რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორი პირის, მათ შორის ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი წამებისთვის და განსაკუთრებული სისასტიკით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდებული ზ.ს. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და მე-8 ნაწილით და 111-1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 10 ივლისს, დაახლოებით 18:00 საათზე, თეთრიწყაროს რაიონში, ზ.ს.-მ ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლეს და მეზობელს დასჯისა და წამების მიზნით როგორც ფიზიკურად, ასევე ბლაგვი საგნების გამოყენებით, განსაკუთრებული სისასტიკით სხეულის სხვადასხვა ხარისხის მრავლობითი დაზიანება მიაყენა, ხოლო შემდეგ ორივე მათგანს დანით მარცხენა ყური მოაჭრა. ზ.ს.-ს მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად, მისი მეზობელი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მისმა მეუღლემ ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღო.
სამართალდამცველებმა ზ.ს. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 წილის ,,ბ” ქვეპუნქტით და მე-8 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), და 111-1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით (წამება ჩადენილი ორი პირის, მათ შორის ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ ზ.ს. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
შეგახსენებთ, რომ დანაშაული 10 ივლისს, თეთრიწყაროს სოფელ ხაიშში მოხდა. როგორც დაზარალებული აცხადებდა, 42 წლის მთვრალი ზურაბ სუბელიანი იმ დღეს სასტიკად გაუსწორდა მეუღლეს, დარეჯან კუპრაძეს. ახალგაზრდა ქალს ძაღლის დასაბმელი ჯაჭვით, ჯოხითა და ხელკეტით სასტიკად სცემა, შემდეგ კი ქალს ყური მოაჭრა. ამ ფაქტის თვითმხილველი მეზობელი, კახა პაკელიანი ცდილობდა, მოძალადისგან ეხსნა ახალგაზრდა ქალი, მაგრამ სუბელიანი პაკელიანსაც სასტიკად გაუსწორდა, ისიც ჯაჭვით სცემა, სამზარეულოს დანით მუცლისა და გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და მასაც მოაჭრა ყური. დამნაშავემ მიმალვა შეძლო. კახა პაკელიანი მიყენებული დაზიანებებით მალე გარდაიცვალა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სულზე მიუსწრო კომაში ჩავარდნილ ქალს. ის სასწრაფოდ მარნეულის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს.