„გამომძიებელმა გამაფრთხილა, რომ თუ ხელს არ მოვაწერდი გაუთქმელობის ხელშეკრულებას, ჩემს წინააღმდეგ აღიძვრებოდა სისხლის სამართლის საქმე“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ახალმა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა.
„გამომძიებელმა კატეგორიულად მომთხოვა ხელწერილის დადება გაუთქმელობის თაობაზე, რაზეც მე მას უარი ვუთხარი. აღნიშნულმა პირმა გამაფრთხილა, რომ თუ ხელს არ მოვაწერდი ხელწერილს, რაზეც ჩემს კოლეგებს აქვთ ხელი მოწერილი, ანუ გაუთქმელობის პირობაზე, მაშინ ჩემს წინააღმდეგ აღიძვრებოდა სისხლის სამართლის საქმე. მე ხელმეორედ ვუთხარი უარი და დავუფიქსირე, რომ სანამ საგამოძიებო ორგანოებიდან მე სრულ მასალას არ მივიღებ, არ ვაპირებ არანაირი ხელწერილის დადებას გაუთქმელობის თაობაზე. მაგათ თუ მიაჩნიათ ის ფაქტი, რომ მე უფლება არ მაქვს ბრალდებულთან ურთიერთობის, შესაბამისად, მისგან გარკვეული ინფორმაციის მიღების შემდეგ ის საჯარო გავხადო, ეს მაგათი პრობლემაა. ასე რომ, ნუ ეცდებიან ჩემს დაშინებას ან შეშინებას ხელწერილებით ან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემით“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
შეგახსენებთ, მამა გიორგი მამალაძე კვლავ ჩაფიძის კლინიკაში იმყოფება, სადაც სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულებიდან გადაიყვანეს.
ცნობისთვის, მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავეს. გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მიმართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი.
მისმა ახალმა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალი წაყენებული აქვს პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მიმართ.