აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი ჟურნალისტური გამოძიება საზოგადოება

„ელიტარული სკოლა“ თბილისში, სადაც ირღვევა ქვეყნის კონსტიტუცია

სკოლის მოსწავლეების მშობლები ქართულბრიტანული აკადემიის წინააღმდეგ

რა ხდება შუაგულ თბილისში? ქართულბრიტანული აკადემიის წინააღმდეგ მშობლები არც თუ სახარბიელო ინფორმაციებს აქვეყნებენ. თავად სკოლამეტრონომთანკომენტარს არ აკეთებს. აღსანიშნავია, რომ საქმე ეხება ბავშვებს. მშობლები ამბობენ, რომ სკოლაში ირღვევა ბავშვების უფლებები, უფრო მეტიც, ისინი არ ერიდებიან და პირდაპირ ამბობენ, რომ საქმე გვაქვს არასრულწლოვანი მოსწავლეების დისკრიმინაციასთან. მშობლებმამეტრონომსგადასცეს სკოლის მიერ შემუშავებული შიდა ნორმატიული დოკუმენტიხელშეკრულება, რომელსაც სკოლის ადმინისტრაცია მშობლებთან დებს. „მეტრონომიკომენტარისთვის დაუკავშირდა განათლების სამინისტროს, სახალხო დამცველის აპარატს, გაეროს ბავშვთა ფონდს და იურისტს. ეს უკანასკნელი ამბობს, რომ ქართულბრიტანული სკოლა თავისი შიდარეგულაციებით და შემუშავებული კანონებით არღვევს ქვეყნის კონსტიტუციას.

brit

„ბრიტანულ-ქართული აკადემია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ავტორიზებული კერძო ზოგადსაგანამანათლებლო სკოლაა, რომელიც 2006 წელს დაარსდა. ბრიტანულ-ქართული აკადემიის მიზანია მოსწავლეებს მისცეს საუკეთესო ხარისხის განათლება, რომელიც მათ 21-ე საუკუნის გამოწვევებისთვის მოამზადებს. აკადემია მოსწავლეებს სთავაზობს როგორც ქართულ, ასევე ბრიტანულ საერთაშორისო პროგრამებს სკოლამდელ, დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე. ყოველწლიურად აკადემიის კურსდამთავრებულები წარმატებით აგრძელებენ სწავლას საქართველოსა და საზღვარგარეთის წამყვან უნივერსიტეტებში“ – ვკითხულობთ იმ ბრიტანულ-ქართული აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, რომლის გარშემოც პრეტენზიებით მშობლები გაერთიანდნენ. ზოგიერთმა მათგანმა შვილის დისკრიმინაციისათვის სკოლას სასამართლოშიც უჩივლა. „მეტრონომთან“ მშობლები სკოლის ვებ-გვერდზე წარმოდგენილი შიდარეგულაციების შინაარსისგან რადიკალურად განსხვავებულ შეფასებებს აკეთებენ.

ბრიტანულ-ქართული აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვკითხულობთ დირექტორის, ნათია ჯანაშიას, მიმართვასაც:

„თანამედროვე ქართული და ბრიტანული სასწავლო პროგრამები, მრავალფეროვანი სახელმძღვანელოები და სასწავლო მასალები, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი საკლასო ოთახები, უსაფრთხო და მასტიმულირებელი სასწავლო გარემო, მოსწავლეთა მაღალი მიღწევების მოლოდინი, კვალიფიციური და მზრუნველი მასწავლებლები, სწავლებისა და შეფასების ინოვაციური მეთოდები, მრავალფეროვანი გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებები – ეს არის მხოლოდ მცირე ჩამონათვალი იმ მახასიათებლებისა, რომელთა გამოც შეგიძლიათ, თქვენი არჩევანი ბრიტანულ-ქართულ აკადემიაზე შეაჩეროთ“ – წერია სკოლის ვებ-გვერდზე.

თუმცა, როგორც „მეტრონომს“ მშობლები უყვებიან, მათი მონათხრობი ის მცირე ჩამონათვალია, რომელთა გამოც არჩევანი ბრიტანულ-ქართულ აკადემიაზე არ უნდა შეაჩეროთ.  მშობლები ჩივიან, რომ სკოლის დირექცია სუბიექტურია იმ მშობლების მიმართ, რომლებიც უკმაყოფილებას გამოთქვამენ ბრიტანულ-ქართული აკადემიის მიმართ. მათი თქმით, პრეტენზიის გამოთქმის შემთხვევაში სკოლაში მოქმედებს შიდარეგულაციები, რომლის დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაცია ბავშვებს აკადემიიდან რიცხავს. გარდა ამისა, როგორც მშობლები „მეტრონომს“ უყვებიან, ფინანსური რესურსი, რომელსაც აღნიშნული სკოლა მათგან იღებს, არასათანადოდ ხმარდებათ მოსწავლეებს.

როგორც „მეტრონომმა“ დაადგინა, ბრიტანულ-ქართული აკადემია სკანდალში აქამდეც გახვეულა, თუმცა ამაზე მოგვიანებით მოგითხრობთ. ახლა კი დავიწყოთ ახლახანს აღმოცენებული ახალი სკანდალით.

