aviabiletebi
აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

პროკურატურის 10 ლაფსუსი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეში

aviabiletebi
ავიაბილეთები

„მეტრონომთან“ იურისტები, ე.წ. ციანიდის საქმეზე, მნიშვნელოვან კითხვებს სვამენ

მას შემდეგ რაც პროკურატურამდეკანოზ მამალაძის საქმეში არსებული მტკიცებულებების ნაწილი გაასაჯაროვა, იურისტების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. მათი თქმით, ფარული აუდიოჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ, პასუხების მაგივრად სულ უფრო მეტი კითხვები გაჩნდა.

ისინი ვარაუდობენ, რომ პროკურატურა თუ დეკანოზის ფარულ თვალთვალს და მოსმენას ახორცილებდნენ, მათ საზოგადოებისთვის უკვე უნდა წარმოედგინათ მტკიცებულება დეკანოზმა მომწამვლელი ნივთიერება „ციანიდი“ ვისაგან იყიდა.

იურისტებს მიაჩნიათ, რომ პროკურატურამ გარკვეული შეცდომები დაუშვა. მათ შორის ის, რომ გიორგი მამალაძემასზე ოპერატიული თვალთვალი არ დაიწყო. მათივე აზრით, საქმის ირგვლივ აუცილებლად უნდა არსებობდეს უკვე რამდენიმე მნიშვნელოვან და საკვანძო კითხვებზე პასუხი. ისინი ამბობენ, რომ პროკურატურას გამოძიებაში რამდენიმე სახის ლაფსუს აქვს.

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე, საკითხის სპეციალური შესწავლის შემდეგ, იურისტების თუ საზოგადოების სხვადასხვა წრეების წარმომადგენელთა მიერ გამოტანილი ანალიზის საფუძველზე, „მეტრონომი“ გთავაზობთ იმ ლაფსუსებს, რომლებიც ბრალმდებელი უწყების, პროკურატურის მხრიდან გამოიკვეთა:

1 – იურისტების აზრით, საეჭვოა გამოძიების მიერ წარმოდგენილი GOOGLE-ის თემა, სადაც დეკანოზი საწამლავ ციანიდის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტში ეძებს. მითუმეტეს, ფარულ ჩანაწერში ჩანს, რომ მამაოს ამის გაკეთებას და ინფორმაციის გუგლში მოძიებას პროკურატურის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე სთხოვს. ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ GOOGLE-ის თემით დაინტერესება გამოძიების ინტერესში, ჯერ კიდევ დეკანოზის დაკავებამდე შედიოდა, რადგან შემდგომ ის არგუმენტის სახით გამოყენებულიყო.

იურისტები ფიქრობენ, რომ GOOGLE-ში დეკანოზის მიერ ინფორმაციის მოპოვება, არ შეიძლება სერიოზულ მტკიცებულებად იყოს აღქმული. მითუმეტეს, ის ამას საკუთარი ინციატივით არ აკეთებს და ამას მოწმე სთავაზობს.

2 – მთავარ საკვანძო საკითხს გამოძიებაში კითხვაზე პასუხი წარმოადგენს, დეკანოზმა მამალაძემ „ციანიდი“ ვისგან და რა სიტუაციაში შეიძინა. პროკურატურას დღემდე არ წარმოუდგენია ამის მტკიცებულება, რაც საკმაოდ ბევრ რამეს მოჰფენდა ნათელს.

3 – იურისტების აზრით, პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ფარული ვიდეოჩანაწერი უწყვეტ რეჟიმში არ არის წარმოდგენილი და ეჭვი ჩნდება, რომ ის დამონტაჟებულია. იურისტებს ეჭვი აქვთ, რომ აქ გამოძიების პირადი დაინტერესება ჩანს.

4 – ბრალდების მხარის ლაფსუსად ასევე შეიძლება ის ფაქტიც ჩაითვალოს, რომ პროკურატურამ, აეროპორტში ამოღებული დეკანოზის ჩანთა, რომელშიც მათი თქმით, ციანიდი აღმოჩნდა, 7 საათის დაგვიანებით დააბრუნა.

