ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“რას ნიშნავს გვერდი აუარო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას”: იურისტი განმარტავს

მმართველი გუნდის მიერ სტრასბურგის სასამართლოსთან დაკავშირებულ განცხადებებს, ევროსასამართლოს განჩინების აღსრულება-არაღსრულებასთან დაკავშირებით, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ადვოკატი, თამთა მურადაშვილი ეხმიანება. მისი თქმით, სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე გვერდის ავლა კონვენციის მუხლის დარღვევას ნიშნავს:

“მათთვის ვისაც ჰგონია, რომ სახელმწიფოს რომელიმე ორგანოს შეუძლია სტრაბურგის გადაწყვეტილებას დროებითი ღონისძიების შესახებ გვერდი აუაროს რაიმე ფორმით, განგიმარტავთ: ჩვენს საქმეზე სტრაბურგმა საქართველოს ხელისუფლებას მიუთითა, რომ დროებითი ღონისძიების შეუსრულებლობა ნიშნავს კონვენციის 34-ე მუხლის დარღვევას და იქვე მიუთითა “მამატკულოვი და ასკაროვი თურქეთის წინააღმდეგ” საქმის 128-ე და 129-ე პუნქტებზე. აგერ რა წერია ამ პუნქტებში:

128- სასამართლო განმეორებით აღნიშნავს, რომ კონვენციის 34-ე მუხლის ძალით ხელშემკვრელმა სახელმწიფოებმა იკისრეს ვალდებულება, თავი შეიკავონ ნებისმიერი მოქმედების ან უმოქმედობისგან, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს განმცხადებლის მიერ მისი განაცხადის უფლების ეფექტიან განხორციელებას. ხელმშემკვრელი სახელმწიფოს მიერ დროებითი ღონისძიებების შეუსრულებლობა უნდა ჩაითვალოს სასამართლოსთვის ხელის შეშლად განმცხადებლის საჩივრის ეფექტიან განხილვაში და ხელის შეშლად განმცხადებლისთვის მის მიერ აღნიშნული უფლების ეფექტიან განხორციელებაში და, შესაბამისად, კონვენციის 34-ე მუხლის დარღვევად.

129- მის ხელთ არსებული მასალების საფუძველზე სასამართლო ასკვნის, რომ სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის შესაბამისად მითითებული დროებითი ღონისძიებების შეუსრულებლობით თურქეთმა დაარღვია მასზე კონვენციის 34-ე მუხლით დაკისრებული ვალდებულებები.

ჰოდა, ან ასრულებთ სტრასბურგის გადაწყვეტილებას ან ვართ რუსეთი!”-აცხადებს მურადაშვილი.

შეგახსენებთ, რომ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ “კვირის პალიტრას” მისცა ინტერვიუ, სადაც განაცხადა, რომ „რამდენადაც მტკივნეულიც არ უნდა იყოს, უზენაესი სასამრთლოს გადაწყვეტილება ძალაში შევა“. თუმცა, იქვე დასძინა, რომ სტრასბურგის საბოლოო გადაწყვეტილებამდე ხელისუფლება აღსრულებას არ გეგმავს.

ამავდროულად, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლოს უზენაესი სასამართლოს მიერ რუსთავი2თან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა არ შეუძლია.

პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ კი დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სტრასბურგის გადაწყვეტილებასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

“საქართველოს ევროპული გზა და ევროპული მომავალი შეუქცევადია. საქართველომ დიდი ხნის წინ გააკეთა არჩევანი ევროპულ სტანდარტსა და რუსულ სტანდარტს შორის.
1999 წელს ჩვენ უპირობოდ შევუერთდით ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციას, რითიც განვაცხადეთ, რომ ვიზიარებთ და მზად ვართ დავიცვათ ევროპული ფასეულობები. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ვაღიარეთ ევროსასამართლოს უზენაესობა და ავიღეთ ვალდებულება კონვენციის ყველა მუხლის შესრულებაზე.
დღეს, როდესაც ასე ახლოს ვართ ევროპასთან, როგორც არასდროს, ნებისმიერი კითხვის ნიშნის დასმა ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების კონტექსტში, არის დარტყმა საქართველოს ევროპულ მომავალზე. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მანძილზე არასდროს, არც ერთ მთავრობას არ დაუყენებია ეჭვქვეშ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულება. შესაბამისად, პრეზიდენტს მიაჩნია, რომ საქართველო დაიცავს ნაკისრ ვალდებულებებს, არ გადაუხვევს ევროპული გზიდან და არ იტყვის უარს ევროინტეგრაციაზე”, – განაცხადა მიშველაძემ.

იტვირთბა....