ერთ-ერთმა მშობელმა, მარიამ კუკუნაშვილმა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ქართულ-ბრიტანული აკადემიის წინააღმდეგ პრეტენზიები გამოთქვა. როგორც „მეტრონომს“ კუკუნაშვილმა განუცხადა, მისი 3 შვილი, რომლებიც აღნიშნული სკოლის პრე-სქულში (სკოლამდელ კლასში) დადიან, სკოლის დირექციამ პირველ კლასში არ მიიღო.  მისი თქმით, ეს არის სკოლა, სადაც ყვავის დისკრიმინაცია. თუ რატომ არ მიიღო კუკუნაშვილის შვილები სკოლამ, ამის შესახებ ის „მეტრონომთან“ დეტალურად ყვება:

„შარშან, სექტემბერში ჩემი შვილები მივიყვანე ბრიტანულ-ქართული აკადემიის პრე-სქულში (სკოლამდელი კლასი), იმ პირობით, რომ ამავე სკოლის ბრიტანულ სექტორზე უპრობლემოდ და უკვე ურიგოდ მოხვდებოდნენ, რაც შარშან ვერ მოხერხდა. წელს, როდესაც სკოლაში საბუთების მიღება დაიწყო, თვითონ სკოლა დამიკავშირდა და მითხრეს, რომ ჩემი გოგო, ელენე, რომელიც 6 წლისაა არ იყო მზად სკოლისთვის. ამის შესახებ მეც ვიცოდი და ელენე ფსიქოლოგთან დამყავდა, რადგან მას აქვს განვითარების ფსიქოლოგიური შეფერხება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვის უნარები შეესაბამება 5 წლის ასაკისას. ამიტომ, ფსიქოლოგებმა და სხვათაშორის თავად ამ სკოლის მასწავლებელმაც, მირჩიეს, რომ ბავშვი პრე-სქულში მიმეყვანა. იმისათვის, რომ წლევანდელისგან განსხვავებული ყოფილიყო, გადავწყვიტე, რომ ბრიტანული სექტორის პრე-სქულში შემეყვანა. სკოლას მივწერე ელ–ფოსტით, რომ ბავშვის ფსიქოლოგიურ განვითარებას სჭირდებოდა ასე. ფსიქოლოგის დასკვნაც არსებობდა. სკოლა არც დაინტერესდა და ორწინადადებიანი ელექტრონული წერილი მომწერეს: უკაცრავად, ჩვენ პრე-სკოლაში ბავშვებს ვსვამთ ასაკის მიხედვით, ამიტომ ბავშვებს ვერ მივიღებთო. გარდა ამისა, წერდნენ, რომ მათ არ აქვთ ის სპეციალური საჭიროებები, რაც ჩემს შვილს დააკმაყოფილებს. ამ წერილის ავტორი სკოლის ადმინისტრაციის ინგლისური სექტორის მენეჯერი ქალბატონი მარია გიულიანია.

სკოლა ტერმინებშიც ვერ ერკვევა და ჩათვალეს, რომ ბავშვი იყო უნარშეზღუდული. ესეც რა თქმა უნდა, განვუმარტე, რომ ეს არ არის უნარშეზღუდულობა, ეს არის ჩამორჩენა და ბავშვი შესაძლოა მათ ერთ წელში წამოეწიოს. ამაზე პასუხებს აღარ მცემდნენ, ვწერდი მათ კანონებს, არანაირი გამოხმაურება არ იყო. შემდეგ უკვე ფეისბუქ-გვერდზეც აღშფოთებული ტონით მივწერე. არც იქ გამომეხმაურნენ.

პარალელურად, მე ვწერდი გაეროსაც ამ პრობლემის შესახებ. გუშინ, უკვე როცა გაერომ მოამზადა კანონები და მათ ეს ყველაფერი ნახეს, მაშინღა მიპასუხეს, რომ თქვენს ბიჭებსაც ვუშვებთ სკოლიდან იმიტომ, რომ თქვენ გვემუქრებოდით ძალადობით და ჩვენს თანამშრომლებს ემუქრებოდით ფიზიკური განადგურებითო. ეს არის სრული აბსურდი, მე ყველა მეილი მაქვს შენახული. ერთადერთი „ფეისბუქზე“ მაქვს მიწერილი ცოტა არაკორექტულად, მაგრამ იმ კომენტარს მკითხველი თუ წაიკითხავს, ეს არის გამოხატვის ფორმა და არანაირი მუქარა ამაში არ არის“ – განუცხადა „მეტრონომს“ მარიამ კუკუნაშვილმა.

მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ სკოლის ადმინისტრაცია მშობელი მიიწვიოს და მშვიდად დაელაპარაკოს, სასამართლოში ჩივილით ემუქრება.

