკა პლიუსის“ რედაქტორის, ელისო კილაძის შვილის, დავით ხარშილაძის ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება გაასაჩივრეს.
ადვოკატის თქმით, საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები. არჩილ ჩუბინიძის თქმით, მხოლოდ 3 პოლიციელის ჩვენებაა, ასევე ჩხრეკის და დაკავების ოქმებია, რაც უკანონოა.
„აშკარად გააყალბა ჩემ მიერ პროცესებზე გამოთქმული მოსაზრებები და პოზიციები, რაც აშკარა უხეში დარღვევაა. ჩვენ პოზიციაზე საერთოდ არ გვიმსჯელია. აქედან გამომდინარე, იძულებული ვხდებით ჩვენ, გავასაჩივროთ აღნიშნული განჩინება და იმედი გვაქვს, სააპელაციო სასამართლო გამოიჩენს უფრო მეტ კეთილგონიერებას და კანონიერებას საკითხის განსახილველად,“ – აცხადებს არჩილ ჩუბინიძე.
ელისო კილაძის თქმით, მისი შვილის დაკავება მის საქმიანობას უკავშირდება.
„იყო კიდევ რამდენიმე კულუარული თემა, რომელიც უკავშირდებოდა ჩემს მატერიალურ კეთილდღეობას. გარანტი ამისი გახლდათ თავად ბიძინა ივანიშვილი და ჩემი თანხმობის შემთხვევაში იგეგმებოდა ჩემი და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა… მას შემდეგ, რაც ჩემი პოზიცია პირველივე ეთერიდან მოისმინეს, რომ არცერთ შემთხვევაში არ განიხილება ჩემი ჟურნალისტური საქმიანობა ჩემი შვილის პატიმრობის საპირწონედ, მათ დაამძიმეს მაქსიმალურად მუხლი და 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით ჩემს შვილს ემუქრება პატიმრობა 8-დან 20 წლამდე ან სამუდამო პატიმრობა იმ ჩადებული ნარკოტიკის გამო,“ – აცხადებს ელისო კილაძე.
შეგახსენებთ, ელისო კილაძის შვილი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის დააკავეს, რის გამოც სამუდამო პატიმრობა ემუქრება.