აქტუალური თემა ახალი ამბები ბიზნესი ეკონომიკა ინტერვიუ მთავარი საზოგადოება

ბინის გირაობა და ყიდვა-გაყიდვა ლარში: ლარიზაციის რისკები – რომელი მხარე დარჩება წაგებული

ექსპერტი „მეტრონომთან“ ლარიზაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობს

ეროვნული ბანკისა და მთავრობის მიერ წარმოდგენილი ლარიზაციის გეგმა, კერძოდ, სესხების გალარება და საფინანსო სექტორის მიერ სესხების ასი ათას ლარამდე ეროვნულ ვალუტაში გაცემის ვალდებულება სწორედ ვალუტის გამყარებას ეფუძნება. თუმცა მომხმარებელი, რომელიც ეროვნული ვალუტის არასტაბილურობას ხედავს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მხოლოდ ამ ინიციატივის გამო მას ენდობა. ამავდროულად, ჯერ დაუზუსტებელი და არაოფიციალური ინფორმაციით, 1-ლი ივლისიდან  უძრავ-მოძრავი ქონების რეალიზაციისას ფასი მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში უნდა მიეთითოს. ვინ დაიცავს მომხმარებლის უფლებებს, მაშინ როცა ეროვნული ვალუტა მუდმივად მერყეობს?

„მეტრონომს“ თემის შესახებ „ბანკები და ფინანსების“ რედაქტორი, ზურაბ კუკულაძე ესაუბრა:

ზურაბ კუკულაძე: „ლარიზაციის შესახებ ორი საკმაოდ სერიოზული რეგულაცია მიიღო ეროვნულმა ბანკმა, რომლის შედეგებზეც უკვე შეიძლება საუბარი, განსხვავებით, სამომავლო რეგულაცების მოსალოდნელი შედეგებისგან, რადგან მთვარობისა და ეროვნული ბანკის პოზიციები საკმაოდ ბუნდოვანია.

პირველი რეგულაცია – ეს არის სესხების გალარებასთან დაკავშირებული ინიციატივა, რომელიც თავიდან ბოლომდე სოციალურ ხასიათს ატარებდა. თუ დოლარიზაციის მაღალი დონიდან გამომდინარე, მოსახლეობის დაბალი ფინანსური განათლების გამო, თავიდან პრობლემები წარმოიშვა, უფრო მეტად კომპლექსური უნდა ყოფილიყო ლარიზაციის საკითხი, რათა მოსახლეობას აქაც უკეთ გაეაზრებინა რისკები. ლარიზაციით ისევ მთელი პასუხისმგებლობა გადავიდა მოსახლეობაზე, რომელსაც უნდა გაეკეთებინა  სწორი არჩევანი, თუ როდის გაალარებდა საკუთარ სესხს. სესხების გალარება სახელმწიფოს თავიდან ბოლომე 60 მილიონი დაუჯდება, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ პროცესში უკვე არიან მხოლოდ უკმაყოფილო მსესხებლები.

როგორც ვიცით, სესხების გალარების შემდეგ ეროვნული ვალუტა ხუთი პუნქტით გამყარდა. ანუ, თუ ადამიანმა 2, 70-ზე  გაალარა კრედიტი, ახლა 2, 50 კურსით იხდის.  თუ დღეს გაალარებდა, 2, 30 კურსით გადაიხდიდა. ესეც გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგი იყო, რომ მოსახლეობას ნათლად არ შესთავაზეს აღნიშნული პროექტის სიკეთეები. ანუ, ადამიანმა კი გაალარა და ამით გარკვეული სარგებელი ნახა, მაგრამ გავიდა ერთი თვე და დაინახა, რომ ის სუბსიდია, რაც სახელმწიფომ გადაუხადა, შეიძლება წყალში აღმოჩნდეს გადაყრილი, რადგან ვალუტა იმაზე მეტად გამყარდა, ვიდრე მან სესხი გაალარა. პასუხისმგებლობა ამით კიდევ გადავიდა დაბალი ფინანსური განათლების მქონე  მსესხებლებზე, რამაც ვერც ამ პროექტის ხარჯვის ადექვატური შედეგი მოგვცა და ვერც მოსახლეობის საკრედიტო ტვირთის შემსუბუქებას შეუწყო ხელი. ეს კი არის იმის ბრალი, რომ საკითხი კომპლექსურ ჭრილში არ იყო შეთავაზებული.