„როცა ისიც იკადრეს, რომ ცილი დამწამეს, გამახსენდა შემდეგი რამ: სამი კვირის წინ ჩემი შვილების დაბადების დღე იყო. სკოლის ბავშვები თავიანთ მშობლებთან ერთად იყვნენ და რამდენიმე მშობელი სკოლის მიმართ არაადექვატურად აგრესიული მომეჩვენა. ყველა მშობელი აღნიშნავდა, რომ ბავშვი სკოლიდან გაყავთ, რადგან სკოლის დირექტორი ნათია ჯანაშია ხისტი, შეუგნებელი პიროვნებაა. როგორც მშობლებმა მითხრეს, უცხოელ ბავშვებს აქვთ მეტი უპირატესობა, ვიდრე ქართველ ბავშვებს, ავტობუსი თუ ფუჭდება, უცხოელ ბავშვებს მაინც ემსახურება, ქართველს კი – არა. ქართველ ბავშვებს ნაგავს აჭმევენ, უცხოელებს კი ჯანსაღ საკვებს უმზადებენ. ნათიასთან (სკოლის დირექტორი) დალაპარაკება და საწინააღმდეგო აზრი ნიშნავს იმას, რომ თუ არ მოგწონს –  წადი. თუ გადაწყვეტ წასვლას, გამოგდებულია უკვე ბავშვი. მაშინ, დაბადების დღეზე, რატომღაც ვიფიქრე, რომ მშობლები ცოტას აჭარბებდნენ, იმდენად დიდი აგრესია იყო. გუშინ ყველანაირი უკადრებელი როცა დამაბრალეს იმის გამო, რომ პრეტენზია გამოვთქვი, თუ რატომ არ იღებდნენ ბავშვს სკოლაში, უკვე მივხვდი რატომ იყვნენ ეს მშობლები ასეთი აგრესიულები.

წამოვიწყე ფეისბუქზე კამპანია, რომ ყველამ გაიგოს ამ სკოლის შესახებ. უკვე უკმაყოფილო მშობლები გვეხმაურებიან“ – აღნიშნა კუკუნაშვილმა.

გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენლებმა მარიამ კუკუნაშვილს უთხრეს, რომ ისინი ამ საკითხთან დაკავშირებით, განათლების სამინისტროს მულტიდისციპლინური ჯგუფის თავმჯდომარეს დაუკავშირდნენ, რომლებმაც კუკუნაშვილს ურჩიეს, რომ განცხადება ოფიციალური ბლანკის შევსებით განათლების სამინისტროში შეიტანოს, რის შემდეგაც ისინი სკოლაში მულტიდისციპლინურ ჯგუფის სპეციალისტებს ბავშვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების შესაფასებლად გააგზავნიან და სკოლის ადმინისტრაციას მისცემენ რეკომენდაციებს.

სოციალურ ქსელში წამოწყებულ მარიამ კუკუნაშვილის კამპანიას სკოლა facebook-ის ოფიციალური გვერდის საშუალებით გამოეხმაურა:

„ბრიტანულ-ქართული აკადემია შეშფოთებას გამოთქვამს ქალბატონი კუკუნაშვილის მიერ სოციალურ ქსელში აკადემიის წინააღმდეგ გაკეთებული ყალბი განცხადებების გამო და უარყოფს აღნიშნული ბრალდებების კავშირს სინამდვილესთან.

ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ბრიტანულ-ქართული აკადემია არასდროს გასცემს საჯაროდ ბავშვის პირად ინფორმაციას. აქედან გამომდინარე, მიუღებელია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული დეტალების საჯაროდ განხილვა.

აღნიშნული პიროვნების ცილისმწამებლური ბრალდებებისა და სკოლის ცალკეული თანამშრომლების მიმართ ფიზიკური ანგარიშწორების მუქარის წერილების სამართლებრივი შეფასების შემდგომ, ბრიტანულ-ქართული აკადემია უფლებას იტოვებს მიმართოს სასამართლოს.

ბრიტანულ-ქართული აკადემია მიიღებს ყველა აუცილებელ ზომას სასწავლო პროცესის უსაფრთხო გარემოში შეუფერხებლად გაგრძელების მიზნით.

უღრმესი მადლობა თითოეულ მშობელს ბოლო დღეებში განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის“ – წერია ბრიტანულ-ქართული აკადემიის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე. კუკუნაშვილმა “მეტრონომს” ის (სქრინი) წარმოუდგინა, რაც სკოლის ადმინისტრაციამ მუქარად ჩათვალა და რის გამოც სკოლა სასამართლოში ჩივილს გეგმავს.

kukunashvili 1

kukunashvili2

 

გარდა მარიამ კუკუნაშვილისა, მშობლები „მეტრონომს“ უყვებიან სკოლაში არსებული საერთო პრობლემების შესახებ – 5 ათას დოლარს იხდიან, თუმცა ბავშვებს მაინც კერძო მასწავლებლების დახმარება სჭირდებათ, რადგან სწავლის ხარისხი აღნიშნულ სკოლაში დაბალია. მშობელმა, რომელმაც ვინაობის გამჟღავნება ცნობილი მიზეზების გამო (მას ეშინია სკოლიდან ბავშვი არ გამოუგდონ) არ ისურვა, „მეტრონომს“ უთხრა, რომ აპრილის თვეში, მაშინ, როდესაც სასწავლო პროცესი თითქმის დასასრულს უახლოვდებოდა, პედაგოგმა შენიშვნით დაურეკა და უთხრა, რომ ბავშვი გაკვეთილიდან ხშირად დგებოდა და გადიოდა.

