მომდევნო 1 კვირის განმავლობაში საწვავის ფასი 10 თეთრით შემცირდება. იმპორტიორების ინფორმაციით, გარე და შიდა ფაქტორები საწვავის ფასზე დადებითად მოქმედებს, რაც ცვლილების საშუალებას იძლევა. როგორც გაზეთი „რეზონანსი” წერს, ჯერჯერობით ნავთობკომპანიები ფეხს ითრევენ, მაგრამ ნავთობპროდუქტები იმდენად არის გაიაფებული და ლარის კურსი კი – გამყარებული, რომ იმპორტიორებს სხვა გზა აღარ დარჩათ.
გაიაფების ტენდენცია საერთაშორისო ბაზარზე გაცილებით ადრე დაიწყო და “პლატცის” ფასი ტონა ბენზინზე 500 დოლარამდე ჩამოვიდა. კიდევ უფრო დაბალია 1 ტონა დიზელის ღირებულება 10 მარტის მონაცემებით, 1 ტონა დიზელი 452 დოლარი ღირს, თუმცა ადგილობრივ ბაზარზე ამ პროცესების გავლენა ჯერჯერობით არ იგრძნობა. მსხვილი იმპორტიორები არ მალავენ, რომ არაბრენდირებული კომპანიების წარმომადგენელთა გადაწყვეტილებას ელოდებიან და როგორც კი ამ საგემენტში ფასი შეიცვლება, საფასო პოლიტიკას თავადაც გადახედავენ.
სპეციალისტების შეფასებით კი, საწვავის გაიაფება რეალურად 25 თეთრის ფარგლებშიც შესაძლებელია. ასეთი მოსაზრების საბაბს იძლევა საწვავის თვითღირებულება, რაც ბოლო პერიოდში 1,61-1,62 ლარის ფარგლებშია.
“რეზონანსი”