ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სპორტი

ბალტიისპირეთში ველოსიპედებით: დამწყები მოგზაურები სპონსორებს ეძებენ

ორი სტუდენტი – ნიკიტა ვორონოვი და ალექსანდრე ეროიანი საქართველოდან ბალტიისპირეთის ქვეყნების ველოსიპედით მოვლას აპირებენ. როგორც მათ „მეტრონომს“ უთხრეს, მსვლელობას ზაფხულში, აგვისტოს თვეში დაიწყებენ. ვარაუდობენ, რომ ამისთვის ორი თვე დასჭირდებათ. ისინი დამწყები მოგზაურები არიან და ამბობენ, რომ აქამდე საქართველოს მასშტაბით ველოტურებში მონაწილეობდნენ, შემდეგ კი, გადაწყვიტეს მოგზაურობას უფრო ფართო მასშტაბები მოეცვა. მათ სკოლის დასასრულს, გამოსაშვები საღამოს მოახლოებისას, თურქეთში ველოდიპედებით წასვლა გადაწყვიტეს.

nikita2

„მოგზაურობის დაგეგმვა ხუმრობით დავიწყეთ, გამოცდილება არ გვქონია, არც არავისთვის მიგვმართავს. ვიყიდეთ სამოგზაურო ველოსიპედები, ჩანთები. ერთთვიან ტურში როცა მიდიხარ, გჭირდება შესაბამისი სრული აღჭურვილობა, კარავიც შევიძინეთ. იქამდე წავიკითხეთ ბევრი საინტერესო სტატია ველოსიპედით მოგზაურობაზე.

თურქეთი რომ გადავწვიტეთ, ყველა გვეკითხებოდა, –  რატომ თურქეთიო, ალბათ იმიტომ, რომ ახლოსაა, თან უვიზო, თავისუფალი მიმოსვლა იყო. მიზნად დავისახეთ სტამბული. მიზანს მივაღწიეთ და იმდენად ჩაგვითრია, რომ მარმარილოს ზღვასაც შემოვუარეთ. შემდეგ უკვე ტექნიკური პრობლემები დაიწყო. მე მაგალითად, ჩანთა გამეხა, რის შემდეგაც ჩვენი მოგზაურობის გაგრძელება ფიზიკურად შეუძლებელი იყო“ – აღნიშნა „მეტრონომთან“ ალექსანდრე ეროიანმა.

ნიკიტა გვიყვება, რომ ალექსანდრე მისი კლასელი იყო, გამოსაშვები საღამო როცა მოახლოვდა, გადაწყვიტეს, რომ ის ფული, რომელიც იქ უნდა დაეხარჯათ, მოგზაურობისთვის გამოეყენებინათ.

70

„თავიდან ტურებს ვაწყობდით საქართველოში, შემდეგ „ბანკეტის“ დრო როცა ახლოვდებოდა, თურქეთში წასვლა გადავწყვიტეთ. ბანკეტზე არ წავედით. პირველად თურქეთი მოვიარეთ ველოსიპედით. ეს იყო 2014 წელს. 2015 წელს მოვიარეთ კახეთი. 2016-ში ვიყავით უკრაინაში, ბელორუსში და მოლდოვაში. წელს ვაპირებთ, რუსეთი, ფინეთი, შვედეთი, ნორვეგია, გერმანია, დანია, პოლონეთი, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი მოვიაროთ.

მოგზაურობა გვიყვარს, ველოსიპედით ვხალისობთ, კარგი სპორტია. პირველად თურქეთში მოგზაურობისას ძალიან ვნერვიულობდით, რადგან არ ვიცოდით სად დავიძინებდით. შემდეგ უკვე მივეჩვიეთ, კარვებში ვრჩებოდით, ჰოსტელებში ვრჩებოდით. ბოლო მოგზაურობაში გავარკვიეთ, რომ არის სპეციალური საიტები ველოსიპედისტებისთვის, ისინი უფასოდ გაძლევენ ოთახს, გაჭმევენ და ა.შ.“ – აღნიშნა ნიკიტა ვორონოვმა.

