ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თუ პრეზიდენტი გააგრძელებს არაკორექტული განცხადებების კეთებას, შეიძლება ვიფიქროთ, რომ მომავალ წელს არაპირდაპირ არჩევნებზე გადავიდეთ”

“თუ საქართველოს პრეზიდენტი გააგრძელებს არაკორექტული განცხადებების კეთებას, ამ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ იმაზე, რომ პირდაპირი არჩევნები არ ჩავატაროთ მომავალ წელს და გადავიდეთ არაპირდაპირ არჩევნებზე”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

„რაც შეეხება იმას, რომ თითქოს პრეზიდენტის დახმარებით ჩვენ იძულებულები გავხდით, საზოგადოებამ გვაიძულა, რომ გადავსულიყავით არაპირდაპირი არჩევნების წესზე მხოლოდ მას შემდეგ, რაც მომავალ წელს პირდაპირი არჩევნები ჩატარდებოდა, აქ ჩვენ სრულიად სხვა მოვლენებთან გვაქვს საქმე. ჩვენ კიდევ ერთხელ ანგარიში გავუწიეთ ძალიან ბევრ რამეს. სისტემური მიდგომიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ უმჯობესია, საქართველოს პრეზიდენტის არაპირდაპირ არჩევაზე გადავიდეთ და ეს ეფუძნება იმ სისტემის საერთო ხედვას, რომელიც წარმოვადგინეთ ჩვენი პოზიციიდან. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ ეს პოზიცია წარმოვადგინეთ, (ანუ ჯერ პირდაპირი და შემდეგ არაპირდაპირი არჩევნები), იყო ის, რომ მათ შორის, ჩვენ პრეზიდენტის პოზიციასაც გავუწიეთ ანგარიში. პრეზიდენტის პოზიცია იყო ის, რომ მისი შეხედულებით, ჯობდა ჩვენ მომავალ წელს არ გაგვეუქმებინა პირდაპირი არჩევნები. ჩვენ ანგარიში გავუწიეთ პრეზიდენტის ამ პოზიციასაც და ესეც საფუძველი იყო იმისა, რომ არჩევანი შევაჩერეთ ორსაფეხურიან რეფორმაზე. თუ საქართველოს პრეზიდენტი გააგრძელებს არაკორექტული განცხადებების კეთებას, ამ შემთხვევაში, შეიძლება ვიფიქროთ ჩვენი პოზიციის გადახედვაზე და შეიძლება ვიფიქროთ იმაზე, რომ პირდაპირი არჩევნები არ ჩავატაროთ მომავალ წელს და პირდაპირ გადავიდეთ არაპირდაპირ არჩევნებზე. სხვა განცხადების გაკეთება მე პრეზიდენტის ამ არაკორექტულ განცხადებასთან დაკავშირებით უბრალოდ არ შემეძლო“, – განაცხადა კობახიძემ.

იტვირთბა....