ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭომ მენეჯმენტის მიერ წარდგენილი გეგმა დაამტკიცა

„საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ ახალი შენობა აშენდება,- ამის შესახებ სამეურვეო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა, სადაც საბჭომ მენეჯმენტის მიერ წარდგენილი სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

ახალი შენობაც კოსტავას 68#-ში, იმავე ტერიტორიაზე აშენდება, რა მისამართზეც ამჟამად საზოგადოებრივი მაუწყებლის რამდენიმე კორპუსია განთავსებული.

რაც შეეხება სამოქმედო გეგმას, ის სტრუქტურულ ცვლილებებს მოიცავს,  ასევე სატელევიზიო ბადესთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ, ამ გეგმის მიხედვით, დაგეგმილია საზოგადოებრივი მაუწყებლის რამდენიმე სამსახურის შერწყმა, თუმცა არხის მენეჯმენტში აცხადებენ, რომ თანამშრომელთა გათავისუფლება აქტიური სახის არ იქნება. ასევე ამ სამოქმედო გეგმის მიხედვით, ამ ეტაპზე – 17 ივლისამდე შენარჩუნდება არსებული საეთერო ბადე, განახლებული საეთერო ბადისთვის კი ჩატარდება კონკურსი. კონკურსი არ შეეხება საინფორმაციო გამოშვებას.

ამასთან, მენეჯმენტმა 25 მარტამდე უნდა წარმოადგინოს გეგმა გადაცემების რაოდენობასთან დაკავშირებით და ასევე იმის შესახებ, თუ როგორ დაკომპლექტდება ისინი ჟანრობრივად. აღნიშნული გეგმა ითვალისწინებს საზოგადოებრივი რადიოსა და მეორე არხის განვითარების კონცეფციასაც, ასევე მეორე არხის მეშვეობით შენარჩუნდება საპარალამენტო სხდომების ტრანსლირებაც.

როგორც მენეჯმენტში აცხადებენ, გადაცემების რაოდენობა იქნება ოპტიმალური, ტექნიკური და ფინანსური რესურსებიდან გამომდინარე.

სამოქმედო გეგმას მხარი დაუჭირა კენჭისყრაში მონაწილე სამეურვეო საბჭოს ყველა წევრმა, ქეთევან მსხილაძის გარდა. სულხან სალაძეს კი, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

არხის ახალი მენეჯმენტის სამოქმედო გეგმის მიხედვით, ახალი შენობის პროექტირების პროცესი  უახლოეს მომავალში დაიწყება. ტენდერი სავარაუდოდ, ამ კვირაში გამოცხადდება.

იტვირთბა....