„პირველი, რაც ვიფიქრე, ის იყო, რომ ბავშვი ან ჩამორჩენილი იყო, ან პროგრამას ვერ მიყვებოდა. გადავამოწმე მისი დღიურები, ჟურნალები და აღმოჩნდა, რომ განვლილი მასალა რვეულში ნამუშევარი არ ჰქონდა. მივხვდი, რომ ის იყო პროგრამას ჩამორჩენილი. შესაბამისად, ზაფხულში დავიწყეთ მომზადება, სექტემბრიდან ავიყვანე პედაგოგი და დავეწიეთ სწავლის პროცესს მისი დახმარებით“ – უთხრა „მეტრონომს“ მშობელმა.

ნანი ბერძული მორიგი მშობელია, რომლის პრეტენზიაც ისევ და ისევ სკოლის დირექტორს, ნათია ჯანაშიას უკავშირდება. მისი თქმით, მან 3 წლის წინ ბავშვის დისკრიმინაციისთვის ნათია ჯანაშიას სასამართლოში უჩივლა და აღნიშნული საქმე მოიგო.

„ჩვენი პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ ჩემი შვილი რომელიღაც ასაკში მოხვდა ერთ მაწავლებელთან და მას ვერ შეეწყო. ბავშვს სერიოზული ფსიქოლოგიური ტრავმა ჰქონდა. მას წლინახევრის შემდეგ პამპერსი არ კეთებია და ძალიან ჭკვიანი იყო. მას განვითარებაში რაიმე ჩამორჩენას ვერც ვამჩნევდით, სანამ არ გაიზარდა. ინგლისურად კარგად მეტყველებდა, ამიტომაც ბრიტანულ-ქართულ სკოლაში მივიყვანეთ. შემდეგ წავიყვანე ნევროპათოლოგთან, რომელმაც მირჩია, რომ ძველ ჯგუფში დამებრუნებინა. დავაბრუნე კვლავ პატარებში. ადმინისტრაციას ვუთხარი, რომ პრობლემა არ მაქვს, მირჩევნია პატარებში კომფორტულად იყოს – მეთქი.

როცა ჩემი შვილი უკვე პრე-სქულში გადავიდა, აღმოჩნდა, რომ ისევ ის მასწავლებელი იყო  ხელმძღვანელი. ფსიქოლოგმა მირჩია, რომ ჩემი შვილი სხვა ჯგუფში გადამეყვანა. დამთანხმდნენ, თუმცა მერე დამირეკეს და მითხრეს, რომ ვერ გადაიყვანდნენ. ყოველდღე მირეკავდნენ და მეუბნებოდნენ, რომ 2 საათზე ბავშვი სკოლიდან წამეყვანა. ერთ დღესაც, მასწავლებელთან გაბრაზებული მივედი და ვუთხარი, რომ მე თქვენთან ბავშვს აღარ მოვიყვან-მეთქი. მასწავლებელმა ჩამიკეტა ოთახის კარი და საქმეების გარჩევა დამიწყო. მე ვუთხარი, რომ ბავშვების თანდასწრებით მასთან არ ვისაუბრებდი.

დირექტორმა ნათია ჯანაშიამ რა თქმა უნდა, არ მიგვიღო. სასამართლოზე ისიც თქვეს, რომ თურმე, მე ისტერიკები ავტეხე, ბავშვებთან ვჩხუბობდი, ეს ხომ აბსურდია. როგორ, დაცვა არ მოვიდა და არ გამაჩერა? ტყუილია ეს. სკოლის ფსიქოლოგმა სასამართლოზე გამოაცხადა, რომ ჩემი შვილი არის შეურაცხადი, გარემოსთვის საშიში“ – განაცხადა „მეტრონომთან“ ნანი ბერძულმა.

ნანი ბერძულის თქმით, ახლა მისი შვილი ნიუტონის სკოლაში სწავლობს, 8 წლისაა და პირველ კლასშია. ამ ყველაფერს კი სწორედ ამ სკოლაში შექმნილ სიტუაციას უკავშირებს. როგორც ბერძულმა „მეტრონომს“ განუცხადა, იმ მასწავლებელს, რომელსაც მისი შვილი ვერ შეეწყო, ნათია ჯანაშია ეუბნებოდა, რომ თუ სასამართლოს წააგებდა, ამას ის თავად აანაზღაურებდა. ამის შემდეგ კი აღნიშნული მასწავლებელი სკოლიდან წავიდა.

„მეტრონომმა“ მოახერხა სკოლიდან წასულ პედაგოგთან დაკავშირება. მან გვითხრა, რომ ნათია ჯანაშიასთან დაძაბული ურთიერთობები ჰქონდა.  სკოლის ყოფილმა მასწავლებელმა „მეტრონომს“ დაუდასტურა, რომ სკოლის დირექტორი სასამართლოს პროცესის წაგების შემთხვევაში, მას ფულის გადახდით ემუქრებოდა.

