სტრასბურგის სასამართლოს „უპრეცენდენტო გადაწყვეტილებად“ შეფასებული განჩინების ამოწურვამდე – 8 მარტამდე შეჩერდეს „რუსთავი 2“-ის ქიბარ ხალვაშისთვის გადაცემის პროცესი, ორი დღეც აღარ რჩება და საქმის მიმართ ინტერესი სულ უფრო და უფრო მატულობს.
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, „რუსთავი 2“-მა სტრასბურგის სასამართლოსგან მოითხოვა:
საქართველოს სახელმწიფოს აეკრძალოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2 მარტს მიღებული გადაწყვეტილების (არხი გადაეცეს ქიბარ ხალვაშს, რედ.) აღსრულება, მანამ, სანამ სტრასბურგის სასამართლო საქმეს არ განიხილავს არსებითად;
აეკრძალოს საქართველოს ხელისუფლებას დახუროს, ან გააადვილოს „რუსთავი 2“-ის დახურვა;
საქართველოს ხელისუფლებას აეკრძალოს არ შეცვალოს მენეჯმენტი ან ბორდი ამ კომპანიაში;
“რუსთავი 2“- მა ამ სამი მოთხოვნის დასასაბუთებლად წარადგინა სხვადასხვა განცხადებები, მათ შორის, სხვადასხვა დროს გაკეთებული სტრასბურგის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, EPP-ს წევრების, ამერიკის საელჩოს განცხადება, ჩვენს შიგნით მედიაში გაკეთებული სხვადსხვა განცხადებები და თქვა, რომ თუ სტრასბურგის სასამართლო სარჩელის უზრუნველყოფის მის მიერ მოთხოვნილ ღონისძიებას არ გამოიყენებდა საქართველოში დასრულდებოდა დემოკრატია და თბილისის ქუჩებში ატყდებოდა ძალადობა და ქაოსი, ბევრ სხვა ნეგატიურ მოვლენასთან ერთად,” – აღნიშნა წულუკიანმა.
მინისტრის ამ განცხადებამ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში კითხვები გააჩინა, რომელსაც „მეტრონომთან“ იურისტი ლია მუხაშავრია პასუხობს.
„მეტრონომი“: „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით, სავარაუდოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სტრასბურგის სასამართლო 8 მარტს და რაზეა ეს დამოკიდებული?
ლია მუხაშავრია: 8 მარტის შემდეგ სტრასბურგის გადაწყვეტილება დამოკიდებულია იმაზე, თუ მხარეები სასამართლოს რას წარუდგენენ. სასამართლო სრულიად სერიოზულად ეკიდება მხარეთა მიერ გაგზავნილ არგუმენტაციას და იმის მიხედვით, თუ რას გააგზავნის მომჩივანი მხარე თუ საქართველოს მთავრობა. ამის მიხედვით იქნება გადაწყვეტილება მიღებული – გაგრძელდეს ეს დროებითი განსაკუთრებული ღონისძიება თუ – არა.
– „რუსთავი 2“-ის განცხადებაში აღნიშნული იყო მოსალოდნელი სავარაუდო ქაოსი და არეულობა, თუ შესაბამისს ზომებს არ მიიღებდა ევროსასამართლო. როგორ შეიძლება შეფასდეს განცხადების ეს ნაწილი?
– ევროსასამართლო ძალიან სერიოზულად ეკიდება მედიამასალებს, მიუხედავად იმისა, ის მხარემ წარადგინა თუ არა. ისინი თავად ეცნობიან, თუ მედია რას წერს ამა თუ იმ მოვლენაზე. ამიტომ, მათთვის ცხადი იყო, რომ როცა პირველი აქცია მოეწყო პარლამენტთან “რუსთავი 2”-ის დასაცავად, რა რაოდენობის ხალხიც შეიკრიბა, უფრო მეტი შეიძლება შეკრებილიყო. ამიტომ, ვფიქრობ გამართლებული იყო ეს გადაწყვეტილება.
– რა დრო დასჭირდება ამ საქმეს სტრასბურგში, ეს ხანგრძლივი პროცესი იქნება?
– რა თქმა უნდა, ეს ძალიან ხანგრძლივი პროცესია. გასათვალისწინებელია, ჩვეულებრივ რეჟიმში მოხდება ამ საქმის განხილვა, თუ განიხილება როგორც პრიორიტეტული საქმე. 8 მარტს გახდება ცნობილი, შეჩერდება ღონისძიება და გაგრძელდება როგორც პრიორიტეტული საქმის განხილვა თუ შეჩერებაც გაგრძელდება და ამავდროულად, საქმეს კონკრეტული სტატუსი მიენიჭება.
მანა ნოდია
იტვირთბა....