რა მოხდა ბათუმში? ეს კითხვა 11 მარტიდან არც საზოგადოებას და არც პოლიტიკოსებს არ ასვენებს. ეს იყო სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე, რომლითაც გარკვეულმა ძალებმა ხელის მოთბობა სცადა თუ ძალოვან უწყებებს შორის სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა, სადაც ვიღაცეებმა გარკვეული სახის დავალებები შეასრულეს. იყო თუ არა ეს სუს-ის და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების პირადი დაპირისპირება, ვინ არის პროვოკაციული ჯაჭვის ერთ-ერთი საწყისი რგოლი.
„მეტრონომმა“ ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად უშუალოდ ბათუმის მაცხოვრებლებს და აქციის მონაწილეებს მიმართა. ქალაქის საკრებულოს და აჭარის მთავრობის დეპუტატები ამბობენ, რომ ღამით აქციის მართვა ხელში გარკვეულმა კარგად ორგანიზებულმა ჯგუფებმა დაიწყეს, რომლებსაც ქვები ჰქონდათ მომარაგებული და ზუსტად იცოდნენ, ვის რა როლი უნდა ეთამაშა. რათა შემდეგ მღვრიე წყალში თევზის დაჭერა ადვილი ყოფილიყო და არეულობის კვალი მთავარ ორგანიზატორებამდე არ მისულიყო.
ბათუმელი ჟურნალისტების ნაწილის თქმით, აქციის რადიკალურად განწყობილ მონაწილეებს სახე დაფარული ჰქონდათ და მათ ეუბნებოდნენ, რომ არ გადეღოთ რათა პოლიციას ისინი არ ამოეცნო.
ჩვენი კოლეგები ირწმუნებიან, რომ აქციაში ბათუმელების ძალიან ცოტა ნაწილი მონაწილეობდა, და ქალაქის მოსახლეობის დიდი ნაწილი ამბობდა, რომ ისინი აქციაზე არ ყოფილან.
ამ ვერსიას აჭარის ომბუდსმენის აპარატის ორგანიზაციის ინფორმაცია ამყარებს, სადაც მათი განცხადებით, ბათუმში აქციაზე დაკავებულ პირთა შორის გარდაბნის, თეთრიწყაროს, წყალტუბოს, აბაშის, ხონის, ქარელის, ლანჩხუთის, ადიგენისა და ვანის რაიონის მაცხოვრებლები არიან.
ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, 11 მარტს განვითარებული მოვლენების გამო ამ დროისთვის 75 პირია დაკავებული. ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრომ „მეტრონომს“ უთხრა, რომ 40 ადამიანის დაკავება მოხდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ და ბათუმის საკრებულოს წევრი ნოდარ დუმბაძე „მეტრონომთან“ საუბარში ამბობს, რომ ბათუმში აქციის მსვლელობისას ღამე მოვლენების ესკალაცია გარკვეული ძალების მიერ იყო მართული.
მისი თქმით, თავდაპირველად აქციაზე მართლაც, რომ პოლიციის თავგასული ქმედებების გასაპროტესტებლად ადგილობრივი მოსახლეობა გამოვიდა, ხოლო მოგვიანებით დარჩა შთაბეჭდილება, რომ მას ვიღაც მართავდა.
დუმბაძის აზრით, ბათუმის პოლიციის უფროსს, არ არის გამორიცხული, რომ პროვოკაცია სუს-მა მოუწყო, რადგანაც მისი კანდიდატურა ამ უწებისთვის და მისი ხელმძღვანელისთვის ვახტანგ გომელაურისთვის მიუღებელია.
დუმბაძე ამბობს, რომ სუს-ი ბათუმში ყველა საკადრო ცვლილებებს აკონტროლებს და აჭარის პოლიციის უფროსის კანდიდატურა მისთვის მისაღები არ არის. მისი თქმით, ღამით აქციაზე უკვე გამოჩდნენ კარგად შეიარაღებული და მობილიზებული ჯგუფები, რომლებიც ნიღბებით სიტუაციის არევას და ესკალაციას ცდილობდნენ.
დეპუტატის განცხადებით, სწორედ ამ ნიღბიანმა ადამიანებმა დაიწყეს მანქანების დაწვა და მოწოდება, რომ ისინი პოლიციის სამართველოს შენობაში შეცვენილიყვნენ.
„რამდენიმე დღის წინ, სუს-ის მაღალჩინოსანი თეიმურაზ ყიფიანი და შემდეგ მისი რამდენიმე თანამშრომელი პატრულმა დააჯარიმა. ამან კი მათ შორის ისედაც დაძაბული სიტუაცია კიდევ უფრო გაართულა. როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი ჰყვება, სუს-ის მაღალ ჩინოსანმა მისი მაღაზიის წინ მანქნა გააჩერა, რასაც მალევე პატრულის გამოჩენა და მათ შორის კონფლიქტის დაწყება მოჰყვა.
ყიფიანი დაემუქრა პოლიციელს, რომ მას ეს საქციელი არ შერჩებოდა და ამაზე პასუხს აჭარის პატრულის პოლიციის უფროსი აგებდა. როგორც ცნობილია, ეს პიროვნება სუს-ს არ ემორჩილება და მასზე კონტროლს ვერ ახორციელებენ. ვრცელდებოდა ხმები აქციამდე რამდენიმე დღით ადე, რომ მის წინააღმდეგ სუს-მა კომპრომატების მოგროვება დაიწყო.
მივაქციოთ ასევე სუს-ის აგენტად ცნობილი მერაბ ღლონტის მოქმედდებებს, რომელიც სუს-ის მაღალი თანამდებობის პირის დაჯარიმების შემდეგ აქტიურობას იწყებს. შემდეგ აგდებს თემას, რომ აჭარლებს პოლიციის უფროსმა „თათრები“ უწოდა.
ასევე ღამე მოდის ხმები რომ, სწორედ უსაფრთხოების სამსახურთან დაახლოვებული პირები აჭარის რეგიონებში აქტიურობას იწყებენ და მოსახლეობას სასწრაფოდ ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებენ, რათა მას პასუხი აგებინონ.
აქციაზე მეც ვიმყოფებოდი და კარგად ვხედავდი სამმართველოში შეჭრის სურვილს ნიღბიანი პირები გამოთქვამდნენ. ფაქტი სახეზე იყო, რომ სუს-მა ჯერ სიტუაციის განვითარებას უყურა, შემდეგ კი მოქმედება დაიწყო.
თქვენ წარმოიდგინეთ, რომ პოლიციას დავალება ჰქონდა აქციის მონაწილეებს ქალაქიც რომ დაენგრიათ, ხმა არ გაეცათ. ფაქტია, რომ მღებრიშვილმა სიტუაცია იყიდა და ფრთხილი მოქმედება დაიწყო“, – ამბობს დუმბაძე.
უწყებებს შორის დაწყებულ დაპირისპირებას პოლიტპატიმარი თამაზ ბუცხრიკიძე არარეალურს უწოდებს. მისი თქმით, მან აქციაზე ბევრი მოკრიმინალო ელემენტი ამოიცნო, რომლებიც პირადად აჭარის პოლიციის უფროს ჰყავდა გამწარებული.
მისი თქმით, ღამე აქციის ასე განვითარება კრიმინალური ავტორიტეტების მიერ მოხდა, რომლებიც წამლის და იარაღის ჩადებით პოლიციას გამწარებული ჰყავს.
ბუცხრიკიძე ფიქრობს, რომ ეს პოლიციაზე ერთგვარი შურისძიება იყო, რომელსაც ხელი შემდეგ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და სხვა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა შეუწყეს.
მისი აზრით, მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა აჭარის პოლიციის უფროსი უნდა გადააყენოს, რადგანაც ასეთი პროვოკაცია შესაძლოა კვლავ განმეორდეს და აქ უკვე ქვეყნის უსაფრთხოების საფრთხეც დადგეს.
„მე ვერ გავიზიარებ ვერსიას, რომ ეს სუს-ის და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაპირისპირება იყო. მე უფრო მგონია, რომ ეს იყო ყველა ძალის მიერ პროვოცირებული სოციალური პრობლემა, რომლის საკუთარი ინეტრესებისთვის გამოყენება სცადეს. მე პირადად აქციაზე მოკრიმინალო ელემენტები დავინახე, რომელთაგან უმრავლესობა ციხეში ნარკოტიკების და იარაღის ტარებისთვის იჯდა.
