ახალი ამბები მთავარი სამართალი

სამალავი ნარკოტიკის შენიღბულად გადაზიდვის მიზნით: სასამართლომ ნიდერლანდების მოქალაქე დამნაშავედ სცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის მცდელობის ფაქტზე, ნიდერლანდების სამეფოს მოქალაქე არტურ მარტინ ბლაუ დამნაშავედ სცნო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებით დადასტურდა, რომ არტურ მარტინ ბლაუს მის სახელზე რეგისტრირებული ჰქონდა გადამზიდავი კომპანია შპს „AB Anneson Akeri“, რომელსაც 2016 წლის ივნისის თვეში ირანიდან ჰოლანდიაში ბრინჯი უნდა გადაეზიდა. ტვირთის გადაზიდვა უნდა მომხდარიყო არტურ მარტინ ბლაუს საკუთრებაში არსებული სატვირთო ავტომანქანით. გამოძიებით დადგინდა, რომ ავტომანქანის მისაბმელში, ნარკოტიკული საშუალების  შენიღბულად  გადაზიდვის მიზნით  სპეციალური სამალავი იყო მოწყობილი, რომლითაც არტურ მარტინ ბლაუს საქართველო-უკრაინის სატრანზიტო გზით ნიდერლანდების სამეფოში ნარკოტიკული საშუალება უნდა გადაეზიდა.

2016  წლის 13 ივნისს  სამართალდამცველებმა არტურ მარტინ ბლაუ ბათუმის პორტის საბაჟო გამშვებ პუნქტზე დააკავეს, ხოლო ავტომობილის მისაბმელის იატაკში მოწყობილი სამალავიდან    ამოღებულ იქნა 356 ნაწილად დაფასოებული 177კგ და 750,8 გრ. ფხვნილი, რომელიც კუსტარული წესით  დამზადებულ ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველ ნარევს წარმოადგენდა. აღნიშნულ ფხვნილში ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის წონა 96კგ და 598,67გრ. შეადგენდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ არტურ მარტინ ბლაუ   დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად  განუსაზღვრა  თავისუფლების აღკვეთა 18 წლის ვადით.

იტვირთბა....