აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„თოჯინა პრეზიდენტის“ არჩევის ახალი წესი: რითი და რატომ ემუქრება „ოცნება“ მარგველაშვილს

 

„ქართულ ოცნებასა“ და საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს შორის დაპირისპირების ახალი ტალღა დაიწყო და მმართველი გუნდის მხრიდან პრეზიდენტის მისამართით მუქარაში გადაიზარდა.

“ოცნებისა” და გიორგი მარგველაშვილის 4-წლიანი დაპირისპირება გასული კვირის ბოლოს უკვე ულტიმატუმსა და შანტაჟში გადავიდა და პარლამენტის სპიკერმა დაიმუქრა, რომ თუ პრეზიდენტი მარგველაშვილი  არაკორექტულ განცხადებებისგან თავს არ შეიკავებს, შეიძლება პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნები არა 7 წლის შემდეგ, არამედ უკვე მომავალი წლიდან დაკანონდეს და ეს იქნება მარგველაშვილის ერთგვარი დასჯა.

კობახიძის მუქარას „ქართული ოცნების“ დეპუტატების დიდმა ნაწილმა მხარი დაუჭირა და პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება ერთი-ერთში გაიმეორეს.

პოლიტოლოგები ირაკლი კობახიძის ამ განცხადებას სამარცხვინოს უწოდებენ და ექსპერტები ამბობენ, რომ „ოცნების“ გაღიზიანება და მუქარა მარგველაშვილის ბოლო დროს გაკეთებულმა კრიტიკულმა განცხადებებმა გამოიწვია.

მათი აზრით, პრეზიდენტმა “რუსთავი 2”-ს ფრთხილად, მაგრამ მაინც  მხარდაჭერა გამოუცხადა, რაც პირველი ლედის მაკა ჩიჩუას ტელეკომპანიის ეზოში გამართულ საპროტესტო აქციაზე გამოჩენით დადასტურდა.

პოლიტოლოგების აზრით, მუქარა მთლად რეალობას მოკლებული არ არის და „ოცნებას“ ამის რეალობაში განხორციელება სრულიად თავისუფლად შეუძლია.

პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე „მეტრონომთან“ ამბობს, რომ “ქართული ოცნების” ინიციატივით, კონსტიტუციაში  პრეზიდენტის უფლებების კიდევ უფრო შეზღუდვის მიზნით, შემდეგი სახისა ცვლილებები შეიძლება შევიდეს:  პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება აღარ ექნება, პრეზიდენტი მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების პროცესში არანაირი ფორმით ჩართული არ იქნება.

დღეს მოქმედი კონსტიტუციით კი, პრეზიდენტი მთავრობის ნდობის გამოცხადების პროცესში პარლამენტს პრემიერ-მინისტრობის იმ კანდიდატურას წარუდგენს, რომელზეც არჩევანს არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური სუბიექტი გააკეთებს.

ჩიტაძის განცხადებით, თუ კობახიძის მუქარა სისრულეში იქნება მოყვანილი, „ოცნების” პროექტით, პრეზიდენტი მთავარსარდლად რჩება, მაგრამ სამხედრო ძალები საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს არა პრეზიდენტის, არამედ პრემიერ-მინისტრის ბრძანებით იმოქმედებენ.

ასევე, სამხედრო ძალების სტრუქტურას პრეზიდენტის ნაცვლად, მთავრობა დაამტკიცებს და ასევე, მთავრობა წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად სამხედრო ძალების რაოდენობას.

პოლიტოლოგის თქმით, ეროვნული უშიშროების საბჭო თავდაცვის საბჭოდ გადაკეთდება, რომელიც არ იქნება პრეზიდენტთან არსებული მუდმივი ორგანო და მხოლოდ საომარი მოქმედებების დროს ამოქმედდება. ეკოლოგიური კატასტროფისა და ეპიდემიის დროს კი სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას მხოლოდ მთავრობა მიიღებს.