აქვე ვნახე ასლან აბაშიძის მთავრობაში მყოფი ადამიანები, რომლებიც აგრესიით გამოირჩეოდნენ. ეს იყო ავანტიურისტი „ნაციონალურ მოძრაობის“ მიერ კარგად დაგეგმილი პროვოკაცია, რომლებმაც საზოგადოების გასაჭირი საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენება სცადა“-ამბობს ბუცხრიკიძე.
„რესპუბლიკური“ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი „მეტრონომთან“ ამბობს, რომ ცალსახად ეჭვებს აჩენს ის გარემოება, როდესაც აქციის ორგანიზატორი მერაბ ღოღობერიძე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს და ის სუს-ის აგენტად მოიაზრება.
ბერძენიშვილის თქმით, ღოღობერიძე ბათუმში სუს-ის მაღალჩინოსნებთან ურთიერთობასა და კონტაქტშიც არა ერთხელ შეუმჩნევიათ. შესაბამისად ის ვარაუდობს, რომ მის მიერ წამოჭრილი თემა აჭარის პოლიციის უფროსი ადგილობრივებს „თათრებს“ უწოდებს უშიშროების სამსახურის შემოგდებული შეიძლება იყოს.
„გამოძიებამ უნდა დაადგინოს ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურმა ცუდად იმუშავა თუ შეგნებულად, როდესაც აქციის პროვოცირების საშუალება ვიღაცებს მისცა. რატომ არ მოახდინა ასევე სწრაფი რეაგირება შინაგან საქმეთა სამინისტრომ და რას ელოდებოდა ის?
ფაქტია, რომ ამ სიტუაციით მანაც სარგებლის ნახვა სცადა. გამოჩნდა რამდენიმე საგანგაში გარემოება, რომ ამ აქციით ხელის მოთბობა არა ერთმა დაინტერესებულმა ძალებმა მოინდომეს. ხელისუფლების მიმართ შთაბეჭდილება გაჩნდა, რომ ის აქციის რადიკალურად განწყობილ მონაწილეებს ქალაქის დანგრევის საშუალებას აძლევდა.
რაც შეეხება შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს, რატომ არ წავიდა ის თავის დროზე ბათუმში და რატომ დაელოდა პრემიერის გადაწყვეტილებას, ფაქტია რომ ის ასეც უნდა მოქცეულიყო და მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებას დალოდებოდა.
მე კითხვები უფრო პრემიერის მისამართით მიჩნდება. სად იყო ის აქამდე? შეიძლება იმ ადამიანს ეძინა, ვისთვისაც ჭკუა უნდა ეკითხა და გაღვიძება ვერ შეჰბედა. ფაქტი ერთია, რომ ხელისუფლებამ რეაქცია დააგვიანა.
სეპარატისტული განცხადებები, რომ ბათუმი აჭარლებისაა და ასე შემდეგ, ეს არის ასლან აბაშიძის ხელწერა და ცნობილი ფანდია, რომელსაც ის 90-იანი წლებიდან იყენებდა. აჭარაში სერიოზულად არანაირი სეპარატისტული განწყობები არ არსებობს.
ამის ნიშნებიც კი არ არის, ის რაც კალაძეს წამოცდა და ეს ეთნიკურ პრობლემად დაგვიხატა, სრული უმეცრება იყო. საერთოდ, ასეთი განცხადების შემდეგ ადამიანი კი უნდა დაფიქრდე, მთავრობაში რა კაცი გიზის. პირველკლასელს რომ არ შეეშლება ისეთი რაღაცები ეშლება.
გაუნათლებელი ხალხი ბევრი რომ გვაყვს ფაქტია, მთავარია საქმე არ გააფუჭონ. იმ ადამიანებს მინდა ვკითხო ვინც ამ სახის პროვოკაციას აწყობს, როდის შემდეგ გახდა გორელობა და მეგრელობა სამარცხვინო? ამით კიდევ საკითხავია ვინ და რატომ სარგებლობს.
უშიშროების სამსახური ამ კუთხით რატომ არ მუშაობს? რაში სჭირდება მას ამ რეგიონში, ან ბათუმში მსგავსი სახის პროვოკაციები? იქნებ თავად სუს-ში ის ხალხი ვინც ვიღაცის ინტერესებს ასრულებს? ეს ყველა კუთხით სამუშაო თემაა. ბათუმში მოიძებნებიან სუს-ის ცალკეული წარმომადგენლები, რომლებიც ამ პროვოკაციას ხელს უწყობენ“, – ამბობს ბერძენიშვილი.
ელზა პაპოშვილი