1044

ალექსანდრე ვორონოვი ამბობს, რომ მისი კუმირი ველოსიპედისტი ჯუმბერ ლეჟავაა. ის ქართველი სპორტსმენი, მოგზაური და მსოფლიო რეკორდსმენი იყო, რომელიც 2014 წელს გარდაიცვალა. 1993 წლის 13 აგვისტოდან 2003 წლის 3 ნოემბრამდე ველოსიპედით იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო: 3333 დღის განმავლობაში გადალახა აზიის, ავსტრალია-ოკეანეთის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, ევროპისა და აფრიკის 234 ქვეყანა და დამოკიდებული ტერიტორია, 2-ჯერ ეწვია ანტარქტიდას; გადაიღო 50 000-ზე მეტი ფოტო-კადრი და 200 სთ-ზე მეტი ვიდეოფირი, შექმნა მოგზაურობის 7000-გვერდიანი დღიური.

„ბავშვობიდან ჩემი კუმირი იყო ველოდიპედისტი ჯუმბერ ლეჟავა. ბატონ ჯუმბერთან საერთო გეგმებიც გვქონდა. შავი ზღვის გარშემო იყო ტური დაგეგმილი, საკმაოდ კარგი გეგმები გვქონდა. მისი გარდაცვალების შემდეგ ვცადეთ ჯუმბერ ლეჟავას მენეჯერთან ნოდარ ბერიძესთან თანამშრომლობა, რომელიც ახლაც მოგზაურობს ჯუმბერ ლეჟავას სახელით. სამწუხაროდ, გრაფიკში ვერ ვჯდებოდით, იქიდან გამომდინარე, რომ სტუდენტები ვართ“ – აღნიშნა „მეტრონომთან“ ალექსანდრე ეროიანმა.

სტუდენტები ამბობენ, რომ ველოსიპედით მოგზაურობისას, რითიც ყველაზე მეტად მოიხიბლნენ, ხალხის დამოკიდებულება იყო. მათი თქმით, ველოსიპედისტების მიმართ ადამიანები პოზიტიურად არიან განწყობილი და ცდილობენ, რომ მათ დაეხმარონ.

73

„მიუხედავად იმისა, რომ არც ქართული, მითუმეტეს ინგლისური და რუსული იქ არავინ იცოდა, სანამ სტამბულამდე ჩავედით, ჟესტების ენით ველაპარაკებოდით ერთმანეთს. ერთ ამბავს გავიხსენებ, ერთი კვირა იყო გასული, დამწვარი ვიყავი საშინლად, ქალი მოვიდა, მალამო მომცა, წაისვიო. ბოდიში მოგვიხადა, რომ სახლში ვერ მიგვიღებდა, რადგან მარტო იყო, ქმარი წასული იყო. იმ მალამომ ძალიან მიშველა“ – უთხრა „მეტრონომს“ ეროიანმა.

ახალგაზრდა მოგზაურების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ველოსიპედით ამხელა მანძილის დაფარვა ძალიან რთული და დამღლელია, პირველი მოგზაურობის შემდეგ, დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება მიიღეს.

„ცხოვრებისეული დიდი გამოცდილება მივიღე, ხალხთან კომუნიკაციის დიდი გამოცდილებაც, დამოუკიდებლად გადაადგილების, არსებობის… კულტურა გავიცანი, რაც მთავარია. ამის გარდა, ძალიან ბევრი მოგზაური გავიცანით“ – აღნიშნა ეროიანმა.

ნიკიტა, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე, მესამე კურსზე სწავლობს, ამბობს, რომ მოგზაურობისას დღეში საშუალოდ 100 კილომეტრს გადიან.

nikita3

„ძალიან დამღლელია, დღეში საშუალოდ 100 კილომეტრს დავდივართ. თუ ვერ ვნახეთ ამა თუ იმ ქალაქში ადამიანი, რომელიც თავისთან დაგვაძინებს, გვიწევს კარავში დაძინება, თუ კარავშიც ვერ ვახერხებთ, მაშინ ჰოსტელში“ – ამბობს ნიკიტა ვორონოვი „მეტრონომთან“.