„დღემდე მაქვს ჩანაწერები ამასთან დაკავშირებით და ყველანაირი ფაქტი“ – განუცხადა „მეტრონომს“ სკოლიდან წამოსულმა პედაგოგმა. როგორც მან „მეტრონომს“ უთხრა, ნათია ჯანაშია, გარკვეული დროის შემდეგ, მისი ახალი სამსახურის ხელმძღვანელობასაც კი დაუკავშირდა მოთხოვნით, გაეშვათ იგი სამსახურიდან, თუმცა ახალი სამსახურის დირექტორმა მას უარი უთხრა.

დავუბრუნდეთ ისევ მშობლების თემას:

ნანი ბერძული „მეტრონომთან“ ამბობს, რომ სკოლასთან სასამართლო დავა მოიგეს და სკოლას ფინანსური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა.

„ყველაზე საშინელება ის იყო, რომ ნათია ჯანაშია ერთი თვე გვემალებოდა. თანხას არ გვიბრუნდებდა. ადვოკატი ჩავრთეთ მე და ჩემმა მეუღლემ. ჩემმა მეუღლემ მას უთხრა, რომ ამ საქმეში მედიას ჩართავდა და მათ სახეს გამოამჟღავნებდა. ნათიამ კი უპასუხა, რომ ის იწერდა ამ საუბარს და ბრალს დასდებდა შანტაჟში. ეს იყო გადამწყვეტი, მე და ჩემი მეუღლე წავედით ადვოკატთან. სასამართლოზე მოიყვანეს 3 მოწმე. მოატყუეს, რომ ვალდებულები ხართ ჩვენება მისცეთ, მოსამართლემ გამოგიძახათო. საბოლოოდ გამოვიდა, რომ 4 ჩვენება იყო ჩემი შვილის სასარგებლოდ, ორი კი – საწინააღმდეგოდ. მოსამართლემ გაკვირვებულმა თქვა: მე ჯერ არ მესმის სკოლა 10 000 დოლარს რატომ კარგავს, თუკი იყო პერსპექტივა ბავშვის სხვა ჯგუფში გადაყვანისო. სასამართლო პროცესი მოვიგეთ, თუმცა მათ გაასაჩივრეს. ჯერ ახალი პროცესები არ დაგეგმილა“ – განაცხადა ბერძულმა. მისი თქმით, სკოლის დირექციას მორალური ზიანი არ აუნაზღაურებია, თუმცა თანხა დააბრუნეს.

თეონა ჩიხლაძე, რომელსაც შვილი აღნიშნულ სკოლაში დაჰყავდა წერს, რომ წინა წელს ბრიტანულ-ქართული აკადემიიდან მსგავსი პრობლემების გამო ნახევარი სკოლა გადავიდა.

„შარშან მაქედან თითქმის ნახევარი სკოლა გადავიდა. ჩვენც მათ რიცხვში ვართ! მიუხედავად იმისა, რომ ყველა მასწავლებლის უზომოდ მადლიერი ვარ და ყველა მაღალი პოფესიონალიზმით გამოორჩევა, კლასი გვყავდა, რომელიც ბაღიდან ერთად მოვდიოდით, მოგვიწია დათმობა ამ ყველაფრის, იმიტომ რომ არ დავთმე პრინციპები.

სკოლის ახალ შენობაში გადასვლამ გამოიწვია ბევრი ხარვეზი, რომელთა შესახებაც მშობლები ერთმანეთს ვუზიარებდით „ფეისბუქის“ დახურულ ჯგუფში, რათა შევჯერებულიყავით პრობლემბზე და მოგვეთხოვა შეხვედრა დირექციასთან. პასუხად კი დირექციამ აწარმოა რეპრესიები ჯგუფში აქტიურ მშობლებზე. მოითხოვდნენ ბოდიშის მოხდას სკოლისთვის და პოსტების წაშლას (დახურულ ჯგუფში, სადაც დირექცია არ იყო და არც არავის მოუწვევია!)

გარდა ამისა, იყო შემთხვევა რომ დამრიგებლის ასისტენტი მუდმივად უყვიროდა ბავშვებს და რეაგირებას არ ახდენდნენ. რეაგირება არც მაშინ იყო, როდესაც შემთხვევით პირადად შევესწარი თავზე როგორ დაჰყვიროდა ეს ასისტენტი ჩემ შვილს მთელი კლასის წინაშე. ბავშვს, რომელსაც არცერთ მასწავლბელთან არასოდეს ჰქონია პრობლემა, არც ყოფაქცევაში და არც აკადემიურ მოსწრებაში“ – წერს სოციალურ ქსელში თეონა ჩიხლაძე.

ერთ-ერთი ამ სკოლით უკმაყოფილო მშობელი მერი გურულიც სკოლის წინა დირექტორთან, დავით ცეცხლაძესთან (რომელიც ამჟამინდელი დირექოტორის, ნათია ჯანაშიას მეუღლეა), ანალოგიურ გამოცდილებაზე საუბრობს და ისიც სოციალურ ქსელში წერს, რომ რამდენიმე ბავშვი, მის შვილთან ერთად სკოლიდან მაშინ გადავიდა, როცა დირექტორი დავით ცეცხლაძე იყო.

