“პირველი კითხვა იყო ჩემი, თუ ფიგურირებს სადმე იოსები, სოსო. მითხრეს, რომ აი, ამ მძიმე ბრალდების, აი, ამ მონაკვეთში თითქმის არ ფიგურირებს”- ამის შესახებ ბათუმის და ლაზეთის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრიმ, პრესკონფერენციაზე პატრიარქის დაცვის ყოფილ უფროსზე, სოსო ოხანაშვილზე განაცხადა.
როგორც მეუფე დიმიტრი განმარტავს, სოსო ოხანაშვილი უკვე ხელმძღვანელობდა საპატრიარქოში უსაფრთხოების სამსახურს, როდესაც მისი შვილის მეუღლე გახდა.
მეუფე დიმიტრის თქმით, სოსო ოხანაშვილს არაერთხელ ჰქონდა შეთავაზება სხვადასხვა სამსახურიდან, თუმცა მას პატრიარქი არ ეთმობოდა.
„მის სასთუმალთან ათენებდა და აღამებდა, გამორჩეული იყო ერთგულებით. მისი ხისტი ხასიათიდან გამომდინარე, არაერთხელ გვქონია მასთან ცხარე კამათი, პატრიარქის უსაფრთხოება არ არის იოლი საქმე. 1-1.5 წლის უკანაც გვქონია საუბარი, ხომ არ ჯობდა, დაეტოვებინა სამსახური, რადგან მის ყველა მოქმედებას ჩემთან აიგივებდნენ…
რაც შეეხება პატრიარქის პოზიციას – პატრიარქმა 1 წლის წინ, როდესაც მე მას ვუთხარი, ხომ არ ჯობდა, მას თანამდებობა დაეტოვებინა, უარი უთხრა. მოგვიანებით, როდესაც ატყდა ეს ყველაფერი, გერმანიაში შევთავაზეთ, რადგან საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურთან იყო დაკავშირებული ეს ორომტრიალი, ხომ არ ჯობდა, გადამდგარიყო. პატრიარქმა მაშინაც უთხრა, თავი შეეკავებინა, მაგრამ, როდესაც სიტუაცია გართულდა, პატრიარქმა მიიღო გადაწყვეტილება მისი თხოვნის საფუძველზე“, – განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.
როგორც ის აღნიშნავს, საქმეში არსებული ჩანაწერები პირადად არ უნახავს.
„მე მარტო ვიცი, ვინც ნახა, მათგან გადმოცემით. პირველი კითხვა იყო ჩემი, თუ ფიგურირებს სადმე იოსები, სოსო. მითხრეს, რომ აი, ამ მძიმე ბრალდების, აი, ამ მონაკვეთში თითქმის არ ფიგურირებს.
როცა გერმანიაში შევიტყვეთ ეს ამბავი, მე მას ვკითხე, შენ თუ ამ საქმეში უდანაშაულო ხარ, მერწმუნე, რომ მე მთელი ჩემი დამოკიდებულებით და არსებით, ყველანაირად შენ გვერდით ვიქნები და მზად ვარ, შენი გულისთვის ყველაფერი მოვიმოქმედო. მან მითხრა: ის აბსოლუტურად უმწიკლო და უდანაშაულო იყო ამ საქმეში“, – განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.