ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილთან დაპირისპირებას უარყოფს. მისი თქმით, თეთრუაშვილთან ჩვეულებრივი ადამიანური კამათი ჰქონდა, რომელიც რაიმე სერიოზულ უთანხმოებაში არც გადაზრდილა. მეუფის განცხადებით, პატრიარქის მდივან-რეფერანტი მისი შვილიშვილის ნათლიაა და შესაბამისად მათ შორის ნათესავური კავშირია.
„ეს მხოლოდ ჭორებია. ადამიანები ხანდახან გარკვეულ საკითხებზე კამათობენ, მე და შორენასაც გვქონდა მსგავსი კამათი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დაპირისპირებულები ვართ ან ერთმანეთს მტრებად მოვიაზრებთ. მეტიც, შორენასთან ნათესაური კავშირიც მაქვს – ის ჩემი შვილიშვილის ნათლიაა. აქ მთავარი კითხვაა, რატომ ვერ ჩამოყალიბდა პროკურატურა საკუთარ პოზიციაში და რატომ გვესმის, რომ ხან მაღალი იერარქიის სასულიერო პირის, ხანაც შორენა თეთრუაშვილის ლიკვიდაცია იგეგმებოდა? ერთმა დეპუტატმა ისიც კი თქვა, იქნებ დეკანოზს გერმანიაში ციანიდი გასაყიდად მიჰქონდაო.
ფაქტია, ეს ორაზროვანი განცხადებები მთელ ამ პროცესს არასერიოზულს ხდის. შორენა თეთრუაშვილი 35 წელია პატრიარქის პირადი მდივან-რეფერენტია. კარგად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას თუ ავად, ეს მხოლოდ პატრიარქის გადასაწყვეტია. ასე რომ, არც მეუფე პეტრეს, არც მე და არც ვინმე სხვას აქვს უფლება, პატრიარქს უთხრას, შორენა თეთრუაშვილი მრჩევად თუ მდივნად ნუ გეყოლებაო“, – განაცხადა მეუფე დიმიტრიმ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
მეუფე დიმიტრი მიიჩნევს, რომ ჭყონდიდის მიტროპოლიტის მსგავსი გამოსვლები „ეკლესიის კეთილდღეობას არ ემსახურება“ და აცხადებს, რომ ამ საკითხზე მას და მეუფე პეტრეს განსხვავებული შეხედულებები აქვთ.