5 – პროკურატურას ჯერ კიდევ არ გაუცია პასუხი, ფარულ აუდიოჩანაწერში ვის გულისხმობს დეკანოზი, როდესაც ის ამბობს, რომ მას ციანიდის  შესაძენ თანხას გამოუგზავნიდნენ. ვინ არიან ის პირები, რომლებიც მას შესაძლოა ამ დანაშაულის განხორციელებაში ეხმარებოდნენ? თუ საიდან გამოიგზავნა თანხა, ამის დადგენა პროკურატურას არ უნდა გასჭირვებოდა. თუმცა, თუკი დეკანოზს ფული ხელზე მისცეს, არც ამის დადგენა უნდა ყოფილიყო პრობლემა, რადგან ბრალმდებლები მას იმ პერიოდში უკვე უთვალთვალებდნენ.

6 – გამოძიებას ასევე ჯერ არ გაუცია პასუხი ვინ არის ის ადამიანი, ვისაც დეკანოზმა ირაკლი მამალაძემდე საწამლავის შოვნაში დახმარება სთხოვა და მისგან უარი მიიღო. მათი აზრით, თუ გამოძიების მთავარი მოწმე მამალაძე ყველაფერზე ასე ღიად საუბრობს, ეს მეორე მოწმე, რომელსაც მამაომ ციანიდის ყიდვაში დახმარება სთხოვა, რატომ არის დაფარული?

7 – რატომ დააკავეს დეკანოზი აეროპორტში მაშინ, როდესაც მას ბარგი უკვე ჩაბარებული ჰქონდა და არა მაშინ, როცა ხელში ეჭირა, ზედმეტი კითხვების თავიდან ასაცილებლად?

8 – რატომ არ მისცა პროკურატურამ საშუალება დეკანოზს, რომ ის გერმანიაში ჩასულიყო და თვალთვალის მეშვეობით ის ფაქტზე აეყვანა? ანუ ობიექტის მოწამვლამდე მომხდარიყო მისი ფაქტზე აყვანა.

9 – დეკანოზი თუ მკვლელობას გეგმავდა, რატომ არ მოქმედებდა ფრთხილად და ციანიდის საყიდლად პირველად ვიღაცას უცხოეთში რატომ ურეკავს? „მკვლელობის დამგეგმავი“ აშკარად ღიად მოქმედებს, ის ურეკავს მეგობარს, ნათესავს და თხოვს ციანიდის შოვნას, ამასთან ის თავისუფლად ესაუბრება მას შორენა თეთრუაშვილის „მარილზე გასვლაზე“ და გერმანიაში წასვლამდე ტელეფონითაც კი ურეკავს და ეუბნება, რომ იმ ნივთის გარეშე ვერ წავიდოდა პატრიარქთან. არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ასე თავისუფლად და  ღიად მკვლელობის დამგეგმავი არ უნდა მოქმედებდეს.

10 – კითხვა ჩნდება ვის გულისხმობს ფარულ ჩანაწერში დეკანოზი მამალაძე, როდესაც საუბრობს, რომ ის ტკბილეულს არ ჭამს და შესაბამისად საწამლავის განეიტრალება ვერ მოხდება. არის თუ არა ეს მდივან-რეფერანტი შორენა თეთრუაშვილი, ეს ვიდეოჩანაწერში არ ჩანს. ანუ ვიდეოჩანაწერში არ არის ნახსენები პირდაპირი ობიექტი, რომელიც ბრალდებისთვის სათანადო არგუმენტად გამოდგებოდა. მითუმეტეს, დეკანოზის ადვოკატი გიორგი ფანცულაია ამბობს, რომ მამალაძემ დაკითხვაზე ამაზე პასუხი ამომწურავად გასცა და პროკურატურას მის გასაჯაროვებას სთხოვს.

a63139b

იურისტი ლია მუხაშავრია ამბობს, რომ პროკურატურას სწორედ იმ მნიშვნელოვან და გამოძიებისთვის საკვანძო კითხვებზე პასუხი არა აქვს გაცემული, რომელიც დეკანოზის ბრალეულობას ეჭვის ქვეშ აღარ დააყენებდა. მუხაშავრია ამბობს, რომ პროკურატურას ეს ჩანაწერი კი არა, იმის მტკიცებულება უნდა წარმოედგინა, თუ დეკანოზმა ციანიდი ვისგან როდის და რა სიტუაციაში შეისყიდა.

