საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ ახალი დირექტორი, ქაშუეთის ტაძრის წინამძღვარი , დეკანოზი მიქაელ ფოფხაძეა. წლების წინ, სანამ სასულიერო პირი გახდებოდა ქართული როკის სათავეებთან იდგა და 70-იან წლებში ის როკ-ჯგუფ „კვადრატში“ ვალერი კოჩაროვთან ერთად ჰარდ-როკს უკრავდა, შემდეგ როკ-ჯგუფ „თეატრონში“, შემდეგ კი „ვია75“-ში.
მიშა ფოფხაძე ერთ-ერთი საგასტროლო გასვლისას უცხოეთში დარჩა. წლების შემდეგ მისი ხმის მოსმენა „ამერიკის ხმიდან“ იყო შესაძლებელი. სწორედ აქ მუშაობდა ის რადიოფსევდონიმით „ლუკა ბეთანელი“. გარკვეული პერიოდის შემდეგ, მიხეილ ფოფხაძე მღვდლად ეკურთხა და მამა მიქაელი გახდა, ის რამდენიმე წელი აშშ-ში მართლმადიდებელ ეკლესიაში მოღვაწეობდა, შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და ახლა ის ქაშუეთის ტაძრის წინამძღვარია.
პატრიარქის გადაწყვეტილებით ის საპატრიარქოს ტელევიზიის დირექტორად მას შემდეგ შეარჩიეს, რაც აღნიშნული თანამდებობა ჭყონდიდელ მიტროპოლიტს პეტრე ცაავას დაატოვებინეს.