ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზაფხულიდან მეტადონით ჩანაცვლების პროგრამა უფასო გახდება

ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ლაშა კილაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მეტადონით ჩანაცვლების თერაპიის პროგრამას ნარკომანიის პრევენციის ცენტრი ქვეკონტრაქტორის გარეშე განახორციელებს:

 

„პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ გაიხსნა ცენტრის ორი ახალი განყოფილება. ჩვენი განყოფილებების რაოდენობა თბილისში გახდა 7. თბილისის გარდა მოცული გვაქვს 9 ქალაქი. გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა ჩვენი ბენეფიციარებისთვის გახლავთ უმნიშვნელოვანესი კომპონენტი. მეორე სიახლე, რის შესახებაც მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, არის ის, რომ მიმდინარე წლის ზაფხულიდან, მეტადონით ჩანაცვლების პროგრამაში ბენეფიციარების მიერ თანაგადახდა გაუქმდება და მათთვის მონაწილეობა აბსოლუტურად უფასო გახდება. ამ პროგრამას შესაბამისად მოემსახურება ჩვენი ცენტრი. ეს მნიშვნელოვანი ამბავია, რაც განსაზღვრავს პაციენტებისთვის ფინანსურ ხელმისაწვდომობას. ჩვენი პოზიცია გახლავთ ასეთი, რომ ხელი შევუწყოთ მეტი ბენეფიციარის ჩართავს ამ პროგრამაში და მეტმა მიიღოს ეს სერვისი“, – განაცხადა კილაძემ.

ცნობისთვის, ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი თერაპიის პროგრამაში სულ 3000-მდე ბენეფიციარს ემსახურება. ამ დროისთვის სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში, თბილისის მასშტაბით მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის 7, ხოლო რეგიონებში – თელავი, გორი, ქუთაისი, ოზურგეთი, ფოთი, ზუგდიდი, ქობულეთი, ბათუმი და ზესტაფონი, სულ 9 განყოფილება ფუნქციონირებს. ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელება და ჩამანაცვლებელი ნარკოტიკის მიწოდების კომპონენტის ფარგლებში, მომსახურებისთვის ვაუჩერის ღირებულება 215 ლარს შეადგენს. ამ დროისთვის პაციენტის მხრიდან თვის განმავლობაში თანაგადახდა 110 ლარს შეადგენს. თანაგადახდა არ ეხებათ აივ ინფიცირებულებს და სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების წევრებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 ათასს არ აღემატება.

მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის ბენეფიციარების საყურადღებოდ – 16 მარტიდან ბენეფიციარები, რომლებიც სერვისს იღებდნენ ურანტის კოლმეურნეობის მოედანზე მდებარე განყოფილებაში, უნდა მივიდნენ რევაზ ლაღიძის 8 ნომერში, რუსთაველზე, ოპერის უკან, ხოლო ურანტის ვაზისუბნის განყოფილების ბენეფიციარები სერვისს მიიღებენ ვაზისუბანში, მიტროფანე ლაღიძის 6/7ა-ში გახსნილ ახალ განყოფილებაში. რაც შეეხება ნუცუბიძის განყოფილების ბენეფიციარებს, ცენტრი მათ სთავაზობს ქავთარაძის 21ა-ში მდებარე განყოფილებას. სერვისის მისაღებად საჭიროა ფორმა ასი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

იტვირთბა....