პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე აღნიშნა, რომ კომისიის წევრთა თხოვნისა და მოთხოვნის საფუძველზე შედგა პირველადი მსჯელობა მმართველ გუნდში, რათა მმართველ გუნდს საკუთარი მოსაზრებები წარედგინა თითოეულ თავთან თუ მუხლთან მიმართებაში.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფში მოსაზრება გამოითქვა, რომ პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენის უფლებამოსილება კონტრასიგნაციას (გულისხმობს სახელმწიფოს მეთაურის სამართლებრივი აქტების პრემიერ-მინისტრის (იშვიათად – შესაბამისი სფეროს მინისტრის) მხრიდან თანახელმოწერას, რის შედეგად ეს აქტი იძენს იურიდიულ ძალას, რედ) დაექვემდებაროს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის:
„როცა პრეზიდენტი აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური იყო, გასაგები იყო, რომ ის იმ სისტემაში თავსებადი იყო, მაგრამ მას შემდეგ რაც პრეზიდენტი მთავრობის მეთაური აღარ არის და მთავრობის მეთაურია პრემიერი, უფლებების გადანაწილება უნდა დავინახოთ სწორედ ხელისუფლების სამ შტოს შორის განაწილების სისტემაში. აქედან გამომდინარე, შეიძლება მოხდეს გარკვეული კორექტირების შეტანა“, – აღნიშნა ბესელიამ.
პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცის მიზნით კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას აპროტესტებს არასამთავრობო სექტორი. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” საპარლამენტო მდივანი აცხადებს, რომ ცვლილება დამტკიცების შემთხვევაში, საფრთხეს სასამართლოს დამოუკიდებლობას შეუქმნის.
„თუკი პრეზიდენტი ვერ წარადგენს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის იმ კანდიდატურას, რომელსაც არ ექნება პრემიერმინისტრის მოწონება, არ შეიძლება ვისაუბროთ, რომ ეს არის სასამართლოს გაძლიერებისა და დამოუკიდებლობისკენ გადადგმული ნაბიჯი. ჩვენს ქვეყანას ნამდვილად სჭირდება სასამართლოს დამოუკიდებლობა და ნამდვილად მიზანშეწონილია, რომ პრეზიდენტი, რომელიც არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი, წარადგენდეს კანდიდატურებს,“ – განაცხადა ლიკა საჯაიამ.