ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

„პროკურორებს ხელფასს უხდიან საქმის გამოძიებაში, პოლიტიკოსებს – პოლიტიკური განცხადებების კეთებაში“

„თვისობრივად აღრეული იყო ის, ვინ რა კომპეტენციაში უნდა ილაპარაკოს ამ ქვეყანაში“- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „რუსთავი 2“- ის გადაცემაში „არჩევანი“ ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით  განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დღეების განმავლობაში პოლიტიკოსები პროკურორის როლს თამაშობდნენ, პროკურორები – პოლიტიკოსების როლს.

„თვისობრივად აღრეული იყო ის, ვინ რა კომპეტენციაში უნდა ილაპარაკოს ამ ქვეყანაში. დაიწყო იმით, რომ სანამ პროკურორის განცხადება იყო, მთელმა რიგმა პოლიტიკოსებმა გააკეთეს განცხადებები და ბუნებრვია ასეთ ვითარებაში არსებობს ძალიან მარტივი წესები, წესები, რომელიც გამოგონილია იმისთვის, რომ სისტემამ ნორმალურად იფუნქციონიროს. როდესაც შენ ხარ პოლიტიკოსი, შენ არ ხარ პროკურორი, შეიძლება ძალიან გინდა გახდე პროკურორი, მაგრამ შენ არ ხარ პროკურორი და უნდა აკეთებდე აპოლიტიკურ განცხადებებს, ხოლო როდესაც შენ ხარ პროკურორი, მაგრამ გინდა იყო პოლიტიკოსი, უნდა აკეთებდე ისეთ განცხადებებს, როგორიც არის პროკურორის ფუნქციებში. შემდეგ ამ საკითხის განხილვა გადავიდა უკვე აბსოლუტურად შეუზღუდავ ფორმაში. დღესაც ვხედავთ, რომ არაერთი ადამიანი, რომელსაც არანაირი კომპეტენცია არ გააჩნია, ამ საქმეებზე განცხადებებს აკეთებს და ეს განცხადებები, ბუნებრივია, ძაბავს საზოგადოებას და ბუნებრივია, ყოველ ასეთ განცხადებას მეტი კითხვის ნიშანი მოჰყვება. ამ საქმეს ჰყავს სულ 2 მოქმედი პერსონაჟი, ჰყავს ბრალდების და დაცვის მხარე. ყველა ჩვენი მოსაზრება, ემოცია, ეს არის ცალკე თემა, მაგრამ ამ საკითხის ირგვლივ კვალიფიციური საუბრის შესაძლებლობა მათ გააჩნიათ. ამდენი დღის განმავლობაში, როდესაც უმაღლესი ტრიბუნებიდან გაკეთდა განცხადებები, ჩვენ დავინახეთ, ერთ ადამიანს, რომლის ბრალეულობაზე ან უდანაშაულობაზე საუბარს არ ვაპირებ და არც პოზიცია არ გამაჩნია, მაგრამ ის არის საქართველოს მოქალაქე, მას გააჩნია უფლებები და ამ უფლებების ფარგლებში ნამდვილად შეილახა უდანაშაულობის პრეზუმპცია და ამ ფონზე შეილახა ჩვენი ინფორმირებულობის საკითხი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, როდესაც ხდება პოლიტიკოსების პროკურორობა და პროკურორების პოლიტიკოსება, შეცდომები გარდაუვალია.

„არც ერთი ვერსიის განვითარება არ მინდა, თუ რატომ მოხდა შეცდომები და რის გამო. ეს დღეს არ არის საინტერესო. ჩემთვის საინტერესოა ყველა დავუბრუნდეთ საკუთარ როლს, რაშიც გვიხდიან ხელფასს. პროკურორებს ხელფასს უხდიან საქმის გამოძიებაში, პოლიტიკოსებს ხელფასს უხდიან იმაში, რომ პოლიტიკური განცხადებები აკეთონ“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ პრეზიდენტი საპატრიარქოში იმყოფებოდა, სადაც პატრიარქსა და მეუფეებს შეხვდა. შეხვედრიდან გამოსვლისას მანდ განაცხადა, რომ პატრიარქი ჩართულია ყველა რთული საკითხის განხილვაში და ეს არის დიალოგი, სადაც პატრიარქი იღებს ყველა ინფორმაციას ყველა მხრიდან.

„იყო ძალიან ღია და საინტერესო დისკურსია  იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ეკლესიასთან მიმართებაში ვითარდება. მინდა გითხრათ  შემდეგი – პატრიარქი ხელმძღვანელობს ამ ძალიან მნიშვნელოვან თავყრილობას, პატრიარქი და მეუფეები ძალიან  ღიად საუბრობენ არსებული სირთულეების შესახებ, ეს არის თათბირი, სადაც ყველას აქვს განსხვავებული აზრის და დისკურსიის შესაძლებლობა. ძალიან საინტერესო თათბირია, რადგან ასეთი ღიაობა, დემოკრატიულობა, ერთმანეთის აზრის მიღება თავისთავად კარგი დასანახია. პოლიტიკოსებიც კარგი იქნებოდა, ასე ღიად რომ ვსაუბრობდეთ“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

იტვირთბა....