ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“რუსთავი 2″-ის გაჩერებით ქართულ დემოკრატიას და საერთაშორისო იმიჯს სერიოზულ დარტყმას მივაყენებთ”

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ფიქრობს, რომ ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გაჩერებით ქართულ დემოკრატიასა და საერთაშორისო იმიჯს  სერიოზულ დარტყმას მივაყენებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა ”იმედის დროში” განაცხადა.

პრეზიდენტის აზრით, ”რუსთავი2”-ს ღიად აქვს დეკლარირებული, რომ არის პროდასავლური ორიენტაციის სატელევიზიო არხი, რასაც გარკვეული საერთაშორისო კონტექსტი გააჩნია და აქედან გამომდინარე, საქმის მიმართ სენსიტიურობაც იზრდება. აქვე პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ის სამართლებრივი დავის განხილვაში არ შედის.

” 2012 წელს, როცა ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, ჩვენი მთავარი პოლიტიკური გზავნილი იყო, რომ ჩვენ სახელმწიფოს ტერორს ვამთავრებთ, ჩვენ მედიაზე კონტროლს ვამთავრებთ, ვამთავრებთ მოსმენებს და ადამიანების შანტაჟს.

ეს იყო, რაც გვაერთიანებდა განცხადებების დონეზე და ემოციურადაც. ”ნაციონალური მოძრაობის” და მიხეილ სააკაშვილის მოღვაწეობის მთავარ პრობლემას იმაში ვხედავდით, რომ მათთვის ადამიანი იყო ის ერთეული, რომელიც თუ არ გეთანხმებოდა, უნდა გაგეჩუმებინა. ძირითადად, ეს გაჩუმება აგრესიული მეთოდებით ხორციელდებოდა – ეს ეხებოდა მედიას, ოპოზიციურ აზრს და ასე შემდეგ.

2012 წლის შემდეგ ჩვენ მნიშვნელოვნად შევცვალეთ ჩვენი მიდგომა, მაგრამ მინდა ყველას ვუთხრა, რომ თავისუფლება და დემოკრატია არასდროს არის საბოლოოდ მოპოვებული – მეც, თქვენც, ნებისმიერ მოქალაქეს ყოველთვის სჭირდება იყოს ფხიზლად იმისთვის, რომ დაიცვას თავისუფლების ღირებულება. ძალაუფლება, რომელიც არ კონტროლდება, ყოველთვის მიისწრაფვის ზედმეტი კონტროლისკენ”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

იტვირთბა....