სულ მალე ათეულობით მიკროსაფინანსო და ონლაინ-სესხების ორგანიზაცია დაიხურება. 2017 წელის იანვრიდან შემოღებული რეგულაციის გამო მათ უკვე შეზღუდეს თავიანთი საქმიანობა. როგორც გაზეთი „რეზონანსი” წერს, ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ ბევრმა საფინანსო კომპანიამ უკვე დახურა გარე მომსახურების ცენტრები, ჯერ კიდევ მოქმედი ობიექტები ახლო მომავალში შეწყვეტს ფუნქციონირებას.
“კრედიტინფოში” ნოემბერში 41 “ონლაინ” საკრედიტო ორგანიზაცია აღირიცხებოდა, ხოლო მიკროსაფინანსოების რაოდენობა 71-ს აღწევდა. იანვრიდან, ახალი რეგულაციის გამო, მათი არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. უახლოეს მომავალში ის საკრედიტო კომპანიები, რომლებიც ბაზარზე არსებულ ვითარებას ვერ გაუმკლავდებიან, დაიხურება.
“საზოგადოება და ბანკების” ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ ახალ რეგულაციას ონლაინ და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების დიდი ნაწილი ვერ გაუძლებს. მათთვის დაწესებული მაქსიმალური განაკვები (100%) არ არის საკმარისი გაწეული ხარჯის დასაფარად. სწორედ ამის გამოც შეექმნათ პრობლემა “ონლაინ” გამსესხებლებს. ისინი გამოსავალს თანამშრომლების შემცირებასა და სხვადასხვა ღია ობიექტის ლიკვიდაციაში ხედავენ.
“მიკროსაფინანსოების ინტენსიური გაუქმება უკავშირდება იმ ცვლილებებს, რომელიც მოჰყვა ეფექტური წლიური საპროცენტო მაქსიმალური განაკვეთების დადგენას. მოგეხსენებათ, იგი 100%-ზე მეტი არ უნდა იყოს. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის უდიდეს ნაწილს თავისი მარჟა იმდენად მაღლა ჰქონდა აწეული, რომ ახლა ვეღარ ახერხებს, რეალობას მოერგოს.
საპროცენტო განაკვეთი შემცირდა, მათი ხარჯი კი მაღალი დარჩა. შემოსავალმა ერთბაშად იკლო და ამან განაპირობა სერიოზული ცვლილებები. მაგალითად, ინტენსიურად იხურება გარე მომსახურების ცენტრები. არცერთი კომპანია, რომელიც წარმატებით მუშაობს, არ ამცირებს თანამშრომელთა რაოდენობას.
როგორც ჩანს, გარკვეული პრობლემა წარმოიშვა და ბიზნესი გამოსავალს პოულობს იმაში, რომ შეამციროს ხარჯი და მასშტაბები. ჩვენ ვამბობდით, რომ ცვლილეები ამ ბიზნესს საკმაოდ დააზარალებდა, რადგან ძალიან მაღალ მარჟაზე მუშაობდნენ. ისინი კრედიტს გასცემდნენ ისეთ პირებზე, რომლებიც არ იყვნენ გადახდისუნარიანები, თუმცა მოგება იმდენად მაღალი ჰქონდათ, უღირდა კომპანიას მსგავსი სესხის გაცემა. ვფიქრობ, დიდი და ძლიერი ორგანიზაციები გადაურჩებიან ამ რეფორმას, ბევრი მცირე ორგანიზაცია კი დაიხურება”, – განაცხადა კეპულაძემ.
“ჩემთვის მოულოდნელი იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც რამდენიმე დღის წინ მაცნობეს. მე და ჩემი კოლეგები ერთნაირი პასუხით დაგვითხოვეს სამსახურიდან, რომ კომპანია ხურავს გარე მომსახურების ობიექტებს. ამის მიზეზი კი ფინანსური მდგომარეობის გაუარესებაა.
სანამ “სვის კაპიტალში” ამიყვანდნენ, გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, მანამ სხვა ონლაინ სესხის ორგანიზაციაში ვმუშაობდი. იქიდანაც ანალოგიურად წამოვედი, რადგან საქმიანობა შეწყვიტეს. ეს ერთი წლის შუალედში მოხდა. ამჯერად ახალ სამსახურს ვეძებ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დავიწყებ მუშაობას მიკროსაფინანსოში ან “ონლაინ” ორგანიზაციაში. არ ვარ დაცული იმისგან, რომ 3 თვეში არ დაიხურება და უსამსახუროდ არ დავრჩები”, – განაცხადა ანა ნებიერიძემ.
ნათია ლომიძე
“რეზონანსი”