„როცა ახალი შენობა გაიხსნა, მტვერი იდო მთელ სკოლაში და სასადილოს შესასვლელთან ხარაჩო. ამის შესახებ ჩემს ფეისბუქ-გვერდზე დავწერე პოსტი, რის შემდეგ ქალბატონი ნათიას წერილი მივიღე, რომ პოსტს თუ არ წავშლიდი, ჩემს შვილს გააგდებდნენ სკოლიდან. არც ნათიას, არც ბატონ დავითს არ უკითხავთ ჩემი შვილის აკადემიური მოსწრების შესახებ, რომ საუკეთესო მოსწავლე, მასწავლებლების საყვარელი მოსწავლე და ძალიან მეგობრული თანაკლასელი იყო. მან შეხვედრაზე სკოლის იურისტი დამახვერდა. იქ ჯერ კიდევ მყოფი ჩემი მეგობრების შვილების და რამოდენიმე პატივსაცემი მასწავლებლების გამო არ გავაგრძელე ამ საქმეზე ღიად საუბარი, მაგრამ როგორც ვხედავ, სკოლის მეპატრონეებმა ჭკუა მაინც ვერ ისწავლეს და განაგრძობენ ამაზრზენად მოქცევას“ – წერს მერი გურული.

აღნიშნულ სკოლაში შექმნილ პრობლემებზე საუბრობს ambebi.ge-სთან კიდევ ერთი მშობელი, იოანე დავითაშვილის დედა, თიკა სიხარულიძეც. როგორც ის ამბობს, ეს არის სკოლა, სადაც მხოლოდ ერთი ადამიანი წყვეტს ვინ დარჩება და ვინ წავა.

„ნამდვილად არ მეგონა, თუ პირველკლასელ ბავშვს სკოლიდან იმის გამო გამოუშვებდნენ, რომ ექსკურსიაზე უბრალოდ, იცელქა, ან რატომ უნდა წყდებოდეს ჩემი შვილის ბედი ექსკურსიაზე, რატომ უნდა მოერგოს ქართველი ბავშვი ინგლისელი მასწავლებლის კაპრიზებს? იქნებ პირიქით უნდა იყოს? იქნებ საჭიროა, ცოტა ადამიანური მოპყრობა ამ ასაკში მაინც? ბავშვმა, რომელმაც წიგნი უნდა შეიყვაროს, იმის მაგივრად, რომ სკოლა, სწავლა შეაყვარო, “გამოცდებს” უტარებ; პროვოკაციაა, აბა, რა არის?! ბავშვი ექსკურსიაზე რომ იცელქებს, ვინმეს პირველად გვესმის? კარგი, უშვებ – უშვებ, დამიბარე და გამაფრთხილე მაინც?! ან რეგისტრაციის ფული მაინც აღარ გადამახდევინო! თუ ეს ქვეყანა ჩალითაა დაფარული და სადაც სკოლის ბავშვი ბაღში გადამაყვანინე და 3 500 ევრო ჩაიდე ჯიბეში, ესეც შეგრჩება?! დღეს მე მარტო ჩემი შვილის უფლებებს არ ვიცავ; ყველა იმ ბავშვის უფლებას ვიცავ, ვინც ხვალ შეიძლება დადგეს მსგავსი პრობლემის წინაშე. არავინ იცის, ნათია ჯანაშიას (სკოლის დირექტორი) ვინ როდის არ მოუვა თვალში და ვის როდის აღარ მისცემს სწავლის გაგრძელების უფლებას. რაც ამ პრობლემის წინაშე დავდექი, ბევრი უარყოფითი ინფორმაცია გავიგე ამ სკოლის შესახებ და აქამდე რატომ არავინ არაფერს ამბობდა, არვიცი. მსგავსი პრობლემა ბევრს აქვს, მაგრამ რატომღაც, ყველა ჩუმადაა, ბევრმა საერთოდ გაიყვანა ბავშვი“ – განაცხადა თიკა სიხარულიძემ.

გარდა ამისა, მშობლები, რომლებიც ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში ამხელა თანხას იხდიან, ამბობენ, რომ წლის დასაწყისში სკოლა მშობლებისგან ითხოვს ერთი წლის მარაგს ხელსახოცების, ფანქრების, საღებავების, ჰიგიენური საშუალებების, რაც ბავშვს მთელი წლის განმავლობაში სჭირდება. ისინი საუბრობენ ავტობუსზეც, რომელიც ამ სკოლის მოსწავლეებს ემსახურება და რომელშიც სწავლის გადასახადის გარდა, დამატებით ფულს იხდიან:

„პირველ წელს, როდესაც გადავედით ახალ შენობაში, მაშინ ავტობუსები საკმარისი არ იყო და უცხოური სექტორი დაჰყავდათ. გაფუჭების გამო კი არა, ფიზიკურად ავტობუსები არ ჰყავდათ. ქართველებს მოგვწერეს, რომ 2 თუ 3 კვირა უნდა ეტარებინათ მშობლებს თავიანთი დროისა და ფულადი რესურსების ხარჯზე. ავტობუსის მომსახურებაში ცალკე 700 დოლარს ვიხდით, მაგრამ, თუ ავტობუსი გაფუჭდება, მხოლოდ ბრიტანელ ბავშვებს ემსახურება, ქართველებს კი – არა“ – განუცხადა „მეტრონომს“ ერთ-ერთმა მშობელმა.

