პრემიერ კვირიკაშვილმა იტალიაში ოფიციალური ვიზიტის შედეგები შეაფასა და ვიზალიბერალიზაციის თემასაც შეეხო.
„ხელი მოვაწერეთ მნიშვნელოვან ხელშეკრულებებს. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ვიზიტი გახდება საფუძველი ახალი მნიშვნელოვანი ფაზის დაწყების. არა მხოლოდ იმედი გვაქვს, არამედ მივიღეთ ამაზე თანხმობა, რომ ჩვენი ურთიერთობა მიიღებს სტრატეგიული ურთიერთობის ხასიათს,” – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერმა კიდევ ერთხელ მიულოცა მოსახლეობას უვიზო მიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილება.
„კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველას, ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა ნამდვილად. მინდა, მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, რომ გავუფრთხილდეთ ამ მიღწევას, ვინაიდან ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რათა ჩვენ ღირსეულად ვატაროთ ეს მნიშვნელოვანი უფლება, განსაკუთრებით საწყის პერიოდში. ეს ნიშნავს, რომ ის ვადა, რომელიც არის მოცემული მოკლევადიანი ვიზიტებისთვის, არ დაირღვეს და გავიტანოთ ჩვენი ქვეყნის ავტორიტეტი ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას შეეფერება,” – აღნიშნა პრემიერ მინისტრმა.