ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან ფარულ მოსმენა-მიყურადების საკითხზე ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი შეაფასა:
”მოგვისმენენ უფრო მეტს, უფრო ხარისხიანად, უფრო ძვირად და თანაც ჩვენივე ფულით. პარლამენტში წარმოდგენილი კანონპროექტით სპეცდანიშნულების სახელმწიფო ძალოვანი ორგანო ერევა ფარული კონტროლის განმახორციელებელი კერძო ოპერატორი კომპანიების ფინანსურ და სხვა სახის საქმიანობაში, ქმნის მათზე ადმინისტრაციული ზეწოლის ისეთ მექანიზმებს, რომლებმაც შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს მათ საქმიანობას. ახალი სააგენტო პირდაპირ ექცევა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაში და მისი ოპერატიული მართვის ქვეშ. სუს-ი მთლიანად ახორციელებს სააგენტოს ხელმძღვანელი პირების დანიშვნისა და გათავისუფლების კონტროლს, ამტკიცებს სააგენტოს ბიუჯეტს და მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებს, მონაწილეობს მმართველობით პროცედურებში. ამ კანონის წარმოდგენილი სახით მიღება ზიანს მიაყენებს სამართლებრივი სახელმწიფოს ფორმირების პროცესს, ლახავს ადამიანის უფლებებს, ზრდის სახელმწიფოს ჩარევის ზომას კერძო ბიზნესში და მოქალაქეთა პირად ცხოვრებაში.
ოცნების ხელისუფლებამ ვერა და ვერ ისწავლა ჭკუა მათივე წარსული უარყოფითი გმოცდილებიდან. ამის ბოლო მაგალითია ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყვანა, რომელსაც ახლა ისევ უკან აბრუნებან”, – განაცხადა გოცირიძემ.
პარლამენტი დღევანდელ სხდომაზე ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე მსჯელობას კვლავ პირველი მოსმენის რეჟიმში განაგრძობს, რადგან საპარლამენტო უმრავლესობამ საკითხის განხილვის დასრულდება გუშინ ვერ შეძლო.