ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სტრასბურგის სასამართლომ “რუსთავი 2”-ის საქმის აღსრულება 8 მარტამდე შეაჩერა

სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა. მისი თქმით, რუსთავი 2-ის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი და ეს უპრეცენდენტო გადაწყვეტილებაა.
„პირველ რიგში, მინდა, მივულოცო მთელ საქართველოს. ძალიან სასიხარულო ცნობა მოვიდა ახლა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან. სრულიად უპრეცედენტო, რომელიც ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.

სტრასბურგის სასამართლომ, პირველად ისტორიაში, შეაჩერა საქმის აღსრულება უზენაესი სასამართლოს გადაწუყვეტილების შემდეგ.

მსგავსი ზომა სტრასბურგის სასამართლოს არ გამოუყენებია არასდროს, გარდა იმ საქმეებისა, რომელიც ეხება ადამიანების წამებას, ან საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს ან ეხება ადამიანების ექსტრადაციას.

ეს არის ისტორიული შემთხვევა და მინდა გითხრათ, რომ „რუსთავის 2“-ის საქმემ ერთი მხრივ და საქართველოს სამარცხვინო სასამართლომ და სამარცხვინო მთავრობამ, საფუძველი დაუდეს სტრასბურგის სასამართლოს ახალ პრაქტიკას, რასაც ვულოცავ ყველას“, – აღნიშნა გვარამიამ.

“რუსთავი 2” უზენაესმა სასამართლომ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. არხის მენეჯმენტმა და იურისტებმა სარჩელი სტრასბურგში გააგზავნეს, თუმცა, მათივე თქმით, საქმის უპრეცენდენტობის გამო, სარჩელის დაკმაყოფილების მინიმალური შანსი იყო. მაგრამ სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს აღსრულება 8 მარტამდე შეაჩერა, ვიდრე საქმის ვითარებაში გაერკვევა.

იტვირთბა....