ასევე  საუბარია, რომ ვერც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურებს წარადგენს პრეზიდენტი ერთპიროვნულად, მას ამისთვის პრემიერის თანხმობა უნდა ჰქონდეს.

„ვფიქრობ, რომ ოცნების წარმომადგენლები პრეზიდენტის მხრიდან დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოების გამო უკმაყოფილოები არიან. იგივე თუნდაც, „რუსთავი 2“-ის მიმართ მხარდაჭერა, რომელიც მისი მეუღლის ტელევიზიის მხადასაჭერ აქციაზე მისვლა მოჰყვა. ყველაფრის თავი და თავი კი ის დაპირისპირებაა, რომელიც ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილსა და პრეზიდენტს შორის არსებობს. „ოცნება“ ცდილობს, რომ პრეზიდენტს მიანიშნოს და გააფრთხილოს, რომ მას აქვს ყველა ბერკეტი, რათა მისი უფლებების კიდევ უფრო შეზღუდვა მოხდეს. ეს იქნება ერთგვარი დასჯა, იმის გამო, რომ ის „ოცნების“ მისაღებ პოლიტიკას არ ახორციელებს.

რა თქმა უნდა, კობახიძის მუქარა რეალურია და „ოცნებას“ პრეზიდენტის უფლებების კიდევ უფრო შეკვეცა შეუძლია. კონსტიტუციის 69-ე, 70-ე, 71-ე და 73-ე მუხლებით  პრეზიდენტის უფლებამოსილება კიდევ უფრო შეიზღუდოს.

თუმცა, მსგავსი განცხადებების გაკეთება და ქმედება მიუღებელია, რადგანაც ქვეყნის კონსტიტუცია უზენაესი კანონია და მასში ცვლილებები იმის მიხედვით უნდა ხორციელდებოდეს, სახელმწიფოსთვის ამა თუ იმ ახალი ნორმის შემოღება საჭიროა და ქვეყნის ინტერესებს ემსახურება თუ არა. საქართველოს კონსტიტუცია ვიღაცის პირად ამბიციებს არ უნდა ეწირებოდეს“, – ამბობს ჩიტაძე.

ჩიტაძე ფიქრობს, რომ „ოცნება“ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას სწორედ იმ მიზნით გამოიყენებს, რომ  მსგავის ცხვლილებები განხორციელდეს.

ექს-პრემიერ ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი და ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „მეტრონომთან“ განცხადებით, ირაკლი კობახიძის განცხადება თვითლუსტრაცია და იმის დადასტურება იყო, რაც  პრეზიდენტმა თქვა, რომ საკონსტიტუციო ცვლილების სამიზნე  მისი პერსონაა.

„ირაკლი კობახიძე ძალიან ჰგავს გადამწიფებულ თინეიჯერს და სწორედ გადამწიფებული თინეიჯერისთვის დამახასიათებელი სტილია ასეთი არასერიოზული და ანტისახელმწიფოებრივი კომენტარი.

შეიძლება პრეზიდენტი რაღაც სიტუაციებში რაღაცას არასწორად ამბობდეს და ამის გამო დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილება უნდა შეიცვალოს?! ესაა წესი და სახელმწიფოებრივი აზროვნება?!

“ქართულ ოცნებაში” პრეზიდენტის ინსტიტუტს კონკრეტული ადამიანის ჭრილში უყურებენ და ახლა ცდილობენ საერთოდ გაფცქვნან და გამოშიგნონ ეს ინსტიტუტი, რომ ავირჩიოთ თოჯინა, რომელსაც არანაირი ფუნქცია არ ექნება.

“ქართულ ოცნებას” ძალიან ბევრი პრობლემა დაუგროვდა, მათ შორის “რუსთავი 2”-ის სასამართლო გადაწყვეტილებაზე სტრასბურგის რეაქცია და ახლა ცდილობს, ეს პრობლემები ვიღაცას გადააბრალოს და ჯავრის ამოყრის მორიგი სამიზნე პრეზიდენტი აღმოჩნდა“, – ამბობს ხუხაშვილი.

ელზა პაპოშვილი

იტვირთბა....