მშობლების ინფორმაციით, კლასში ჰყავთ მასწავლებლის დამხმარე ასისტენტები, რომელთა ხელფასი 270 ლარია, იმის ფონზე, როდესაც კლასში დაახლოებით 20 ბავშვია. ასევე, მათი ინფორმაციით, პირველკლასელებს გაკვეთილებს შორის შესვენებები არ აქვთ.

„ხელშეკრულებაში წერია, რომ წასვლასთან დაკავშირებით სკოლას 6 თვით ადრე უნდა შევატყობინო. მე ადვოკატიც მყავდა აყვანილი და მან მითხრა, რომ ხელშეკრულება, რომელიც შრომითი კოდექსით გათვალისწინებულ ნორმებს ეწინააღმდეგება გაბათილებულია. ამიტომ, ერთი თვით ადრე მოვახსენე ეს სკოლას, მაგრამ დირექტორი ხალხს აშანტაჟებდა 6-თვიანი ვადით“ – ამბობს „მეტრონომთან“ ბრიტანულ-ქართული აკადემიის ყოფილი მასწვლებელი.

როგორც „მეტრონომთან“ მშობლები ამბობენ, სკოლა მათ ხელს აწერინებს ე.წ. მშობლის კოდექსზე, აღნიშნულ დოკუმენტში წარმოდგენილია მშობლებისთვის აკრძალული ქმედებები. ერთ-ერთმა მშობელმა „მეტრონომს“ წარუდგინა აღნიშნული დოკუმენტი, რომლიდან ამონარიდსაც გთავაზობთ:

„სკოლის სახელისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ინფორმაციის გავრცელება ნებისმიერი ფორმით, დეფამაციური და შეურაცხმყოფელი კომენტარების გაკეთება სკოლის ან სკოლის მოსწავლეების/მშობლების/თანამშრომლების შესახებ სოციალურ საიტებზე და მედიაში. სკოლასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე მშობელმა უნდა მიმართონ მასწავლებლებს ან ადმინისტრაციის თანამშრომელს აკადემიის მიერ განსაზღვრული კომუნიკაციის ფორმების საშუალებით, რათა მოხდეს მედიაში განვითარებული სკოლის სახელისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი, დეფამაციური ან ცრუ ინფორმაცია დაუყოვნებლივ წაიშლება მშობლის მიერ“ – ნათქვამია ე.წ. მშობელთა სახელმძღვანელოში, რომელსაც ხელს აწერენ მშობლები. ხოლო იმ შემთხვევაში თუ მსგავსი ქმედება დაფიქსირდება, სკოლა ატარებს სანქციებს, რომელიც მოიცავს, მოსწავლის სკოლიდან გარიცხვას (იხილეთ დოკუმენტი).

codex1

codex2

 

ამ დოკუმენტთან დაკავშირებით „მეტრონომი“ იურისტ მარიამ კუბლაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ბრიტანულ-ქართული აკადემია აქამდეც გახვეულა სკანდალებში და მისთვის ხშირად მიუმართავთ ამ სკოლით უკმაყოფილო მშობლებს საადვოკატო მომსახურებისთვის. კუბლაშვილი აღნიშნავს, რომ ეს არის არაკონსტიტუციური ხელშეკრულება, რომლითაც ირღვევა ინდივიდის უფლებები.

„ცოტა ხნის წინ დაფიქსირდა ადმინისტრაციის, დირექტორის მხრიდან მშობლებზე ძალადობა, რომლის შემდეგ გავეცანი მათ ხელშეკრულებას. ისეთ აქტებზე აწერინებენ ხელს, რაც პირდაპირი დისკრიმინაციაა. თუ მშობელი „ფეისბუქის“ გვერდზე გამოთქვამს უკმაყოფილებას ან დაწერს ისეთ ტექსტს, რომელსაც სკოლის ადმინისტრაცია შეაფასებს ცუდად, ამ შემთხვევაში შეუძლიათ დაუკითხავად გარიცხონ ბავშვი სკოლიდან. ეს პირდაპირი შეზღუდვაა, დისკრიმინაციაა, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და არაკონსტიტუციურია. ასევე, მშობლის კოდექსში წერია, რომ თუ ის სასამართლოს მიმართავს, ან ეტყვის, რომ სასამართლოში ჩივილს აპირებს, შანტაჟად უთვლიან. ადამიანის კონსტიტუციური უფლება, რომ სასამართლოს მიმართოს, ამას აღიქვამენ შანტაჟად. მე ასეთი უპრეცედენტო ფაქტი არსად გამიგია და არც მსმენია“ – განუცხადა „მეტრონომს“ ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა. მისი თქმით, ამ სახით წარმოდგენილი შეთანხმება იმთავითვე ბათილია, რადგან არაკონსტიტუციურია.

