დეპუტატი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტი აგრძელებს იმ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის დისკრედიტაციას, რომელსაც საკონსტიტუციო რეფორმა ჰქვია. მდინარაძის ეს განცხადება პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე კამპანიის დაწყების ინიციატივას ეხება, რომელსაც პრეზიდენტი დღეს იწყებს.
მდინარაძის განცხადებით, პარლამეტის წევრები დღეს პლენარულ სხდომაზე უნდა იყვნენ და არა „პრეზიდენტის ახალ სპექტაკლზე“.
„იქნებ ვინმემ ურჩიოს მას, რომ ასეთ განხილვებს აქვს კანონით გაწერილი დრო. პარლამენტის წევრები პლენარულ სხდომაზე უნდა იყვნენ და არა პრეზიდენტის ახალ სპექტაკლზე. შეუძლებელია გამორჩენოდათ, პარასკევს რომ სხდომა იყო. დარწმუნებული ვარ, ესეც შეგნებულად გააკეთეს როგორც წინა შემთხვევის დროს, როდესაც კომიტეტის სხდომების მიუხედავად, განცხადებებს ავრცელებდნენ ფრაქციებს უნდა შევხვდეთო. სწორედ ესაა უპატივცემულობა, რაც არ ჯდება არც ერთი მოქალაქის ინტერესში. მიუხედავად ასეთი გამოხტომებისა, ჩვენ გავაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას კომისიის ფარგლებში და დავდებთ ისტორიულ შედეგს ახალი, გამართული კონსტიტუციის სახით, პრეზიდენტი კი,როგორც ჩანს, გააგრელებს მსგავსი მიუღებელი მეთოდებით პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობას, მაგრამ გარწმუნებთ, ეს პროცესს ვერ შეაჩერებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, დღეს, პრეზიდენტის სასახლეში მიწვეუნი არიან პარლამენტის თავმჯდომარე და საკონსტიტუციო კომისიის წევრები. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, გაიმართება შეხვედრა, სადაც პრეზიდენტი გააცნობს საზოგადოებას და მათ შორის საკონსტიტუციო კომისიის წევრებს, თუ როგორია მისი ხედვა კონსტიტუციის სახალხო განხილვასთან დაკავშირებით.