ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„პატრიარქი პრესასთან ურთიერთობისთვის საკონტაქტო პირს რამდენიმე საათში დანიშნავს“

„პატრიარქი პრესასთან ურთიერთობისთვის საკონტაქტო პირს რამდენიმე საათში დანიშნავს, თუმცა ის საპატრიარქოს მდივანი არ იქნება”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი ანდრიაძემ საპატრიარქოდან გამოსვლისას განუცხადა.

მან საპატრიარქო შესვლიდან რამდენიმე წუთში დატოვა.

„პატრიარქი ახლა ხვდება სომხეთის პრემიერ-მინისტრს. სხვა სამუშაო რეჟიმი იყო და მალე გადაწყდება თუ ვინ იქნება ის პირი, ვინც უპასუხებს თქვენს კითხვებს, მაგრამ ის არ იქნება მდივანი, ანუ არ შეასრულებს იმ მოვალეობას, რასაც მიქაელ ბოტკოველი ასრულებდა. მის მეგობრებს და პატრიარქის თანამებრძოლებს იმედი გვაქვს, რომ მამა მიქაელს ისევ მდივნად ვიხილავთ”, – განაცხადა გიორგი ანდრიაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ, მამა მიქაელ ბოტკოველი პატრიარქის დაცვის უფროსმა სოსო ოხანაშვილმა სიცრუეში დაადანაშაულა, რადგანაც მამა მიქაელმა განაცხადა, რომ გერმანიიდან პატრიარქის დაბრუნების შემდეგ, სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში არ გამოჩენილა.  აღნიშნული განცხადება თავად ოხანაშვილმა უარყო და განაცხადა, რომ საქმესთან დაკავშირებით, უახლოეს დღეებში სპეციალურ ბრიფინგს გამართავს.

თავად მამა მიქაელ ბოტკოველმა კი აღნიშნული განცხადებების შემდეგ, თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა. თუმცა პატრიარქის თანხმობის გარეშე ის თანამდებობას ვერ დატოვებს. შესაბამისად, ჯერ თანამდებობებზე რჩება.

იტვირთბა....