„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საინფორმაციო გამოშვების – „მოამბის“ ჟურნალისტი ლაშა მესხი, სამსახურიდან გაათავისუფლეს. როგორც ის ამბობს, ერთი თვის წინ 13 თანამშრომელს ერთთვიანი კონტრაქტი გაუფორმეს, რომლის ვადაც გუშინ ამოიწურა, დღეს კი მხოლოდ ის გაუშვეს სამსახურიდან.
როგორც ლაშა მესხმა „მეტრონომს“ განუცხადა, მისი გათავისუფლება პირდაპირ უკავშირდება მის პროფკავშირულ მოძრაობას და აქტივობებს.
„მე საქართველოს მედიის პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ვარ. შესაბამისად, მენეჯმენტისთვის, რომელიც წლების განმავლობაში უსამართლობას, ჩაგვრას და დასაქმებულის უფლებების შელახვას ემსახურებოდა, მიუღებელია ჩემი აქტივობები. მენეჯმენტი კოჰაბიტირდა ახალ მენეჯმენტთან და მიაღწიეს საწადელს, რაც დიდი ხნის წინ დაგეგმილი იყო. ჩემი სამსახურიდან გაშვება იყო კარგად დაგეგმილი, თუმცა მათ ერთი რამ არ გათვალეს, რომ აქ არ არის საუბარი მხოლოდ მიშა მესხზე, აქ არის საუბარი პროფკავშირზე. ეს არ არის მარტო ერთი ადამიანის წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლა, ყველა ადამიანისთვის მესიჯია, რომ თუ ისინი ხმას აიმაღლებენ უსამართლობაზე და იმ ყველაფერზე რაც „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ ხდება, დაკარგავენ სამსახურს“- განუცხადა „მეტრონომს“ ლაშა მესხმა.
მისი თქმით, ამ ყველაფერს სამართლებრივად, კაონის ფარგლებში გააპროტესტებს. როგორც მესხი ამბობს, დღეს, 2 საათზე „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ დამატებითი დეტალების შესახებ ისაუბრებს.
ამ თემასთან დაკავშირებით, განმარტებები გააკეთა საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი გვიმრაძემ. მისი თქმით, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ამ ეტაპზე ლაშა მესხთან თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობას ვერ ხედავს. რაც შეეხება სხვა თანამშრომლებს, გვიმრაძეს არ დაუკონკრეტებია, იგეგმება თუ არა მათი გათავისუფლებაც.
ნინო ცხადაია