დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი, აცხადებს, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე, მალე კიდევ ახალი შოკისმომგვრელი დეტალები გახმაურდება. თუმცა, ადვოკატი ამ დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.
მისი თქმით, ე.წ. ციანიდის საქმეზე მამა გიორგი მამალაძემ გამოძიებას ჩვენება შესაძლოა დღეს მისცეს. რამიშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი კითხვებზე პასუხის გასაცემად მზად არის.
დაცვის მხარის თქმით, მას პატრიარქთან შეხვედრა სურს, თუმცა მათთვის ჯერჯერობით უცნობია როდის მოხერხდება ეს.
„არ იქნება ძალიან პატარა ჩვენება, მოგეხსენებათ საქმე ძალიან სერიოზულია და სერიოზულ კითხვებზე პასუხის გასაცემად მზად არის მამა გიორგი,“-განაცხადა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.
შეგახსენებთ, მამა გიორგი მამალაძე მკურნალობას ჩაფიძის გულის კლინიკაში აგრძელებს.
ცნობისთვის, მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავეს. გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მიმართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი.
მისმა ახალმა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალი წაყენებული აქვს პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მიმართ.