იურისტი ასევე კითხვას სვამს: რატომ არ იცის პროკურატურამ 6-დან 10 თებერვლამდე დეკანოზი რას აკეთებდა? ეს ის პერიოდია, როცა ბრალდების მხარე მის თვალთვალს აქტიურად და ოპერატიულად ახორციელებს.

„პირველ რიგში გამოძიებას კითხვაზე პასუხი უნდა გაეცა, ციანიდი დეკანოზმა ვისგან იყიდა. მაშინ როდესაც, ამ ფაქტის მოხდენიდან თვეზე მეტია გასული. თანაც, როგორც ირკვევა, დეკანოზს წესით იანვრის თვიდან უკვე უთვალთვალებენ.

ფარული

ძალიან მეეჭვება, რომ დეკანოზმა ციანიდი ვინმესგან შეისყიდა. ეს ფაქტი კიდევ უფრო საეჭვო ხდება ამ მასალის ნახვის შემდეგ. არადა, ეს არის საკვანძო საკითხი, რომელმაც დეკანოზის ბრალეულობა უნდა დაამტკიცოს.

პირველივე დღეებში საზოგადოების ინფორმირება უნდა ყოფილიყო გამოძიების დეტალების შესახებ და პროკურატურის მიმართ, ამდენი კითხვები აღარ გაჩნდებოდა.

დაახლოებით ერთი თვის შემდეგ გვაჩვენებენ მასალებს, რომელიც მათ დეკანოზის დაკავებამდე დიდი ხნით ადრე ჰქონდათ. ამაზე კი თავიდანვე არ საუბრობდნენ და რაღაც მინიშნებებს აკეთებდნენ, ესეც კითხვებს აჩენს. პროკურატურამ ვერა და ვერ ისწავლა, რომ საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულია“, – ამბობს მუხაშავრია.

მისივე თქმით, კრიმინალური არაფერია იმაში, რომ დეკანოზი ფარულ ვიდეოჩანაწერში მისთვის შეუფერებელ გამონათქვამებს იყენებს. მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ვიდეო უწყვეტი არ არის და ის დამონტაჟებულია. მუხაშავრია ეჭვის ქვეშ აყენებს იმ ფაქტსაც, რომ დეკანოზს 2 გრამი ციანიდის საყიდლად 5 ათასი ლარი სჭირდებოდა, მაშინ როდესაც საყდრისში მისი მოპოვება ასე ადვილად ხდება.

იურისტის განცხადებით, ჩანაწერში არანაირი სახის მტკიცებულება არ არსებობს, რომ ის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მოკვლას აპირებდა. მისი აზრით, „შორენა მარილზე წავა“ უფრო ხუმრობას ჰგავს, რადგანაც ამ წინადადებას ჩანაწერში სხვა სახის განვრცობა არ აქვს. იურისტის აზრით, დეკანოზი იმ დონის სულელს არ ჰგავს, რომ მას არ სცოდნოდა ტელეფონზე ასე ღიად ადამიანის მოკვლაზე და ციანიდზე არ ესაუბრა.

15775654

მისი აზრით, საეჭვოა, ადამიანს რომელსაც მკვლელობა აქვს დაგეგმილი, ასე ხმამაღლა, ღიად და უშიშრად მოქმედებდეს. ასევე, დეკანოზს წესით უნდა სცოდნოდა, რომ საწამლავით აეროპორტში ვერ გავიდოდა და მის ბარგს გაჩხრეკდნენ.

იურისტი პროკურატურის დიდ შეცდომას უწოდებს, როდესაც მამაოს ჩანთის ჩაბარების შემდეგ აკავებენ და არა ჩანთით ხელში. ასევე მუხაშავრიას აზრით, ყველაზე მყარი მტკიცებულება მისი გერმანიაში პროცესში დაკავება იქნებოდა, ან „ციანიდის“ ყიდვის დროს.

„ვფიქრობ ეს არის საკმაოდ ცუდად დაგეგმილი ოპერაცია, სადაც გამოძიება ჩიხში შევიდა. ეჭვი მაქვს, რომ ეს ოპერაცია რამდენიმე ძალიან არაკომპეტენტური ადამიანის მიერ არის დაგეგმილი, რომელთაც გარკვეული ქულების დაწერის სურვილი ჰქონდათ და ყველა შეცდომაში შეიყვანეს.