„მეტრონომი“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატსაც დაუკავშირდა. ომბუდსმენის პრესსამსახურის ცნობით, ე.წ. მშობელთა სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატი სიტუაციას სწავლობს და პარალელურ რეჟიმში მიმოწერას განათლების სამინისტროსთან აწარმოებს:

„სკოლასა და მშობელს შორის არსებული კერძოსამართლებრივი ურთიერთობა რითიც რეგულირდება,  ამ დოკუმენტთან დაკავშირებით ერთ-ერთმა მოქალაქემ შემოიტანა განცხადება. ჩვენ ამ საკითხს ვსწავლობთ და შესწავლოს პროცესში ვაწარმოებთ მიმოწერას განათლების სამინისტროსთან“ – განუცხადეს „მეტრონომს“ ომბუდსმენის პრესსამსახურში.

რაც შეეხება განათლების სამინისტროს პოზიციას, როგორც „მეტრონომს“ სამინისტროში განუცხადეს, კერძო სკოლები თავად განკარგავენ შიდა საკითებს და ამ შემთხვევაში ეს მხოლოდ მშობელსა და სკოლას შორის ურთიერთობებს ეხება, ხოლო იმ შემთხვევაში თუ პირი გარკვეული ჩივილით სამინისტროს მიმართავს, სამინისტრო განიხილავს რამდენად შედის მის კომპეტენციაში აღნიშნული საკითხი და მხოლოდ ამის შემდეგ მოახდენს სათანადო რეაგირებას. როგორც სამინისტროში ამბობენ, ამ დრომდე ამ ჩივილით მათთვის არავის მიუმართავს.

როგორც „მეტრონომმა“ გაარკვია, ბრიტანულ-ქართულ სკოლას უკავშირდება ასევე 2013 წელს შექმნილი სკანდალი. საქმე ეხება არასრულწლოვანის დამცირების, ფსიქოლოგიური ზეწოლისა და ფიზიკური ანგარიშსწორების დამადასტურებელ ვიდეოს, რომელიც ერთ-ერთმა მოსწვალემ მობილური ტელეფონით გადაიღო. დაზარალებული ბავშვის მშობლები სკოლისთვის აკრედიტაციის ჩამორთმევასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვდნენ. (იხილეთ ვიდეო)

 

https://www.youtube.com/watch?v=g_6clxNpd9A

 

გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ ვართ დაინტერესებული ბრიტანულ-ქართულ აკადემიის ირგვლივ შექმნილი ვითარება გავაშუქოთ დაბალანსებულად –  სკოლის ადმინისტრაციამ პასუხი გასცეს ყველა იმ კითხვას და ბრალდებას, რომელსაც მას „მეტრონომთან“ მშობლები უყენებენ.

ამიტომ „მეტრონომი“ დაუკავშირდა ადმინისტრაციას, სადაც სკოლის იურისტმა განგვიცხადა, რომ ჩვენ წარმოვადგენთ მხარეს და ამიტომ სკოლა უარს აცხადებს კითხვებზე პასუხის გაცემაზე, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან ჩვენ დაინტერესებული ვართ მკითხველს გავაცნოთ ორივე მხარის პოზიცია, რათა მათ თავად გამოიტანონ დასკვნები. ამასთან, მკითხველი დაგვეთანხმება სტატიაში მოტანილია საკმაოდ ბევრი მშობლის პოზიცია, რომლებსაც წლების განმავლობაში ერთი და იგივე პრობლემები ჰქონდათ აღნიშნულ სკოლასთან. სკოლის ადმინისტრაციის საყურადღებოდ გვინდა ვთქვათ, რომ სტატიაში მოტანილია მხოლოდ ფაქტები და კომენტარები, დასკვნები კი თავად საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს. ასევე ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ სათანადო უწყებები დაინტერესდებიან სტატიაში მოყვანილი ფაქტებით და სათანადო დონეზე შეისწავლიან აღნიშნულ საკითხს.

უდავოა, რომ ის ინფორმაცია, რომელიც „მეტრონომმა“ ქართულ-ბრიტანული აკადემიის ირგვლივ წლების განმავლობაში მომხდარ ფაქტებზე დაკავშირებით გამოაქვეყნა, საკმაოდ ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. კითხვები პირდაპირ უკავშირდება სკოლას, სადაც საუბარია ბავშვებზე. ის შიდარეგულაცია, რომელსაც იურისტი „მეტრონომთან“ ანტიკონსტიტუციურს უწოდებს, ჩვენი მომავლის ზურგზე გადადის. ამ ყველაფრის ფონზე კი უცნაურია განათლების სამინისტროს პოზიციაც, რომელიც ამბობს, რომ საკითხი კერძო სკოლასა და მშობლის დონეზე უნდა გადაწყდეს.

„მეტრონომი“ მზად არის, სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ დროს, დაუთმოს ჩვენი გაზეთის გვერდი თავისი პოზიციის დასაფიქსირებლად „ბრიტანული-ქართული“ აკადემიის ადმინისტრაციას.

მართა დადეშქელიანი

 

იტვირთბა....