რაც შეეხება მეორე სამთავრობო ინიციატივას, რის მიხედვითაც დაბალი მოცულობის სესხები მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში უნდა გაიცეს – ეს, ჩემი აზრით, ძალიან სწორია. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ  უცხოურ ვალუტაში სესხის გაცემა შესაძლებელი ხდება მხოლოდ ასი ათას ლარზე ზემოთ და თუ ადამიანი ამგვარ სესხს იღებს, მეტი შანსია, რომ  მას აქვს უკვე ის უნარები და გამოცდილება საკრედიტო სფეროში, რომ  სწორად გათვალოს  რისკები. სწორედ ასი ათას ლარამდე სესხებთან დაკავშირებით იქმნებოდა ის სოციალური პრობლემები, რაზეც ვსაუბრობდით. ეს სწორი ნაბიჯია და მივესალმები ამიტომ, თუმცა აქაც არის დიდი კითხვის ნიშანი: გვაქვს ინფორმაცია რომ საკრედიტო ორგანიზაციების გარკვეული ნაწილი (არა ბანკები) თავს არიდებენ აღნიშნულ რეგულაციებს და სხვადასხვა მიზეზით ისევ გასცემენ დოლარის კურსთან მიბმულ კრედიტებს და სავალუტო რისკი ისევ აწვება მსხესხებელს. ეს ფაქტებიც არის ყურადსაღები და გამოსაძიებელი, რომ მივიღოთ ის შედეგი, რაც მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ჩაიფიქრეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი კანონის ამოქმედება გულისხმობს ამ კანონის გვერდის ავლის საშუალებებსაც და ყოველთვის იარსებებს არაკეთილსინდისიერი მოთამაშე ბაზარზე, რომელიც გვერდის ავლის ამ საშუალებებს, საკანონმდებლო ხვრელებს გამოიყენებს. დღეს, რადგან ეროვნული ვალუტა გამყარებულია, ასე მწვავედ არ დგას ეს საკითხი, მაგრამ კურსი როგორც შედარებით ნეგატიურად შეიცვლება, ეს საკითხი მთელი სიმწვავით დადგება. მაგალითად, ზუსტად ვიცი, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც ლომბარდის პრინციპით მუშაობენ, საკუთარ სესხებს აფორმებენ არა როგორც ჩვეულებრივ სესხს, არამედ-როგორც ლიზინგს. ლიზინგის გაცემა კი შესაძლებელია უცხოურ ვალუტაში. შესაბამისად, სავალუტო რისკი გადაბარებულია მსესხებელზე. ასევე, რეგულაციაში ნათლად არ არის განმარტებული თუ რა სანქციები ეკისრება ისეთ კომპანიას, რომელიც მაინც უცხოურ ვალუტაში გასცემს სესხს. არ ჩანს კანონდამრღვევ კომპანიასთან რა ბერკეტებია. ან შეიძლება ისეთ მცირე ჯარიმაზე იყოს საუბარი, რომ კრედიტის გამცემ კომპანიას უღირდეს ამ ჯარიმის გადახდა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, საკანონდემბლო ხვრელების დროულად აღმოფხვრა.

არის ინიციატივაც, რომ უძრავ-მოძრავი ქონების რელიზაციისას ფასი მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში იყოს მითითებული. რას მოიტანს ეს რეგულაცია? 