ბოლოს აღმოჩნდა, რომ მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლა კი არა, არამედ მდივან-რეფერანტის მკვლელობის დაგეგმვის ვერსიაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

ვიღაცას ეკლესიისთვის ძირის გამოთხრა სურდა, რაც ნაწილობრივ მიღწეულია“ – ამბობს მუხაშავრია.

იურისტი ლევან ალაფიშვილი „მეტრონომთან“ აცხადებს, ფაქტი, რომ პროკურატურამ ჯერ კიდევ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, თუ ციანიდი მამალაძემ ვისგან იყიდა, იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ პროკურატურა მის ფარულ თვალთვალს და მიყურადებას არ ახორცილებდა. იურისტი ამბობს, რომ თუ ეს ფაქტი სინამდვილეს შეესაბამება, მაშინ გამოდის, რომ სისტემურ პრობლემასთან გვაქვს საქმე და ეს არაპროფესიონალიზმის ნიშანია.

ალაფიშვილი დეკანოზის ბარგის ჩხრეკის თემასაც ეხება და გაკვირვებას გამოთქვამს, რატომ არ მოხდა დეკანოზის ბარგის ჩაბარებამდე დაკავება. მისთვის პროკურატურის ინფორმაცია, რომ ბარგის 7 საათის დაგვიანებით მიტანა ჩემოდანზე კოდის არსებობის გამო მოხდა, დიდად სარწმუნო არგუმენტს ვერ წარმოადგენს. იურისტის აზრით, თუ გამოძიებას ამ ფარული ჩანაწერის გარდა, სხვა არაფერი აქვს, მას სასამართლოში მამალაძისთვის საერთოდ ბრალის დამტკიცება გაუჭირდება.

„გამომდინარე იქედან, რომ პროკურატურა გამოძიებას კვლავ აგრძელებს, გადაჭრით რაიმეზე საუბარი ძალიან რთულია. თუმცა ის დრო, რაც გამოძიებას დეკანოზის დაკავებიდან ჰქონდა, მინიმუმ ის მაინც უნდა წარმოედგინათ საზოგადოებისთვის, მან „ციანიდი“ ვისგან იყიდა. ყველაზე მთავარ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ.

ვფიქრობ, რომ პროკურატურამ დიდი შეცდომა დაუშვა, თუ მათ მთელი ეს გამოძიება მხოლოდ ირაკლი მამალაძის იმედად დატოვეს და დეკანოზის მიმართ, ფარული თვალთვალი და მიყურადება არ განხორციელდა. დარწმუნებული ვარ გამოძიებას ფარული მიყურადების, ან თვალთვალის შედეგად ციანიდის ყიდვის ფაქტი რომ ჰქონოდა, მას აუცილებლად წარმოგვიდგენდა.

რატომ არ აქვს პროკურატურას კითხვაზე პასუხი, ვის გულისხმობს მამაო, როდესაც ამბობს, რომ ის ფულს ელოდება და გამოუგზავნიან. ვინ არის ეს ხალხი, რა ფულს უგზავნიან და რატომ? საბანკო გადარიცხვები რატომ არ არის, როგორ და რა თანხებით ყიდულობს ციანიდს.

დეკანოზის სახელზე მოხდა რაიმე თანხის ჩარიცხვა? თუ ეს ფული მან ხელზე ფიზიკური პირისგან აიღო, ვინ არის ეს ადამიანი და როდის აიღო? გამოძიებას ამის მტკიცებულებები აქვს? ეს საკვანძო მტკიცებულებები რომ გაესაჯაროვებინა ამდენი ეჭვები აღარ გაჩნდებოდა“ – ამბობს „მეტრონომთან“ ალაფიშვილი.

ასე რომ, „საუკუნის საქმედ“ წოდებული ამბავი როგორ დასრულდება ახლო მომავალი გვიჩვენებს, ერთი კი ფაქტია, რომ საზოგადოება ისე ფაქიზად და პედანტურად ადევნებს თვალს გამოძიებას, რომ პროკურატურას ერთი მცირე შეცდომაც ძვირად დაუჯდება, მითუმეტეს იმის ფონზე, რომ მათმა არაპროფესიონალიზმმა მაღალჩინოსნებს უკვე ისეთი განცხადებები გააკეთებინა, რომელმაც მათ პოლიტიკურ იმიჯზე პოზიტიური გავლენა ნამდვილად ვერ მოახდინა.

ელზა პაპოშვილი

იტვირთბა....