ვიცე პრემიერი კახი კალაძე მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ ბათუმში დაპირისპირება ეთნიკურ ნიადაგზე მოხდა, განმარტებას აკეთებს. “ვეხმაურები ამ კონკრეტულ ფრაზას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მოსახლეობა, ბათუმელები შეაწუხეს ეს რამდენიმე დღე ერთი და იგივეს ტრიალით და სიცრუის ტირაჟირებით. ძალიან კარგად ვიცი რამდენად სენსიტიური თემაა ეს თითოეული აჭარელისთვის”. – წერს კახი კალაძე სოციალურ ქსელში.
1 – ეთნიკური დაპირისპირების მცდელობის პროვოცირების შესახებ ჩემი ნათქვამი იქნებოდა ჩვეულებრივი ფრაზა, რომ არა მცდელობა რამდენიმე გაკოტრებული პოლიტიკოსისგან და მათთან ასოცირებული ჟურნალისტებისგან ამ ფრაზისთვის თავისთვის სასურველი ინტერპრეტაცია მიეცათ.
2 – ასე რომ, მგონი ვინც ეს დღეებია ჩემი ამ ფრაზით ჭიქაში ქარიშხლის დატრიალებას ცდილობს, პირველ რიგში პასუხისმგებლები არიან აჭარის მოსახლეობის წინაშე.
3 – კიდევ ერთხელ ავხსნი იმას, რაც ვთქვი, ამჯერად წერილობით, იმ იმედით, რომ უფრო გასაგები იქნება მათთვის, ვინც ვერ გაიგო – თათრის ძახილი, ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია, რომლის მიზანი იყო ვითომ ეთნიკური ელფერი მიეცათ დაგეგმილი კონფრონტაციისთვის – დაეპირისპირებინათ ქვეყნის სხვადასხვა კუთხის მოსახლეობა ერთმანეთთან კუთხურობის, მეტიც კონფესიურობის ნიშნის მიხედვით ყველაზე საზიზღარი ფორმით – დამაკნინებელი წოდებით „თათარი“, რომელიც თავისთავად ცხადია ეთნიკურად თათრებს არ გულისხმობს და ამის საფუძველზე ვიღაც ჟურნალისტის კონკრეტული პარტიული ინტერესის გამო აგორებულ კამპანიას აჰყვა ყველა ის, ვისაც თავის წარმოჩენის სურვილი გაუჩნდა. სამწუხაროა ხალხის ნერვებზე ასეთი ფორმით თამაში. თორემ პირადად ჩემს ნერვებს ცილისწამება და სიცრუე ვერც აქამდე აკლებდა რამეს, ვერც მომავალში გავახარებ მსურველებს.
4 – დაბოლოს – ისევ და ისევ „გუგლი“ მოიხმარეთ, ეთნიკური ჯგუფი მოიძიეთ და განმარტება დაკვირვებით წაიკითხეთ.
მგონი ყველასთვის გასაგებია ხომ, რატომ აირჩა შეურაცხყოფისთვის და დაძაბულობის კერის შესაქმნელად სიტყვა თათარი?
სამწუხაროა, ის, რაც მტერმა ვერ მოახერხა ბათუმში, თავისი პირადი ამბიციების და ინტერესების გამო გაატირაჟა რამდენიმე ჟურნალისტმა და პოლიტიკოსმა. ცოტა ფრთხილად ბატონებო, ქვეყნის მოსახლეობის გამოყენებისას ასეთ მტკივნეულ და საჩოთირო თემებში!”, – წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.