NASA-ს მიერ 20 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ მეცნიერებსა და ასტრონომებს მზის სისტემის მიღმა ახალი აღმოჩენები ჰქონდათ, ხოლო 22 თებერვალს გაირკვა, რომ ასტრონომებმა დედამიწის მსგავს პლანეტებს მიაგნეს, რომლებიც მერწყულის თანავარსკვლავედში ვარსკვლავ TRAPPIST-1-ის ირგვლივ ბრუნავენ. ისინი მზის სისტემიდან 39 სინათლის წლით არიან დაშორებული.
2016 წელს, ასტრონომებმა ტელესკოპის საშუალებით ამ ვარსკვლავის ირგვლივ მბრუნავი ჯერ სამი პლანეტა იპოვეს. რის შემდეგაც მათ TRAPPIST-1-ი კოსმოსური ტელესკოპით შეისწავლეს და დამატებით, კიდევ ოთხი პლანეტა აღმოაჩინეს. ყველა მათგანზე შეიძლება იყოს წყალი. მეცნიერები აცხადებენ, რომ ეს ნამდვილი სიურპრიზია, რადგან ასტრონომები ადრეც პოულობდნენ ხოლმე სისტემებს შვიდი პლანეტით, მაგრამ ისინი არასდროს არ ჰგავდნენ დედამიწას ისე, როგორც ახლა აღმოჩენილი პლანეტები.
ახალ პლანეტებზე ბევრი რამ ცნობილი არ არის, გარდა იმისა რომ მათი ატმოსფერო შეიძლება ჰგავდეს დედამიწის ან ვენერის ატმოსფეროს, ან შეიძლება სულაც სხვაგვარი იყოს; ზომით დედამიწას ჰგვანან; ყველა მათგანი გაცილებით ახლოსაა ვარსკვლავთან ვიდრე მზის სისტემასთან; პლანეტები ერთმანეთთან იმდენად ახლოს მდებარეობენ, რომ ყველა ჩანს მეზობელი პლანეტიდან, ისე, როგორც დედამიწიდან მთვარე.