დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარების საკითხი, სავარაუდოდ, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის დიმიტრის თბილისში ჩამოსვლის შემდეგ გადაწყდება, ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოს მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა განუცხადა.
„მას ბრალი აქვს წაყენებული და როგორ შეიძლება ასე უცბად ზიარება. თუ არ გაირკვა. აზიარო – მართალია, არ აზიარო – მტყუანია. უხერხულია ამაზე საუბარი. ეს არის საიდუმლოება. მამა გიორგი მიტოვებული არ არის. როგორც საჭირო იქნება, ისე გავაკეთებთ ყველაფერს“, – განაცხადა დეკანოზმა.
მისივე თქმით, მამა გიორგის ბრალი აქვს წაყენებული და ამდენად, რთული სიტუაციაა.
„როგორც კი საშუალება იქნება, ეზიარება უახლოეს ხანში. ალბათ, მისი მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი ჩამობრძანდება და ის გადაწყვეტს“, – განაცხადა მამა გიორგი თევდორაშვილმა.