“დინამო არენაზე” საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ნაკრებების შეხვედრა დასრულდა.
“ბორჯღალოსნებმა” რუსეთის ნაკრები ანგარიშით – 28:14 დაამარცხა. შეხვედრა, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
მატჩის მეოთხე წუთზე ბორჯღალოსნებმა პირველი ლელო დადეს. მეკო კვირიკაშვილმა კი გარდასხვა ბრწყინვალედ შეასრულა და ანგარიში 7:0 გახდა.
26-ე წუთზე საქართველოს ნაკრებს ლელო ვასილ ლობჟანიძემ მოუტანა, გარდასახვა კი კვლავ ზუსტად შეასრულა მეკო კვირიკაშვილმა. პირველი ტაიმი ბორჯღალოსნებმა 14:0 დაასრულეს.
48-ე წუთზე ლობჟანიძებ დუბლი შეასრულა, რასაც კვირიკაშვილის ზუსტად შესრულებული გარდასახვა მოჰყვა და ანგარიში 21:0 გახდა, თუმცა მალევე რუსმა მორაგბეებმა ლელო დადეს და ანგარიში 21:7 გახდა.
67-ე წუთზე ლელო დავით კაჭარავამ დადო, რის შემდეგაც მორიგი გარდასახვა ზუსტად შეასრულა მეკო კვირიკაშვილმა და ანგარიში 28:7 გახდა. თუმცა რუსეთის ნაკრებმა კიდევ ერთი ლელოს დადება შეძლო და საბოლოო ანგარიში 28:14 დაფიქსირდა.