– ყველაზე მნიშვნელოვანია სესხების ეროვნულ ვალუტაში გაცემის აუცილებლობა. რაც შეეხება ქონების რეალიზაციისას ფასის მითითებას, მაგალითად, სამშენებელო კომპანის თუ დაეკისრება ვალდებულება, რომ ეროვნულ ვალუტაში მიუთითოს ფასი, ეს არ იქნება რაიმე რეალური შედეგის მომტანი ინიციატივა, თორემ არც ცუდი  იქნება და არც არაფერს არ გააფუჭებს. აქ არის მხოლოდ ერთი მომენტი – ზოგადად, ნებისმიერი ბიზნესისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია ეროვნული ვალუტის კურსი იყოს სტაბილური (და არა მაღალი, ან დაბალი) და ბიზნესი სხვა რეგულაციებს აიტანს. კიდევ ერთი საკითხია-ვინ აფორმებს უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას? პრაქტიკულად არავინ. განსაკუთრებით, ავტომობილების ნაწილში. უბრალოდ, უძრავი ქონების ჩუქების ნოტარიულად დამოწმება ხდება. არადა, სინამდვილეში ეს ჩვეულებრივი ნასყიდობაა. აქედან გამომდინარე, ესეც აღმოსაფხვრელია, რომ მსგავსი გარიგებები გარკვეულ ჩარჩოში მოექცეს. პოპულარული არ არის უძრავი ქონების გადაფორმების ოფიციალურად გაფორმება. აქედან გამომდინარე, აზრი ეკარგება ლარში თუ დოლარში გამოცხადებულ ფასს, როცა, ზოგადად, აღრიცხვისა და ტრანზაქციების გათეთრების  პრობლემაა. ამიტომ ამ რეგულაციაში განსაკუთრებულ აზრს ვერ ვხედავ.

თუ  მაგალიად ავიებთ ბინის გირას, როცა გადახდილი თანხა გარკვეული პერიოდის შემდეგ უნდა დაბრუნდეს, და უძრავ ქონებაზე ღირებულების მითითება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში მოხდება,  საბოლ ჯამში რომელიღაც მხარე წაგებული რჩება. რა გამოსავალია ამ შემთხვევაში?

– აქაც შეიძლება გვერდის ავლა. ეროვნული ბანკი ვერ აკრძალავს დაგირავების პროცესს. ეს კი გამოიწვევს ხელშეკრულებების კიდევ უფრო გაბუნდოვანებას. მაგალითად, ხელშეკრულებას გავაკეთებ, რომლის ძირითადი პუნქტები იქნება ლარში, მაგრამ დანართებს გავუკეთებ დოლარში, ან ამ ხელშეკრულებაზე დაქვემდებარებულ სხვა ხელშეკრულებას გავაფორმებ, რომელიც ამ  სავალუტო რისკისგან დამიცავს. ძალიან მარტივი რამ იკვეთება – სავალუტო რისკების დაცვის საკითხი გლობალურად, ერთიან კონტექსტში თუ არ იქნება დასმული, სავალუტო რისკების დაზღვევის ერთიანი მექანიზმი თუ არ იქნება ქვეყანაში, ეს რისკი ორ კონკრეტულ სუბიექტს შორის  ურთიერთობის საგანად თუ დარჩა, ყოველთვის იარსებებს  რაღაც მექანიზმი, რის საშუალებითაც ერთი მხარე მეორის სუსტ პოზიციას გამოიყენებს. ამიტომ მთავრია სახელმწიფომ და ეროვნულმა ბანკმა შექმნას სავალუტო რისკების მინიმალიზაციის კონკრეტული მექანიზმები. ეს მექანიზმი ბევრია, უბრალოდ ჩვენთან არ მუშაობს  იმიტომ, რომ საფინანსო სისტემას გარკვეული ხარჯის გაწევა მოუწევდა. საფინანსო სექტორი კი ეკონომიკასთან მიმართებაში ჯერ ისეთ  კომფორტშია, რომ  არ აიძულებს საკუთარ თავს ამაზე გარკვეული ხარჯი გასწიოს. სავალუტო რისკების დაზღვევის გარეშე კი ვიღაც ყოველთვის იქნება დაზარალებული.

მანა ნოდია

იტვირთბა....