თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმის ირგვლივ ატეხილ ყველა კითხვას პასუხი გასცა და შესაბამისად, საკრებულოში რომც მისულიყო ამ საქმის ირგვლივ ახალს ვერაფერს დაამატებდა. მერის განცხადებით, ის შეხვდა გაჭირვებულ მოქალაქე ჩოხელს და მის დასახმარებლად ყველა ღონე იხმარა. ამის შესახებ ნარმანიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.
,,ჩვენ ოფიციალური განცხადებაც გავაკეთეთ. ადამიანი რომელიც სტიქიით დაზარალებული იყო, ამ ადამიანისთვის საბაზრო ფასად და მისი ადეკვატური ქონების ტოლფასად გაცვლა, როცა არ არის კანონის ნორმა დარღვეული არ მგონია რომ ეჭვს ბადებდეს, მაგრამ შეეცადნენ პედალირებას, რომ საზოგადოებაში გაეჩინათ ეჭვი , მაგრამ ამის საზოგადოებაში არავის სჯერა. რა უნდა მეთქვა საკრებულოში იმაზე მეტი რაც საზოგადოებას მივაწოდე? ვადასტურებ ,რომ მოქალაქე ჩოხელი ჩემთან მოსული იყო. მას ძალიან უჭირდა, უჭირდა იქიდან გამომდინარე რომ ჰქონდა ვალდებულებები და ყველანაირად შევეცადეთ დავხმარებოდით,”- განაცხადა ნარმანიამ.