დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა დღეს შეწყდა. ადვოკატების განცხადებით, მიზეზი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა. პროკურატურა კი ბრალდებულისა და მისი ადვოკატებისგან კრიტიკულ კითხვებზე თავის არიდების მორიგ მცდელობას ხედავს.
როგორც ჟურნალისტებს ბრალდებული დეკანოზის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განუცხადა, დეკანოზმა მოულოდნელად თავი შეუძლოდ იგრძნო:
“ექიმმა, ოთარ ტრაპაიძემ, ჩემდა გასაკვირად განაცხადა, რომ სჯობს დეკანოზმა დაისვენოსო. მამა გიორგი ჩემთან ერთად იყო, მზად ვიყავით დაკითხვის დასაწყებად, როცა შევამჩნიე რომ შეუძლოდ იყო და კანკალი დააწყებინა. ექიმმა მითხრა, რომ სჯობს დაისვენოსო (და არა შეისვენოსო), პროკურატურამ კი დასვენება შესვენებად გამოაცხადა. როგორ უნდა მომხდარიყო შესვენება, როცა დაკითხვა არც დაწყებულა? ანალოგიური სიტუაცია იყო მაშინ, როცა მამა გიორგი საავადმყოფოში მოხვდა- თავს შეუძლოდ გრძნობდა, პროკურატურამ კი ოქმი შეადგინა, რომ დაკითხვაზე უარს ამბობდა.
ახლა ექიმს რომ ვეკითხებოდი, 35 და 4 ანუ დაბალი სიცხე, გულის რევა და წნევა რისი ბრალი შეიძლება იყოს-მეტქი, სიცხეზე მითხრა, რომ ეს ინდივიდუალურიაო, წნევა და გულის რევა კი შეიძლება სტრესის ბრალიაო. პროკურატურა კი გამოდის და ამბობს, რომ თურმე მამა გიორგი უარს ამბობს დაკითხვაზე. მამა გიორგი დაკითხვაზე უარს როგორ იტყვის, რომელიც დილიდან შეუძლოდ არის და პროკურატურას მიაჩნია, რომ მისი დაკითხვა შეუძლებელი არ არის.
უცბად გახდა ცუდად, ჩაკეცილი იყო, კანკალებდა. ორმოციანი წლების ფაშისტურ სახელმწიფოში თუ ვცხოვრობთ და კონცლაგერებს ვაკეთებთ, არ ვიცი… მივმართავ სასულიერო პირებს, სანამ კიდევ რწმენა მაქვს, თქვენი სულიერი ძმის სიცოცხლეზე იფიქრეთ. არსად არ მიდის მამა გიორგი, თავის სიმართლეს ბოლომდე დაადასტურებს, მაგრამ ყველაფერი ყველასგან მოსალოდნელია. “-განაცხადა რამიშვილმა.
პროკურორი ჯარჯი წიკლაური კი აცხადებს, რომ ექიმები ადასტურებენ, რომ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია და შესაბამისად, მან, სპეციალურად აარიდა თავი დაკითხვას:
“დღეს გამოვცხადდით ბრალდებულის დაკითხვის მიზნით. გვქონდა კრიტიკული შეკითხვები და ველოდით პასუხებს. ასე ვიყავით შეთანხმებული ადვოკატებთან და თავად ბრალდებულთან. მოგეხსენებათ, ისინი საჯაროდ დეკლარირებენ, რომ მზად არიან თანამშრომლობისთვის და აქეთ გვდებდნენ ბრალს, თითქოს ჩვენ ვაჭიანურებთ ამ პროცესს. როგორც კი დავაპირეთ ბრალდებულისთვის კრიტიკული შეკითხვების დასმა, მან საერთოდ უარი განაცხადა გამომძიებლებთან შეხვედრაზე და კიდევ ერთხელ მიზეზად დაასახელა ჯანმრთელობის მდგომარეობა. შევადგინეთ შესაბამისი ოქმები, ექიმებმა გასინჯეს ბრალდებული ორჯერ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის აბსოლუტურად ნორმაში და თავისუფლად შეეძლო მონაწილეობის მიღება დაკითხვის პროცესში. ეს უკვე მერამდენე შემთხვევაა, როცა ბრალდებულმა ჩაშალა დაკითხვის პროცესი. გვაქვს ექიმების თანხმობა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ნორმაში, იგი თავისუფლად საუბრობს და გადაადგილდება, ორი საათი ესაუბრებოდა მის ადვოკატს, მაგრამ ჩვენთან საუბარი არ შეუძლია. ოქმში წერია რომ 35 და 4 აქვს სიცხე- მოგეხსენებათ ბრალდებული იდეალურ მდგომარეობაში შეიძლება ვერ იყოს, მაგრამ როდესაც საათების განმავლობაში ხვდება ადვოკატს და ესაუბრება, რატომ არ შეუძლია ჩვენთან შეხვედრა და საუბარი? ვფიქრობ, რომ მან უბრალოდ თავი აარიდა ჩვენ შეკითხვებზე პასუხების გაცემას. მან საერთოდ უარი განაცხადა გამომძიებლებთან შეხვედრაზე. გუშინ ჩვენ შევუთხამდით რომ ამომწურავი, კრიტიკული შეკითხვები უნდა დაგვესვა- ეს იცოდა ბრალდებულმაც, ადვოკატებმაც, იცოდნენ რა საკითხებზე უნდა გვესაუბრა და საერთოდ უარი განაცხადეს გამომძიებლებთან შეხვედრაზე. “-განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.
ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზის დაკითხვა ხვალისთვის გადაიდო.
შეგახსენებთ, რომ დეკანოზის ადვოკატების თქმით, პროკურატურა დეკანოზ მამალაძის დაკითხვას სპეციალურად აჭიანურებდა, მაშინ, როცა ბრალდებული ჩვენების მისაცემად მზად იყო. დეკანოზი მამალაძის დაკითხვა პირველად გუშინ მოხდა, რომელიც დღესაც უნდა გაგრძელებულიყო.