რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის რუს და ქართველ სამართალდამცავ ორგანოებს შორის „სრულფასოვანი თანამშრომლობის” აუცილებლობისკენ მიუთითა. მან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელშიც საქართველოს პრემიერი და საგარეო უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, განაცხადა, რომ ტერორისტების მიერ სამხრეთ კავკასიის რეგიონის მარშრუტის გამოყენების საფრთხე არსებობს და ასეთ პირობებში სავიზო რეჟიმის გაუქმება როგორც დიპლომატიური ურთიერთობების, ისე უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება. ამავდროულად, ლავროვმა საქართველო 2008 წლის აგვისტოს ომის წამოწყებაში დაადანაშაულა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის კომენტარზე საპასუხოდ განაცხადა, რომ ლავროვის სიტყვები თითქოს სამხრეთ კავკასიის რეგიონი ხდება „ბოევიკების“, ტერორისტების, ექსტრემისტების მარშრუტი, საქართველოსთან მიმართებაში არანაირად არ არის მართებული.
„გავეცანით ბატონი ლავროვის კომენტარს საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთის სავიზო რეჟიმის თაობაზე. კერძოდ, მან სავიზო რეჟიმის გაუქმება დააკავშირა რუს და ქართველ სამართალდამცავებს შორის თანამშრომლობასთან და ასევე, გარკვეულწილად, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასთან. უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრებები მოვისმინეთ. კერძოდ, 2015 წლის ბოლოს პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ იდგა საკითხი სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე. ცოტა მოგვიანებით რუსეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ იგეგმებოდა არა სავიზო რეჟიმის გაუქმება, არამედ მისი გამარტივება, რაც მართლაც მოხდა და 2016 წლიდან სავიზო რეჟიმი გამარტივდა. რამდენიმე კვირის წინ ჩვენ ასევე მოვისმინეთ რუსეთის მხრიდან, რომ მიმდინარეობს მუშაობა სავიზო რეჟიმის შემდგომი გამარტივების მიზნით. ამჯერად ბატონმა ლავროვმა ამ თვალსაზრისით ახალი ელემენტები გააჟღერა. ჩვენი პოზიცია ასეთია – ქართულმა მხარემ გამომდინარე ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან ჯერ კიდევ 2011 წლიდან გააუქმა სავიზო მოთხოვნები რუსეთის მოქალაქეებისთვის. ასეთი გადაწყვეტილება იყო მიღებული რიგი სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის და ამან გამოიწვია საქართველოში ტურისტების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა. შარშან ჩვენ გვქონდა რეკორდული რაოდენობა ტურისტებისა – დაახლოებით 1 მილიონი ტურისტი ჩამოვიდა რუსეთიდან. ეს ციფრი და ის, რომ უცხოელი ტურისტები საქართველოში ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს, არის დასტური იმისა, რომ ჩვენში უსაფრთხოების ხარისხი მაღალია. ამაზე მეტყველებს მრავალი კვლევა და საერთაშორისო ორგანიზაციებიც ადასტურებენ. ამიტომ, ბატონი ლავროვის სიტყვები იმის თაობაზე, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი ხდება „ბოევიკების“, ტერორისტების, ექსტრემისტების მარშრუტად, საქართველოსთან მიმართებაში არანაირად არ არის მართებული, ამას ჩვენ ვერანაირად ვერ მივიღებთ. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, თვით რუსეთიდან სირიასა და ერაყში გასულია რუსეთის დაახლოებით 2 000 მოქალაქე. ამგვარად, რუსეთის მხარის გადასაწყვეტია, თუ რანაირ სავიზო რეჟიმს აირჩევს საქართველოს მოქალაქეებისთვის. ჩვენ მათ ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ მოვახვევთ თავს. თუ გადაიდგმება ნაბიჯი იმ მიმართულებით, რომ კიდევ უფრო გამარტივდეს სავიზო რეჟიმი ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენ ამას მივესალმებით, თუ გააუქმებენ, ამასაც მივესალმებით, მაგრამ ეს მათი პრეროგატივაა“, – განაცხადა აბაშიძემ.
რაც შეეხება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას, ზურაბ აბაშიძის თქმით, ეს საკითხი პირდაპირ კავშირშია ტერიტორიული მთლიანობასთან:
„სანამ არ მოხდება ძალიან სერიოზული წინსვლა, გარღვევა კონფლიქტების დარეგულირების თვალსაზრისით, ეს საკითხი დღის წესრიგში ვერ დადგება“, – დასძინა აბაშიძემ.
ოპოზიცია, კერძოდ, “ნაციონალური მოძრაობა” შეშფოთებულია სერგეი ლავროვის განცხადებებზე 2088 წლის ომთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დუმილის გამო:
“ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიცით, რომ რუსეთი ცალსახად ადანაშაულებს საქართველოს 2008 წლის ომში და ეს ახალი არ არის, მაგრამ შემაშფოთებელია, რომ ეს განცხადება უპასუხოდ რჩება დღეს. ჩვენ ვშიშობთ და გვაქვს სერიოზული ვარაუდი ვიფიქროთ, რომ რუსეთის საგარეო უწყების მსგავსი განცხადება, რეალურად ცდილობს, ქართული მხარე ჩაითრიოს თანამშრომლების იმ ფორმატებში, რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის უშიშროებას და თავდაცვას, რომელიც საზიანო იქნება ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის და რეალურად დაეხმარება რუსეთს, საკუთარი ინტერესების გატარებაში ჩვენს ქვეყანაში,“ – აცხადებს სალომე სამადაშვილი.