ახალგაზრდა მოგზაურები იმასაც ამბობენ, რომ პირველი მოგზაურობიდან მიღებული გამოცდილების შემდეგ, მორიგ თავგადასავალს უფრო მოწესრიგებული და შესაბამისი აღჭურვილობით მომარაგებული შეხვდნენ. გარდა ამისა, ისინი ყველა მოგზაურობაში საქართველოს დროშით დადიან და ჩვენი ქვეყნის შესახებ ყველას უყვებიან.

„რომ ჩამოვედი, ბევრად უფრო მორალურად ჩამოყალიბებული ვიყავი. ჩემთვის ეს ცხოვრებაში ერთ-ერთი რთული ეტაპი იყო, რომელმაც დიდი გამოცდილება მომცა.

მოგზაურობისას საქართველოს დიდ რეკლამას ვუკეთებდით. გაგიჟებული იყვნენ, ეს რა ქვეყნიდან ხართო. უკრაინაში რომ ჩავედით და საქართველოს დროშები ნახეს, ძალიან თბილად მიგვიღეს. მომავალში მთლიანად ევროპის შემოვლა გვინდა ველოსიპედებით. ახლა კი, ჯერჯერობით, რუსეთის გავლით გვაქვს დაგეგმილი ბალტიისპირეთის, აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური ევროპის შემოვლა“ – აღნიშნა ეროიანმა.

ამ მოგზაურობის შემდეგ მათი მიზანი ველოსიპედით კაიროდან კეიპტაუნში მოგზაურობაა. ალექსანდრე გვეუბნება, რომ ბაიკალის ტბისკენაც აიღებს გეზს.

„დიდი პრობლემაა ფინანსები. რეალურად სპონსორები არ არსებობენ. კერძო კომპანიები ინტერესს ვერ ხედავენ, ჩვენც არ ვიცით რა შევთავაზოთ. ბატონი ნოდარი, ჯუმბერ ლეჟავას მენეჯერი აქცენტს სხვადასხვა ქვეყნებში ჩვენს უმცირესობებზე აკეთებდა. მაგალითად, აქტიურ მხარდაჭერას იღებს ირანის ქართული სათვისტომოდან და იმ ქვეყნებიდან, სადაც ჩვენი დიასპორა კარგად ჩამოყალიბებულია. ბატონ ნოდარს გარკვეული გამოცდილება აქვს და კავშირებიც. ჩვენ რადგან ჯერ ახლები და გამოუცდელები ვართ, ასეთი კავშირები არ გვაქვს. შეიძლება ითქვას, მთელი წელი ვაგროვებთ ფულს იმისთვის, რომ ზაფხულში ვიმოგზაუროთ“ – აღნიშნა ალექსანდრე ეროიანმა.

speed

რაც შეეხება ველოსიპედით მოგზაურობის სირთულეებს, დამწყები მოგზაურები ამბობენ, რომ ისინი საშუალოდ 100 კმ-ს გადიან. ასეთი მოგზაურობები კი ფიზიკურად რთული შესასრულებელია, ამბობენ, რომ ფიზიკური მომზადება საჭიროა.

დაგეგმილი მოგზაურობა, როგორც ნიკიტა გვეუბნება, 2 თვე გაგრძელდება, რაც მათი ვარაუდით, დაახლოებით 5 300 კმ-ს მოიცავს. დამწყები მოგზაურები ვარაუდობენ, რომ თვეში 2 500 კმ-ის გავლა მოუწევთ.

„შიგნიდან ვნახავთ როგორ ცოცხლობს და ცხოვრობს თითოელი ქალაქი. ჩვენი პროპაგანდა ყოველთვის არის კულტურული ურთიერთობების გაცვლა. არ გადიოდა ერთი დღე ისე, რომ ჩვენს ქვეყანაზე არ გველაპარაკა და საინტერესო ამბები არ მოგვეყოლა. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო უფრო და უფრო საინტერესო ქვეყანა გახდეს ტურისტებისთვის. ამისთვის ჩვენ ძალ-ღოლეს არ ვიშურებთ“ – აღნიშნა ალექსანდრე ეროიანმა „მეტრონომთან“.

ნინო ცხადაია

იტვირთბა....