ტელეკომპანია “მაესტროს” ერთ-ერთი მფლობელი მამუკა ღლონტი, “გურიანიუსთან” ინტერვიუში, ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობაზე საუბრობს. მისი თქმით, ვერც მიშამ, ვერც ბიძინამ, ვერც გრეჩიხებმა, ვერც ვერავინ ვერ ნახა “მაესტროს“ დამფუძნებლების ბიოგრაფიაში ერთი ცუდი წერტილიც კი, რომელსაც მათ წინააღმდეგ გამოიყენებდა.
ღლონტის განცხადებით, ეს რომ ენახათ, ამ წერტილს წინადადებად ან მოთხრობად აქცევდნენ. მისი თქმით, კომპანიის არცერთ დამფუძნებელს, არასდროს არავისი დავალება არ შეუსრულებია და არც არავის მხარე არ ყოფილა.
ღლონტის აზრით, უბრალოდ, მიშასთან ბრძოლა და მაშინდელი ოპოზიციის ბრძოლა ერთი და იგივე იყო. ამიტომ გამოდიდოდა ისე, რომ ისინი თითქოს, რომელიმე პოლიტიკურ მხარეს წარმოადგენდნენ. დამფუძნებლის განცხადებით, მას ბიძინას დროს ხელფასიც არ აუღია, რადგანაც მას არ ეთქვა, რომ მისი ფულით ცხოვრობდა. ღლონტი ინტერვიუშივე განმარტავს, თუ რატომ დაკარგეს “მაესტრო“.
“მაესტრო ჩვენ იმიტომ კი არ დავკარგეთ, რომ ბიძინამ “აგვახია“, არამედ იმიტომ, რომ “ნაცებმა“ თავის დროზე იძულებული გაგვხადეს ბიძინასა და მისნაირ ტიპებისგან მიგვეღო დახმარება, რომ ჩვენი პროფესიული მოვალეობა შეგვესრულებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტელევიზიები დაიკეტებოდა – სხვა გამოსავალი არ იყო მაშინ.
ერთი წამით არ ვნანობ იმას, რაც გავაკეთე. ჩემი თანადამფუძნებლები დამეთანხმებიან, რომ 2011 წელს, როდესაც გადავწყვიტეთ, რომ ივანიშვილისგან აგვეღო დახმარება, მაშინვე ვთქვი – გადაწერეთ “მაესტროს“ ჯვარი, იგი აღარ იარსებებს, როგორც კი ერთი თეთრი ჩაგვერიცხება ბიძინასგან ბიუჯეტში. მაგრამ ჩვენ გავაკეთეთ ეს მძიმე არჩევანი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ის უკუღმართული რეჟიმი, რომელიც იყო მიშას რეჟიმი, ის წამება და არაადამიანობა, რაც ხდებოდა მისი რეჟიმის დროს, დაგვესრულებინა.
“მასეტროს” დაკარგვის შემდეგ ივანიშვილთან ურთიერთობა აღარ მქონია და არც სურვილი მაქვს, რადგან ის ძალიან ცუდად მოიქცა. დაახლოებით ისე – ადამიანი რომ მოვა და გეტყვის, ორი ავტომატი მაქვს, ორივედან ვერ ვისვრი, მტერი გვიახლოვდება და ერთიდან შენ ესროლე, ერთად ვეომოთო. არადა, ჩვენ კი არ დავიწყეთ მასთან ერთად ბრძოლა, მან დაიწყო ჩვენთან ერთად ბრძოლა.
ის ხომ რაღაც დროის განმავლობაში მიშას “დუბინკებსაც“ აფინანსება. და აი, ამ ყველაფრის შემდეგ, ამ ბრძოლის შემდეგ, როცა ყველამ მოიგო, ავტომატი გამოგვართვეს, მოგვიშვირეს და მოგვკლეს. აი, ამ დონის მეწვრილმანეა ბიძინა ივანიშვილი. მას იმდენი ვაჟკაცობა არ ეყო, ჩემთვის დაერეკა, როცა “მაესტროს“ საქმეები იყო, იმდენი ვაჟკაცობა არ ეყო, როდესაც უცნობმა შეისყიდა, დაერეკა და სიმართლე ეთქვა”, – ამბობს ღლონტი.