მარტვილის წმინდა ნინოს მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია თამარ გამყრელიძე აბაშის გამგეობის გადაწყვეტილებას, რომელმაც ჭყონდიდის ეპარქიას 2012 წელს გადაცემული ”ნივა” ჩამოართვა “უგუნურ გადაწყვეტილებას” უწოდებს.
როგორც “ნიუპოსტს” იღუმენიამ განუცხადა, „ნივა“ ძველი იყო და ბოლო პერიოდში მონასტერმა საკუთარი ხარჯებით შეაკეთა.
“როგორც იცით, წაჩხურუს მთავარანგელოზების ტაძარი სასწაულთმოქმედია, სადაც უშვილო წყვილები აკვნით ადიან და ღმერთს შვილის ჩუქებას ევედრებიან. აღნიშნული ავტომობილი მონასტერს აბაშის მაშინდელმა გამგებელმა გადასცა, რომ მაღალმთიან ადგილზე არსებულ მონასტრებს მომსახურებოდა.
მე არ ვიცი, რა წერია ხელშეკრულებაში, მაგრამ ჩვენ აღვიქვამდით ავტომობილს, როგორც საჩუქარს. გაგიგიათ ხუთი წლით რაიმე გაჩუქონ და მერე უკან წაიღონ? თავის დროზე რომ ვერ გაკეთდა ჩუქება, მათი (გამგეობის) სურვილი იყო, ასეთი ფორმით გადმოეცათ ავტომობილი. წესით მერე თვითონ უნდა მოეფიქრებინათ, ჩუქება როგორ უნდა მომხდარიყო: ხელშეკრულება უნდა გაგრძელებულიყო, ჩუქება უნდა მომხდარიყო თუ რა… კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენთვის ეს “ნივა” იყო თვითმმართველობის საჩუქარი. როგორც მოქალაქეს გეკითხებით: ახლა რომ წაიყვანეს, გამგებელი დაჯდება? თუ რამეში გამოიყენებენ?, მათთვის გამოყენებისთვის ვარგისი რომ ყოფილიყო, ხომ არ გადმოგვცემდნენ? მათ ხომ თავის დროზე ჩამოწერას ამჯობინეს, სიკეთე გაეკეთებინათ და გადასცეს ეპარქიას. მონასტერს რომელსაც ავტომობილი ძალიან სჭირდებოდა. ყველამ იცის, სად მდებარეობს წაჩხურის მონასტერი და რამდენად საჭიროა ორხიდიანი ავტომობილი გადაადგილებისთვის”- განაცხადა “ნიუპოსტთან იღუმენია თამარ გამყრელიძე.
მარტვილის წმინდა ნინოს მონასტრის წინამძღვარი აბაშის გამგებელმა იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ავტომობილის ჩამორთმევა ხელშეკრულების ვადის ამოწურვას უკავშირდება.
იღუმენია თამარ გამყრელიძე ამბობს, რომ მამუკა კვიტაშვილის განცხადება, რომ ეპარქიას შეიძლება ავტომობილი დაუბრუნდეს, “უბრალოდ დაცინვაა”.
“სცხვენოდეთ ნამდვილად…! თუ ამის სურვილი ჰქონდათ, თავიანთი პირობა უკან არ წაეღოთ და პირდაპირ ხელშეკრულება გაეგრძელებინათ. ეს ადამიანებისთვის თვალში ნაცრის შეყრაა. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს”- განმარტა იღუმენიამ.
“ნიუპოსტის” კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება აბაშის გამგეობის გადაწყვეტილება ჭყონდიდის მიტროპოლიტის მეუფე პეტრეს ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებას, მარტვილის წმინდა ნინოს მონასტრის წინამძღვარი აღნიშნავს:
“მათ გონიერებაც კი არ ეყოთ, ასეთი ეჭვი რომ არ დაბადებულიყო, მსგავსად არ მოქცეულიყვნენ. ჩემი პასუხი თქვენ კითხვაზე ეს არის”- დასძინა იღუმენია თამარ გამყრელიძემ.
აბაშის გამგეობამ ჭყონდიდის ეპარქიას, რომელიც აბაშისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებს მოიცავს და რომელსაც მიტროპოლიტი პეტრე ხელმძღვანელობს, 2012 წელს გადაცემული ”ნივა” ჩამოართვა.
NEWPOSTS.GE